ფეხბურთში მომუშავე ექიმებისთვის საგანმანათლებლო კურსი ჩატარდება

უეფას ეგიდით ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამის განახლებული კურსის პირველი ეტაპი ბარსელონაში შედგა. საგანმანათლებლო პროგრამაში საფეხბურთო ნაკრებების ექიმები მონაწილეობდნენ, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი იყო. კურსის მთავარი თემა პირველადი და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, მოედანზე მიღებული ტრავმის სწორად შეფასება და მასზე რეაგირება, ასევე: გულ-ფილტვის რეანიმაცია, თავის ტვინის შერყევისა და კისრის მალების დაზიანების შეფასება და რეაგირება იყო. კურსის მთავარი მიზანი არამარტო ეროვნული ნაკრებების ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება,არამედ ეროვნული ასოციაციებისა და მისი სუბიექტების ექიმებისათვის ამ ცოდნის გადაცემის უზრულნველყოფაა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული კურსის საქართველოში ჩატარების ლიცენზია მოიპოვა და უახლოეს მომავალში ქართულ ფეხბურთში მომუშავე ექიმებისთვის სპეციალური სემინარი შედგება. ბარსელონამ მიმდინარე თვეში ფიფას სემინარის მასპინძელიც იყო. კურსი სახელწოდებით “საფეხბურთო მედიცინის მომავალი” 3 დღეს გაგრძელდა და მასში საფეხბურთოს სფეროს გამოცდილი ექიმები მონაწილეობდნენ. საქართველოს სემინარზე ეროვნული ნაკრების ფიზ. მომზადების მწვრთნელი რომან შვანტნერი,სფფ-ის სამედიცინო სამსახურის კოორდინატორი ზაზა თელია და ეროვნული ნაკრების ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი წარმოადგენდნენ.

Gff.Ge

სფფ-ის წარმომადგენლები წყალტუბოს ესტუმრნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები წყალტუბოს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი 26 მაისის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტადიონი დაათვალიერეს და ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმაზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნისთვის ტრიბუნისა და სხვა საჭირო ინფრასტუქტურის აშენებას აპირებს.  დავით მუჯირმა და ნიკოლოზ ჯღარკავამ მასპინძლებს დეტალურად გააცნეს საორიენტაციო მიმართულებები და სტადიონისთვის აუცილებელი მოთხოვნები.

წყარო: Gff.Ge

ლევან კობიაშვილი ქართული კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)

20 დეკემბერს, ქობულეთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრისას განვლილი სეზონი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო სტრატეგიაზე და ფეხბურთის განვითარებაში კლუბების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კლუბების წარმომადგენლებს, ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან იზრდება დაინტერესება. გავაანალიზეთ განვლილი სეზონი, ასევე ვისაუბრეთ ახალ ჩემპიონატზე და მნიშვნელოვან საკითხებზე,“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

განხილულ თემებს შორის მომავალი ჩემპიონატის ფორმატი, კლუბების ლიცენზირების, სპორტული სამართლიანობის დაცვისა და სხვა აქტუალური საკითხები იყო. ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ კლუბების დაფინანსების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ცენტრალიზებული მარკეტინგის სისტემის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, რომელიც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და ფეხბურთის, როგორც კომერციული სექტორისთვის მიმზიდველი პროდუქტის შექმნას ისახავს მიზნად.  

შეხვედრის მეორე ნაწილში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კლუბების წარმომადგენლების ინიციატივები და პრობლემები მოისმინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

კლუბების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს შორის მნიშვნელოვანია, როგორც კლუბების, ისე ზოგადად, ფეხბურთის წინსვლისთვის

 წყარო: Gff.Ge

ბათუმის “დინამოს” ფანები ავტოავარიაში მოყვნენ (ფოტოები)

დღეს უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს ფინალში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდებიან.

სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს დილით. ნახსენებ შეხვედრაზე დასასწრებად, ბათუმიდან დედაქალაქში ავტობუსით მოდიოდნენ აჭარული კლუბის გულშემატკივრები. ირკვევა, რომ ისინი ავტოავარიაში მოყვნენ. რა ვითარებაში მოხდა უბედური შემთხვევა, უცნობია. თუმცა, გუნდის პრზიდენტის, ოთო ფედიჩკინის ცნობით, დაზარალებულები არ არიან.

იხილეთ ფოტოები

1 2 3

სლავა მეტრეველი – ქართული ფეხბურთის მშვენება

სლავა მეტრეველი(1936-1998) – ჩვენი ფებურთის ისტორიაში შევიდა, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და ბრწყინვალე წარმომადგენელი. აბა, შემთხვევითი ხომ არ არის, რომ რვაჯერ იყო დასახელეული პირველ ნომრად საბჭოთა ფეხბურთის „33 საუკეთესო“ მოთამაშის სიაში?

მაგრამ, ცხადია, რომ გულშემატკივართა მეხსიერებაში სლავა მეტრეველი რჩება არა ციფრობრივი მაჩვენებლებით, არამედ თავისი საფეხბურთო ოსტატობის ნათელი, განუმეორებელი თვისებებით.

ასეთი თვისებებით კი სლავა უხვად იყო დაჯილდოვებული შურდულივით სწრაფი, პლასტიკური, მოხდენილი – იგი ნამდვილ საფეხბურთო კასკადიორად წარმოგვიდგება.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელი, რომელიც კი ოდესმე უნახავს მაყურებელს მოედანსა თუ ტელეეკრანზე.
სლავას კიდევ ერთი ძვირფასი თვისება გამოარჩევდა. თამაშის ძალზე სტაბილური, თანაბარი(ცხადია, მაღალი) დონე. არ გვახსოვს მატჩი, რომელიც მას „4“-ზე ნაკლები შეფასებით ჩაეტარებინა.

აი, ვინ იყო აბსოლუტურად მოკლებუი სპორტულ ეგოიზმსა თუ პატივმოყვარეობას, თორემ მისი ინდივიდუალური მაჩვენებლები(გატანილი ბურთები) კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

თბილისელმა გულშემატკივრებმა სლავა პირველი ნახვისთანავე შეიყვარეს. 1956 წელს – მაშინ მოსკოვის „ტორპედოს“ ჭაბუკი ფეხბურთელი – სეზონისწინა წვრთნასა და საკონტროლო თამაშებს თბილისში ატარებდა და სულ მალე ყველას პირზე ეკერა სლავას სახელი.

შველივით მარდი, გრაციოზული და მოუხელთებელი – ასეთად დაამახსოვრა იგი ყველას.

ამის შემდეგ იყო „ტპროედოში“ მისი სპორტული ზრდისა და სრულყოფის წლები, როდესაც მან საკავშირო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, გახდა სსრკ და ევროპის ჩემპიონი.

მთელი ამ ხსნის მანძილზე სპორტული საქართველოს ოცნება იყო ეხილა იგი თბილისის „დინამოს“ რიგებში. ეს დღეც დადგა. არასოდეს დაავიწყდება ხალხს სლავას სადებიუტო მატჩი თბილისში – 1963 წლის 31 მარტს ლენინგრადის „ზენიტთან“, რომელიც ჩვენების დიდი გამარჯვებით(4:0) დასრულდა.

მართალია, სლავას ბურთი არ გაუტანია, მაგრამ თამაშის ნამდვილ გმირად დსწორედ იგი მოგვევლინა. პრაქტიკულად, მას არც ერთხელ არ დაუკარგავს ბურთი! მოხდენილი და მოუხელთებელი გასვლები მარჯვენა ფლანგიდან მთავრდებოდა იდეალური რბილი გადაცემით მოწინააღმდეგის საჯარიმოში. ოთხივე გოლი მისი პასებით იქნა გატანილი.

