ოლივიე ჟირუ სკანდალში გაეხვა

„სანი“ რომ სკანდალური ტაბლოიდია, ეს საქართველოშიც კარგად იციან. გაზეთის ირლანდიურმა გამოცემამ დღევანდელი ნომრის თავფურცელი ჩვეულ სტილში, სკანდალური ჰედლაინებით შეავსო, ერთ-ერთი ნაწილი კი ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ეხება.

გაზეთის მტკიცებით, „ლივერპულთან“ გამართული მატჩის (1:5) წინა ღამეს ჟირუს საკუთარი თავისთვის ცელქობის უფლება მიუცია. თურმე, 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი ღამის 3 საათზე, სასტუმროს ნომერში მოდელ სელია კეისთან ერთად ერთობოდა. სხვათა შორის, ჟირუ დაქორწინებული გახლავთ.

თუ ეს ამბავი სიმართლეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟირუს ოჯახშიც და კლუბშიც სერიოზული პრობლემები შეექმნება. მოგეხსენებათ, არსენ ვენგერს გუნდში მკაცრი დისციპლინა აქვს დამყარებული. თუ „სანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, „არსენალსა“ და ფრანგ ფეხბურთელს ტაბლოიდის წინააღმდეგ ჩივილიც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულთან“ ჟირუმ მეტად უსუსურად ითამაშა, რისთვისაც ფრანგმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჩრდილოლონდონური კლუბის ქომაგებს ბოდიში მოუხადა.

აქვე გთავაზობთ ირლანდიური „სანის“ კვირის ნომრის თავფურცელს.

ბექა დოგრაშვილი