მამუკა გორგოძე კარიერას “ტულონში” დაასრულებს?

დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას “ტულონში” დაასრულებს.

ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგული პრესა ხშირად წერდა იმის შესახებ, რომ მამუკას გადაბირება “რასინგს” სურდა. თუმცა, La Provence-ს ცნობით, 31 წლის მოთამაშემ “ტულონთან” კონტრაქტი სამი წლით გაახანგძლივა და კლუბში 2020 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე “ტულონში” 2014 წელს “მონპელიედან” გადავიდა.

მამუკა გორგოძე “ტულონი” – “გრენობლის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

12 მარტს, საფრანგეთის TOP 14-ში, “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “გრენობლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 38:8 დაამარცხა.

“ტულონის” რიგებში სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო მამუკა გორგოძე, ხოლო ლევან ჩილაჩავა და იური ნატრიაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. რაც შეეხება კოტე მიქაუტაძეს, ის სოჭში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარ ლაპორტმა სხვა მორაგბეების ტრავმების გამო, მამუკა გორგოძე მეორე ხაზში გადაიყვანა. თავად “გორგოძილამ” კი დაკისრებულ ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვა და ისიც მოახერხა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, “ტულონი” ჩემპიონატის ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

Wales Online: მამუკა გორგოძე პლანეტის 50 საუკეთესო მორაგბეს შორის

უელსულმა პორტალმა WalesOnline.co.uk-მა ამ დროისათვის პლანეტის 50 საუკეთესო მორაგბე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე მოხვდა.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, მამუკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. უელსურმა გამოცემამ ის 34-ე პოზიციაზე დააყენა.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ის ასე გამოიყურება:

10. ისრაელ ფოლაუ (ავსტრალია)
9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია)
8. მიშელ ჰუპერი (ავსტრალია)
7. ალუნ ვინ ჯონსი (უელსი)
6. შალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა)
5. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა)
4. ჟულიან სავეა (ახალი ზელანდია)
3. სერხიო პარიზე (იტალია)
2. დევიდ პოკოკი (ავსტრალია)
1. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)

მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებს“ გამოაკლდა

საქართველოს სარაგბო ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ საფრანგეთის ტოპ-14-ის განვლილ ტურში, „ბორდოსთან“ გამართულ მატჩში (28–23) ფეხის ტრავმა მიიღო და „ბორჯღალოსნებს“ ბელგიასთან გასამართ ერთა თასის შეხვედრაში ვერ დაეხმარება. გორგოძე ვერც მეორე ტურში, პორტუგალიასთან სტუმრად გასამართ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მის ნაცვლად ნაკრებში გამოძახებულია თბილისის „ლოკომოტივის“ მესამეხაზელი გია ბერიშვილი.

ხვალ, 29 იანვარს „ბორჯღალოსნები“ 2014 წლის პირველ ღია ვარჯიშს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშების შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და ის 15:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 ლარს შეადგენს.