ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ეს ატლანტაში, 1996 წელს გამართულ ოლიმპიადაზე მოხდა, თუმცა მაშინ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რონალდოს მაისურზე გვარად რონალდინიო იყო მითითებული.
მაშინ რონალდოს ნაკრებში არათუ საფირმო სათამაშო ნომერი, საკუთარი გვარიც კი არ ჰქონდა დაბევებული, ყველაფერი კი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე დაიწყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მუნდიალზე “სელესაოს” განაცხადში ორი რონალდო მოხვდა: “სან პაულუს” 28 წლის მცველი და “კრუზეიროს” 17 წლის თავდამსხმელი, შემდგომ საქვეყნოდ ცნობილი რონალდო. მაშინ გადაწყდა, რომ ასაკით უფროს რონალდოს მაისურზე გვარად “რონალდაოს” დააწერდნენ, რაც “დიდ რონალდოს” ნიშნავს, ხოლო უმცროსი რონალდო მოხსენიებული იქნებოდა, როგორც “რონალდინიო” ანუ “პატარა რონალდო”. ეს პრაქტიკა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც გაგრძელდა. ამჯერად უფროსი რონალდო იმხანად “ატლეტიკო მინეიროს” 22 წლის მცველი რონალდო გუიარო გახლდათ, კიჭას მაისურზე კი კვლავ “რონალდინიო” იყო მითითებული.
ოლიმპიადაზე ფენომენომ ხუთი ბურთი გაიტანა, რითაც მხოლოდ ბებეტოსა და ერნან კრესპოს ჩამორჩა (6-6 გოლი). ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც განის გუნდი უპრობლემოდ დაამარცხა (4:2), თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე ნიგერიის ნაკრების ბარიერი ვერ დაძლია (3:4) და ფინალამდე ვერ გააღწია. “სელესაომ” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჯავრი პორტუგალიის ნაკრებზე იყარა (5:0) და ბრაზილიელები ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
აქვე გთავაზობთ 1996 წლის ოლიმპიადაზე რონალდოს თამაშის ამსახველ ვიდეომასალას.