კახი კალაძე: „ქართულ ფეხბურთში არის სრული კატასტროფა“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელე/რადიო “პალიტრას” ეთერში ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. კალაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების პრობლემებსაც შეეხო.

„ქართულ ფეხბურთში არის სრული კატასტროფა. რეალობა ისაა, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ინფრასტრუქტურა, არ არსებობს ბავშვთა საფეხბურთო სკოლები, საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი სტადიონების ნაწილი დაინგრა, ნაწილი ჩვენ თვითონ დავანგრიეთ. საქართველოს ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი, ფეხბურთელების კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი. ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს საქართველოს დატოვების და მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში თამაშის სურვილი უჩნდებათ, რადგან იქ უფრო მაღალი ანაზღაურებაა. ყველა ტოვებს საქართველოს და მერე  ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან.

გარკვეული შეფერხებები მათ მაშინ აქვთ, როცა სიძნელეები უჩნდებათ. ბარიერების გადალახვის დროს ხშირად თავს ხრიან. პირიქით, ამ დროს მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინო, რადგან როდესაც სიძნელეებს გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები, მოტივაცია გემატება. მე მგონია, რომ ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა კალაძემ.