თამაშის შემდეგ აღფრთოვანებულმა გულშემატკივარმა ოვაციით გააცილეს ფეხბურთელი, როდესაც იგი, გახარებული და ხელებშემართული გასახდელისკენ მიემართებოდა.

კარგადაა ცნობილი სლავა მეტრეველის სპორტული ბიოგრაფია, რომლის ერთ-ერთი კულმინაციური პუნქტია თბილისის „დინამოს“ პირველი ჩემპიონობის წელი(1964). რამდენი საფეხბურთო შედეგი აჩუქა იმ წელს სლავამ და მისმა ამხანაგებმა – შოთა იამანიძემ, მიხეილ მესხმა, ვლადიმერ ბარქაიამ, ილია დათუნაიშვილმა!

გახსოვთ, ლევ იაშინის კარში გატანილი ბურთი – 12 სექტემბერს(2:1)? ეს ხომ ნამდვილი საფეხბურთო დელიკატესი იყო! ფინტების კასკადის ჩატარების შემდეგ იხეილ მესხმა იდეალური პასით შესანიშნავ პოზიციაზე გაიყვანა სლავა, რომელმაც იაშინი შემხვედრ მოძრაობაზე „დაიჭირა“ და დინჯად გააგორა ბურთი კარის შორეულ კუთხეში.

ჭეშმარიტად არტისტული კომბინაცია იყო, რომელმაც უნებურად, სლავასა და მიშას დიდი წინამორბედები – ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა გაგვახსენა.

ცნობილია გამოჩენილი მწვრთნელის ელენიო ერერას სიტყვები, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში(1960 წლის გაზაფხულზე) მას განსაკუთრებით მოეწონა „ფართული ფრთები“ – მესხი და მეტრეველი.

„ბედნიერი ვიქნები, გუნდში თუ ასეთი ფეხბურთელები მეყოლება. მიკვირს, როგორ არ წაიყვანეს ის ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო მეტრეველი კი თამაშში რატომ შემოუშვეს ბოლოსკენ,“-ელენიო ერერა, მილანის „ინტერნაციონალეს“ მთავარი მწვრთნელი.

ავთანდილ ღოღობერიძე – ქართული ფეხბურთის არწივი

არწივი მეფური ძლიერებისა და კეთილშობილების სიმბოლოა და ქართველ ფეხბურთელთაგან, ალბათ, ისე არავის შეშვენის ასეთი შედარება, როგორც ავთანდილ ღოღობერიძეს, ჩვენ დაუვიწყარ ბასას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იყო ქართული ფეხბურთის იცულობელი ლიდერი და ფლაგმანი, წინ რომ უძღვოდა გუნდს მისი აღმავლობისა და წარმატებების წლებშიც და გაჭირვების ჟამსაც.

ისევე, როგორც ბორის პაიჭაძე 30-40-იან წლებში, ავთანდილ ღოღობერიძე მომდევნო ათწლეულში იყო ქართული ფეხბურთის სიმბოლო, მისი სინდისი და ნამუსი, მისი ყველაზე უკეთესი და კეთილშობილი თვისებების განსახიერება.

ბასა ღოღობერიძის თამაშისთვის დამახასიათებელი იყო უმაღლესი ტექნიკურობა და არტისტიზმი, სტრატეგიული სიბრძნე და შრომისმოყვარეობა. კოლეგიალობას გრძნობა და პარტნიორების და მოწინააღმდეგების მიმართ, სამაგალითო კორექტულობა(მოვიგონოთ, რომ ბორის პაიჭაძის მსგავსად, მასაც არც ერთი შენიშვნა თუ გაფრთხილება არ მიუღია მსაჯებისგან მთელი სპორტული კარიერის მანძილზე).

თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს “ფეხბურთის ჯენტლმენი” – ერთი პირველთაგანი ავთანდილ ღოღობერიძეა.

