„ნაპოლიმ“ „რომა“ გაანადგურა და თასის ფინალში გავიდა

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი ნეაპოლელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა რომაელებს ანგარიშით 3:2 ჰქონდათ მოგებული.

„სან პაოლოზე“ გამართულ მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ხოსე კალეხონმა გახსნა. 48-ე წუთზე გონსალო იგუაინმა „ნაპოლის“ უპირატესობა განამტკიცა. მატჩს საბოლოო წერტილი 51-ე წუთზე ჟორჟინიომ დაუსვა — 3:0. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს „რომას“ ნახევარმცველი კევინ სტროტმანი, რომელმაც ერთ ეპიზოდში ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. სხვათა შორის, მატჩს ესწრებოდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა.

„ნაპოლი“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება.

იტალიის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ნაპოლი“ — „რომა“ 3:0 (1:0)

გოლები: კალეხონი 33′, იგუაინი 48′, ჟორჟინიო 51′.
გაფრთხილებები: მაჯო 57′, კალეხონი 74′ — ბენატია 15′, ლიაიჩი 21′, სტროტმანი 79′, ლეანდრო კასტანი 83′.
გაძევება: სტროტმანი 79′.

„რომამ“ „ნაპოლი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „რომასა“ და „ნაპოლის“ შორის გამართული პირველი მატჩი დრამატულად წარიმართა და საბოლოო ჯამში, ის რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით განვითარდა და რომაელები უკვე მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, როცა ფრანჩესკო ტოტიმ ჟერვინიო მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმაც არ დაახანა და მასპინძლები დააწინაურა. „მგლებმა“ უპრატესობა 32-ე წუთზე განამტკიცეს, შორი მანძილიდან კევინ სტროტმანის დარტყმულს პეპე რეინამ ვერაფერი მოუხერხა.

მეორე ტაიმში ნეაპოლელები გონს მოეგნენ და შეხვედრის 47-ე წუთზე გონსალო იგუაინის გამჭოლი პასი რომაელთა მეკარე მორგან დე სანკტისმა ვერ შეაჩერა, მეტიც – ბურთი კარში წავიდა და სხვაობაც შემცირდა. მატჩის 70-ე წუთზე „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა ანგარიში სულაც გაათანაბრეს, გოლი დრის მერტენსის ანგარიშზეა. „ჯალოროსომ“ შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე მაინც მოახერხა მესამე გოლის გატანა და მატჩის გამარჯვებით დასრულება, თავი ამჯერადაც ჟერვინიომ გამოიჩინა.

განმეორებითი შეხვედრა ნეაპოლში, 12 თებერვალს გაიმართება.

 

იტალიის თასი
ნახევარფინალი
„რომა“  — „ნაპოლი“ 3:2 (2:0)

გოლები: ჟერვინიო 13′, 88′, სტროტმანი 32′  — დე სანკტისი 47′ (ა.გ.), მერტენსი 70′.
გაფრთხილებები: ნაინგოლანი 39′ — ინლერი 85′.