დღეს მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები სავარჯიშო ბაზაზე დაბრუნდნენ, სადაც ახალ მთავარ მწვრთნელს, ხულიენ ლოპოტეგის, შეხვდნენ. ვარჯიშის შემდეგ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა პრესასთან ისაუბრა.
“ეს ის ადგილია, სადაც აღვიზარდე და აქ დაბრუნება, როგორც მწვრთნელი, ნამდვილად სასიამოვნოა. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დავბრუნდი მაგრამ ვიცი, რომ ეს კლუბი ამავდროულად ყველაზე მომთხოვნიცაა.
ჩვენი მიზანი ვარჯიშის ხარჯზე ძალებისა და ფორმის აღდგენაა. უეფას სუპერ თასის მატჩს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. “ატლეტიკოსთან” თამაში 15 აგვისტოს არის დაგეგმილი.
ბრწყინვალე გუნდი გვყავს და მჯერა, რომ მათ ნებისმიერი წინააღმდეგობის წარმატებულად გადალახვა შეუძლია,” – აცხადებს ბასკი სპეციალისტი.