“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.