ღოღობერიძეს წილად ხვდა იშვიათი ხვედრი: თავისი ხანგრძლივი სპორტული გზის მანძილზე(1944-1961) თამაში მოუწია ქართველი ფეხბურთელების სამი თაობის წარმომადგენლებთან. იგი გუნდში მოვიდა და რამდენიმე წლის მანძილზე გამოდიოდა მოედანზე პირველი თაობის სახელოვან ფეხბურთელებთან ერთად(ბორის ბაიჭაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გაიოზ ჯეჯელავა, გრიგოლ გაგუა და სხვა), იყო ლიდერი მეორე თაობის გუნდისა, რომელშიც მასზე ხუთი-ექვსი წლით უმცროსი ფეხბურთელები იყვნენ და, როგორც პარტნიორმა, საფეხბურთო ოსტატობის გაკვეთილები მისცა მოედანზე მესამე თაობის წარმომადგენლებს, თითქმის შვილებად რომ ერგებოდნენ – მომავალ “ოქროს ბიჭებს”(შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭნავა და სხვები).

ღოღობერიძეს(1922-1980) ეკუთვნის თითქმის ყველა ინდივიდუალური რეკორდი, რომელთა აღრიცხვაც ხდებოდა ფეხბურთის გუნდების ისტორიაში. 17 წლის მანძილზე იგი გამოდიოდა თბილისის “დინამოში” და ჩემპიონატებში ყველაზე მეტი, 341 მატჩი ჩაატარა მის შემადგენლობაში, 10 წლის მანძილზე, 1951 წლიდან, გუნდის უცვლელი კაპიტანი იყო. მან გაიტანა ყველაზე მეტი, 127 ბურთი, ზოგადად და 25 – ერთ სეზონში, ექვსჯერ გახდა გუნდის საუკეტესო ბომბარდირი და ერთხელ, 1951 წელს საკავშირო ჩემპიონატის ბომბარდირი(16).

ბასა ღოღობერიძე,უდავოდ იყო ყველაზე სტაბილური მოთამაშე გუნდში. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი თვისება, რომელიც, აგრეთვე, გამოარჩევს მას ქართველ ფეხბურთელებში – ძლიერი და დაჯერებული თამაში მოწინააღმდეგის მოედანზე. საინტერესოა, რომ მის მიერ გატანილი ბურთების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი(127-დან 59) გასვლით თამაშებზე მოდის.

პირველი, რითაც ყურადღებას იპყრობდა ეს უნივერსალური ფეხბურთელი, მაინც ბურთის ფლობისა და ტარების უმაღლესი კლასი იყო.

ბორის პაიჭაძის შემდეგ, ჩვენ არ გვყოლია დრიბლინგის ასეთი ოსტატი. რაც შეეხება ბურთის ფლობის, მისი დამუშავების და, განსაკუთრებით, გაჩერების ტექნიკას, აქ იგი, მართლაცდა, შეუდარებელი იყო.

1946 წელს სტალინგრადის “ტრაქტორთან” ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ(22 ივნისი, 5:1), სადაც მან ორი ბურთიც გაიტანა და შესანიშნავი პარტნიორობაც გაუწია ბორის პაიჭაძესა და გაიოზ ჯეჯელავას, ბრძენმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ იგი საბოლოოდ დაამკვიდრა შუამარბის ადგილზე. ღოღობერიძის ფართო აღიარება კი 1947 წლიდან იწყება, რომელიც მან ძალიან თანაბრად ჩაატარა და 24 თამაშში 11 გოლი გაიტტანა.

ანზორ კავაზაშვილი – გამოჩენილი მეკარე

რამდენიმე წლის წინ დაიწერებოდა, როგორც საბჭოთა ფეხბურთის გამოჩენილი მეკარის შესახებ. ახლა კი ვწერთ – როგორც ქართული და, პირველ რიგში, რუსული ფეხბურთის მეკარის შესახებ.

