მაიკლ ესიენსა და კარლტონ კოულს პატიმრობა ემუქრებათ

მაიკლ ესიენი და კარლტონ კოული ინდონეზიურ “პერსიბ ბანდუნგში” არალეგალურად თამაშობენ, რის გამოც შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ბრიტანული “სანის” ცნობით, კლუბმა ფეხბურთელებისთვის ინდონეზიაში მუშაობისთვის აუცილებელი დოკუმენტების გაფორმება კანონით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მოასწრო.

“პერსიბ ბანდუნგი” აღიარებს, რომ დოკუმენტების გაფორმება მართლაც დაგვიანდა, თუმცა დასძენს, რომ ფეხბურთელებმა ინდონეზიის ლიგაში თამაშის უფლება მიიღეს.

ინდონეზიის კანონდმებლობის თანახმად, მაიკლ ესიენი და კარლტონ კოული შესაძლოა, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისაჯონ და ჯარიმის სახით 30 ათასი ფუნტ სტერლინგი დაეკისროთ.

“პერსიბ ბანდუნგი” შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

ესიენი MLS-ს უახლოვდება

“მილანის” ნახევარმცველმა მაიკლ ესიენმა კარიერა შესაძლოა, MLS-ში გააგრძელოს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, 32 წლის განელი ფეხბურთელით “დალასი” დაინტერესდა. წყაროს ცნობით, “როსონერის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი ზამთრის სატრანსაფერო პერიოდში ესიენის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რადგან მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს, თანაც ფეხბურთელს ზაფხულში კონტრაქტი ისედაც ეწურება.

მაიკლ ესიენმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

 

მუნდიალის დაკარგული თასი, კლუბის საფირმო ჰაერი, სოკერის წარმოშობა და განელთა ტრადიცია — „ფეხბურთოლოგია“

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში ახალი რუბრიკა დავამკვიდრეთ – სახელწოდებით „ფეხბურთოლოგია“. წინა ნომერში აღნიშნულ რუბრიკას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს კიდევ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან.

განელთა ტრადიცია
ვინც 2013 წელს გამართულ კონფედერაციის თასის გათამაშების ტელეტრანსლაციებს თვალყურს აქტიურად ადევნებდით, გემახსოვრებათ კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველ სანდეი მბაზე რომ თქვა, სახელიდან გამომდინარე, ეს ბიჭი, უეჭველად, კვირა დღეს დაიბადაო. ნიგერიისა რა მოგახსენოთ და განაში ეს ტრადიცია მართლაც არსებობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ დაბადების დღე ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოახდენს გავლენას. განაში თითქმის ყველა ბავშვს პირველ ან მეორე სახელად სწორედ იმას უბოძებენ, რომელ დღესაც დაიბადება იგი. ასე მაგალითად, გაეროს ყოფილ გენერალურ მდივან კოფი ანანის სახელი „პარასკევს“ ნიშნავს. „მილანის“ ცნობილი ფეხბურთელის, მაიკლ ესიენის მეორე სახელი კოჯო გახლავთ, რაც „ორშაბათს“ აღნიშნავს.

მუნდიალის დაკარგული თასი
1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე ტურნირის თასი საჯარო გამოფენიდან მოიპარეს. საქმეში პოლიცია და სკოტლანდ-იარდიც ჩაერთო, მაგრამ, მათი გაფაციცებული ძებნის მიუხედავად, ტიტულს ბერ პოულობდნენ. მთავრობამ თასის მპოვნელს ჯილდოდ 60 ათასი ფუნტ სტერლინგიც დაუწესა. ტიტული მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ იქნა ნაპოვნი და ისიც ძაღლის დახმარებით. სასეირნოდ გასულმა ფინია ძაღლმა სახელად პიკლზმა უცაბედად ბუჩქებისკენ ისკუპა, პატრონიც მიჰყვა და ჰოი, საოცრაბავ, ჟიულ რიმეს სახელწოდების თასი! ის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო. ტურნირის ბოლოს გამართულ ბანკეტზე ძაღლიც მიიწვიეს და ფეხბურთელთა თეფშებიდან ჭამის უფლებაც მისცეს.

კლუბის საფირმო ჰაერი
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ ბრწყინავდა. კლუბმა წარმატებული ასპარეზობით მრავალი ქომაგის გულიც მოიგო. ამით „ფიორენტინას“ მესვეურებმა ხეირის ნახვა ისურვეს და კლუბის საფირმო მაღაზიებში ქილით ჰაერის გაყიდვა დაიწყეს. კოლექციაში სხვადასხვა სახელწოდების ჰაერს იპოვიდით: „ტრიბუნის სული“, „გამარჯვების ესენცია“ და „გასახდელის ატმოსფერო“.

სოკერის წარმოშობა
აშშ-ში ფეხბურთს „სოკერს“ უწოდებენ, ტერმინი Football-ი კი მათში სპორტის იმ სახეობას ჰქვია, რომელსაც ჩვენ ამერიკულ ფეხბურთს ვუწოდებთ. ამის მიუხედავად, სიტყვა „სოკერი“ სულაც არ გახლავთ ამერიკული წარმოშობისა. ეს ტერმინი 1880-იან წლებში, ინგლისში ოქსფორდული სლენგიდან გავრცელდა. მანამდე ინგლისში ფეხბურთს ოფიციალურად ერქვა „association football“, რათა რაგბისგან გაერჩიათ (რაგბის სახელწოდება იყო „rugby football“). სიტყვა association-ის შემოკლებითა და სუფიქს er-ის დამატებით მივიღეთ ტერმინი „soccer“-ი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com