უეფამ კონფერენციის თასი წარადგინა (ვიდეო)

მომდევნო სეზონიდან სტარტს აიღებს უეფას ახალი ტურნირი კონფერენციის ლიგა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი ტურნირის თასი წარადგინა.

ტროფეი 11 კილოგრამს იწონის, 57.5 სიგრძისაა და 32 ექვსკუთხა ფირფიტისგან შედგება, რაც ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს აღნიშნავს. ფირფიტები თასის ფუძიდან ზემოთ არის მიმართული, ზომაში იზრდება და ბრუნს აკეთებს.

კონფერენციის ლიგა ინკლუზიურობით უნიკალური პროექტია, ვინაიდან ტურნირში წარმოდგენილი იქნება 184 გუნდი უეფას 55 ეროვნული ასოციაციიდან, მათ შორის 46 კლუბი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან (საკვალიფიკაციო ეტაპზე) და ევროპის ლიგიდან (საკვალიფიკაციო, ჯგუფური და მერვედფინალურ ეტაპზე) გადმოვლენ.

ტურნირი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის იდენტური ფორმატით გაიმართება. კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 32 კლუბი ითამაშებს.

ფორმატი მოიცავს ჯგუფურ ეტაპს (რვა ჯგუფში გადანაწილებული ოთხ-ოთხი კლუბი), მერვედფინალს, მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალს. ტურნირის ფინალური სტადიის დაწყებამდე შედგება სამი საკვალიფიკაციო და შემდეგ საპლეიოფო ეტაპი. ჯგუფური ეტაპის საგზური პირდაპირ არცერთ გუნდს არ გადაეცემა. 17 საგზური გათამაშდება კონფერენციის ლიგის ძირითადი საკვალიფიკაციო გზით, ხუთი – საკვალიფიკაციო ეტაპის ჩემპიონთა ბადით, ხოლო დანარჩენ ათ ადგილს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში დამარცხებული გუნდები შეავსებენ.

ახალი ტურნირის ჯგუფების გამარჯვებულები მერვედფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავლენ, ხოლო მეორეადგილოსნები დამატებით საპლეიოფო რაუნდში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

კონფერენციის ლიგა მოიცავს 141 მატჩს და 15 სათამაშო დღეს.

ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს ევროპის ლიგის მომდევნო სეზონის ჯგუფური ეტაპის საგზურს (თუ ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგით ჩემპიონთა ლიგის საგზური არ მოიპოვა).

მატჩები გაიმართება ხუთშაბათ დღეს.

საქართველოდან კონფერენციის ლიგაზე სამი კლუბი იქნება წარმოდგენილი: ქვეყნის თასის გამარჯვებული, ეროვნული ლიგის მეორე და მესამეადგილოსანი. სამივე გუნდი ტურნირს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

კონფერენციის ლიგის პირველი გათამაშების ფინალურ მატჩს 2022 წლის 25 მაისს, ალბანეთის დედაქალაქი ტირანა ახალ ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებს. არენა 21 690 მაყურებელზეა გათვლილი.

დამტკიცებულია ტურნირის სამწლიანი გრაფიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ გათამაშება 2021-დან მინიმუმ 2024 წლამდე ჩატარდება.