იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართა, სადაც მილანის “ინტერმა” რომის “ლაციო” მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “მილანმა” “სპეციასთან” შეხვედრა დათმო (0:2), რითაც “ნერაძურის” გალიდერების შანსი გაუჩნდა. ამისთვის ანტონიო კონტეს გუნდს “ლაციო” უნდა დაემარცხებინა. თავის მხრივ, რომაელები, გამარჯვების შემთხვევაში, მეექვსედან მესამე პოზიციამდე აღზევდებოდნენ.
თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ანგარიში კი 22-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის გათამაშებული კომბინაცია რომაელთა საჯარიმო მოედანზე არგენტინელი ფეხბურთელის წაქცევით შეფერხდა და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ლუკაკუმ უშეცდომოდ შეასრულა – 1:0. ტაიმის ბოლოს “ლაციოს” საჯარიმოს მისადგომებთან მარსელო ბროზოვიჩის ვარდნის შედეგად ბელგიელი ფორვარდი პეპე რეინასთან ერთი ერთზე დარჩა და დუბლი შეასრულა – 2:0.
მატჩის 61-ე წუთზე “ლაციოს” თამაშის შემოტრიალების იმედი მიეცა. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი გონსალო ესკალანტეს მოხვდა და სამირ ჰანდანოვიჩის კარში შევარდა – 2:1. “ნერაძურიმ” სიმონე ინძაგის გუნდს ცივი შხაპი სამ წუთში გადაასხა: ბროზოვიჩმა საკუთარი საჯარიმოს მისადგომეთან მეტოქეს ბურთი აართვა და ლუკაკუს გრძელი გადაცემა გაუკეთა, ბელგიელმა ფეხბურთელმა სოლო რეიდი მოაწყო, მეტოქეს გაასწრო, მოტიტვლებულ საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი მარტოდმარტო დარჩენილ ლაუტაროს მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი ცარიელ კარში შეაგორა – 3:1.
“ლაციოსთან” მოპოვებული გამარჯვებით “ინტერმა” აქტივში 50 ქულას მოუყარა თავი და გათამაშების სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, ერთი პუნქტით ნაკლები აქვს “მილანს”, ხოლო მესამე პოზიციაზე 43 ქულით “რომა” გახლავთ. “ლაციო” 40 პუნქტით “ნაპოლისთან” და “ატალანტასთან” 5-7 ადგილებს იყოფს.
იტალიის სერია A
XXII ტური
“ინტერი” — “ლაციო” 3:1 (2:0)
გოლები: ლუკაკუ 22′ (პენ), 45′, მარტინესი 64′ — ესკალანტე 61′.