რუსულისა, რამდენადაც სსრკ ჩემპიონატებში გამართული 274 შეხვედრიდან 269 მან ჩაატარა რუსეთის გუნდებში: ლენინგრადის “ზენიტში”(30), მოსკოვის “ტორპედოსა”(165) და “სპარტაკში”(74).

სწორედ აქ მოიპოვა მან ფეხბურთის ავტორიტეტული სპეციალისტებისა და გულშემატკივრების აღიარება.

ყოველივე კი დაიწყო ბათუმში, სადაც იგი დაიბადა და თბილისში, სადაც თამაშობდა ადგილობრივ ჭაბუკურ გუნდში(1956), ხოლო შემდეგ “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში(1957-1959). ანზორმა იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თავისი
“რეაქტიულობით” და მაღალი კლასის მეკარის სხვა თვისებებით. მას ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, რაც მთლიანად გამართლდა უკვე იმ დროს, როცა იგი რუსულ კლუბებში თამაშობდა.

საქმე ის იყო, რომ თბილისის “დინამოში” მისი მისვლის დროისთვის ამოდიოდა კიდევ ერთი გამოჩენილი მეკარის სერგო კოტრიკაძის ვარსკვლავი(იგი ოთხი წლით უფროსი იყო ანზორზე) და ახალბედასა უპირატესად, სათადარიგოთა სკამზე უხდებოდა ჯდომა, ამიტომ იყო, რომ ლენინგრადიდან მიწვევისთანავე იგი ჩაირიცხა “ზენიტში”, სადაც გამოდიოდა წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში.

ნიჭის ნამდვილი გაფურჩქვნა და, შესაბამისად, აღიარება ანზორმა მოსკოვის “ტორპედოსა”(1961-1968) და “სპარტაკის” შემადგენლობაში(1969-1971) გამოსვლების პერიოდში მოიპოვა.

კავაზაშვილი სსრკ ორგზის ჩემპიონია(1965, 1969) და ასევე ორგზის თასის მფლობელი(1968, 1971). იგი ქვეყნის საუკეთესი მეკარედ იყო აღიარებული(1965, 1967), შედიოდა ლევ იაშინის სიმბოლურ კლუბში(163 მატჩი გოლის გარეშე) და სსრკ ნაკრებში(1965-1970), სადაც 30 შეხვედრა ჩაატარა(მათ შორის 1966 და 1970 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე).

ფეხბურთელის კარიერის უკანასკნელი შეხვედრები კი ანზორ კავაზაშვილმა ქუთაისის “ტორპედოში” ჩაატარა(1972).

დაიწყო საქართველოში და დაამთავრა საქართველოში!

კახი კალაძე: „ქართულ ფეხბურთში არის სრული კატასტროფა“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელე/რადიო “პალიტრას” ეთერში ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. კალაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების პრობლემებსაც შეეხო.

„ქართულ ფეხბურთში არის სრული კატასტროფა. რეალობა ისაა, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ინფრასტრუქტურა, არ არსებობს ბავშვთა საფეხბურთო სკოლები, საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი სტადიონების ნაწილი დაინგრა, ნაწილი ჩვენ თვითონ დავანგრიეთ. საქართველოს ჩემპიონატის დონე არის ძალიან დაბალი, ფეხბურთელების კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი. ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს საქართველოს დატოვების და მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთში თამაშის სურვილი უჩნდებათ, რადგან იქ უფრო მაღალი ანაზღაურებაა. ყველა ტოვებს საქართველოს და მერე  ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან.

გარკვეული შეფერხებები მათ მაშინ აქვთ, როცა სიძნელეები უჩნდებათ. ბარიერების გადალახვის დროს ხშირად თავს ხრიან. პირიქით, ამ დროს მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინო, რადგან როდესაც სიძნელეებს გადალახავ, უფრო ძლიერი ხდები, მოტივაცია გემატება. მე მგონია, რომ ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა კალაძემ.