იანუზაის “მანჩესტერის” ლეგენდობა სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ადნან იანუზაი კლუბიდან წასვლაზე არ ფიქრობს. მეტიც, მას კლუბის ლეგენდობა სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ მოიესს ბელგიელი ფეხბურთელის “რეალ სოსიედადში” წაყვანა სურდა. 20 წლის ნახევარმცველით ლივერპულის “ევერტონიც” არის დაინტერესებული. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გასულ სეზონში იანუზაის დიდად არ ენდობოდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება არ სურს და საკუთარ თავს ამბიციურ მიზანსაც უსახავს.

ამის შესახებ ბელგიელი ნახევარმცველის აგენტმა დირკ დე ვრიზემ ისაუბრა.

“საუბარი იმაზე, რომ ადნანს კლუბის დატოვება სურს, სრული სისულელეა. იანუზაი “მანჩესტერ იუნაიტედში” თავს კარგად გრძნობს. კლუბი მის გაყიდვას არ აპირებს.

ის ნიჭიერი ბიჭია, უდიდესი პოტენციალი აქვს. ევროპული ფეხბურთის ბევრი გრანდი სთხოვს კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, რათა კლუბის ლეგენდა გახდეს”, – აგენტის სიტყვებს ESPN აქვეყნებს.

“ევერტონი” იანუზაის გაფორმებას შეეცდება

აქტიური ფინანსური საქმიანობა “ევერტონსა” და “მანჩესტერს” შორის მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზეც გაგრძელდება, როდესაც მერსისაიდული გუნდი “წითელი ეშმაკებიდან” ადნან იანუზაის გაფორმებას ეცდება.

“კანფეტების” თავკაცი, რობერტო მარტინესი აპირებს ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრის გაფორმებას, ტრანსფერი კი არენდით არ შემოიფარგლება.

შესაძლო ტრანსფერის შესახებ Manchester Evening News-იც იტყობინება.

ადნანი პირველია მათგან, ვის გაშვებასაც ლუი ვან გაალი ზაფხულში აპირებს. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელი მხოლოდ 16–ჯერ გამოჩნდა სტადიონზე, აქედან მხოლოდ რვაჯერ სასტარტოში.

პრაქტიკის დაკარგვა პირველ რიგში ფეხბურთელის პროგრესს ხელს შეუშლის, ხოლო მეორე ისაა ცუდი, რომ ის ევრო-2016-ზე ბელგიის ნაკრების მთავარ შემადგენლობაში მოხვედრაზე ვერც კი იოცნებებს.

მოიესი: “იანუზაი არ არის გადაფასებული ფეხბურთელი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “რეალ სოსიედადის” მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა აღნიშნა, რომ სჯერა, ინგლისური კლუბის ახალგაზრდა ნახევარმცველ ადნან იანუზაის მსოფლიო დონის ფეხბურთელად ქცევა შეუძლია.

“ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშე მართლაც გადაფასებულია, თუმცა არა – იანუზაი. მე ამას “მანჩესტერ იუნაიტედში” გამართულ პირველივე ვარჯიშზე მივხვდი. როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ თამაშობდა იანუზაი ბურთით, იოჰან კრუიფი გამახსენდა”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

 

იანუზაი თურქეთის ნაკრებში გამოიძახეს

თურქული ფეხბურთის ხელმძღვანელობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ადნან იანუზაის თურქეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობს.

„ეს ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა, შემდეგ შანსის ხელიდან გაშვებისთვის გაგვაკრიტიკებდნენ. თურქეთის ფეხბურთის ხელმძღვანელმა და თავად მეც იანუზაის უკვე შევთავაზეთ ჩვენი ნაკრების არჩევა“, – განაცხადა თურქთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა.

ადნან იანუზაი მანამდე ალბანეთის, კოსოვოსა და ბელგიის ნაკრებებში გამოიძახეს. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელს სერბეთის ან ინგლისის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც აქვს.

 

„პსჟ“ იანუზაის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას იხდის

„პარი სენ-ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ადნან იანუზაის ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება.

„დეილი სთარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული კლუბი მზად არის, 19 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღოს. მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს იანუზაის გაშვებას, რომელიც „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლიც გაიტანა. შეგახსენებთ იმასაც, რომ იანუზაი „მანჩესტერ იუნაიტედის“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კლუბის 18 წლის ნახევარმცველი ადნან იანუზაი დაასახელეს. გამოკითხვა „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივართა შორის ჩატარდა.

მეორე ადგილზე თავდამსხმელი დანიელ უელბეკი გავიდა, მესამე პოზიცია კი მცველ კრის სმოლინგს ხვდა წილად.

იანუზაიმ სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდოს სახით 500 ფუნტ სტერლინგი მიიღო, რომელიც მან საქველმოქმედო საქმიანობაში უნდა დახარჯოს.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად უეინ რუნი დაასახელეს.

ბექა დოგრაშვილი