ყაზაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა

ჰოლანდიის ერედივიზიონის VIII ტურის გახსნით შეხვედრაში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “დენ ჰააგი” მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რაშიც არნემელთა ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმაც დაიდო საკუთარი წვლილი. როგორც მოგეხსენებათ, დევი პრიოპერს ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად უკვე მეორე მატჩია, “ვიტესის” თავკაცი პეტერ ბოში სასტარტო შემადგენლობაში ყაზაიშვილს აყენებს, მიცემულ შანსს კი ახალგაზრდა ქართველი შემტევი მშვენივრად იყენებს. წინა მატჩში ჩვენებურმა ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა.

რაც შეეხება “ვიტესსა” და “დენ ჰააგს” შორის გამართულ შეხვედრას, ანგარიში მე-5 წუთზე კელვინ ლერდამმა გახსნა, რომელსაც საგოლე პასი სწორედ ყაზაიშვილმა მიაწოდა. იმავე ლერდამმა მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა, ყაზაიშვილმა ამ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა, მან ხელსაყრელ პოზიციაზე აბიოლა დაუდა გაიყვანა, რომელმაც თავის მხრივ, ლერდამს საგოლე პასი გაუკეთა. 21-ე წუთზე მიხილ კრამერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა არნემელებმა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას კიდევ სამი გოლი გაიტანეს: 31-ე წუთზე ტიმოტი დერეიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 37-ე წუთზე მარკო ვეინოვიჩმა საჯარმო დარტყმით გაიტანა, იმავე ვეინოვიჩმა მე-40 წუთზე პენალტი გამოიყენა.

62-ე წუთზე დაუდას წაქცევისთვს დანიშნული თერთმეტმერიანი დარტყმა კვლავ ვეინოვიჩმა შეასრულა და ჰეთ-თრიკიც ჩაიწერა.

საბოლოო ჯამში, “ვტესმა” “დენჰააგი” ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ყაზაიშვლმა მატჩი სრულად ჩაამთავრა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მას, როგორც მოგეხსენებათ, ფეხის თითი აქვს მოტეხილი და განაცხადში არ ყოფილა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო მდგომარეობის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები


გურამ კაშია: „მოხარული ვარ, რომ „ვიტესს“ ჩემი გოლით დავეხმარე“

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში როტერდამის „ფეინოორდსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლები 39-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და „ვიტესს“ ქულა მოუტანა.

ჰოლანდიური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი არ გახლავართ. აქ ქულის მოპოვება ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი საუკეთესო თვისებები გამომავლინეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოვახერხეთ. დიდი მუშაობა გავწიეთ და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქულაა ურიგო შედეგი.

მშვენიერი გოლი გავიტანე. ვცდილობდი, რომ გამეტანა და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე.

ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.

21 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან „ვიტესს“ აქტივში 42 ქულა აქვს და და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბექა დოგრაშვილი