თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.