“სამტრედიამ” და “დინამომ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ერთი შეხვერდა გაიმართა. სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივი “სამტრედია” თბილისურ “დინამოს” დაუპირისპირდა.

დაძაბული შეხვედრის პირველ ტაიმში გოლი არ გავიდა.

მეორე ნახევარში, 87-ე წუთზე ბექა მიქელთაძის ეფექტურ თამაშს მისივე გოლი მოჰყვა. პირველ დამატებით წუთზე გურამ სამუშიამ ულამაზესი “მაკრატელათი” გაათანაბრა და “დინამოელებს” ქულები დააკარგვინა.

ამ ფრის შემდეგ იმერულ კლუბს 43 ქულა აქვს და მესამეზეა. ხოლო, “დინამო” 50-ით პირველზეა.

“სამტრედიამ” გაბონის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

სამტრედიას რიგებს ახალი ლეგიონერი შეემატა, ანრი ნდონგი სამტრედიას დღეს ეწვია.

24 წლის მცველი გაბონის ეროვნული ნაკრების წევრია, სამტრედიაში კი საფეხბურთო კლუბ “სუდუვადან” გადმოვიდა. იგი მანამდა “ოსერში” გამოდიოდა. საგულისხმოა, რომ ქალაქ ბითამში დაბადებული მოთამაშე 2012 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა ფრანგულ კლუბში. იგი 2014/2015 წლების სეზონში საფრანგეთის თასის ფინალშიც კი გავიდა, სადაც “პსჟ”-სთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ნდონგის სანაკრებო კარიერა 2012 წელს დაიწყო. იგი ამჟამად რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.

 გაბონელი “სამტრედიას” ვარჯიშებში აქტიურად ჩაებმება, უშუალოდ მატჩებზე ასპარეზობას კი საერთაშორისო ტრანსფერის დადასტურების შემდეგ შეძლებს.

დათუნაიშვილი: “წლების განმავლობაში უკან მიდიოდა საქმე და უცებ უკეთესობისკენ ვერ შეიცვლებოდა”

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში “სამტრედია” თბილისურ “დინამოს” დაუპირისპირდება. იმერლების გამარჯვების შემთხვევაში, კლუბებს შორის სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდება.

Eliga.Ge “სამტრედიელთა” კაპიტანს, გიორგი დათუნაიშვილს აღნიშნულ მატჩზე და სხვა თემებზე ესაუბრა.

– ცხრილიდან გამომდინარე, თუ დინამოს მოუგებთ, სამეულში ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბება…

– ამ შემთხვევაში დინამოსთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულა გახდება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ მოგება იოლი არ იქნება. დინამო ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძისნაირი ტალანტი კარგა ხანია, ჩვენს ჩემპიონატში არ გამოჩენილა.

– წინა წრის მატჩი, როცა თბილისში 2:3 წააგეთ, ბევრი გულშემატკივრის აზრით, საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში…

– დიახ, მართლა კარგი თამაში იყო და ვეცდებით, ამჯერად მოგებით დავასრულოთ.

– დინამოს კარში საკმაოდ ხშირად გაგაქვთ გოლი. ეს იმიტომ, რომ დინამოა და მის წინააღმდეგ უფრო მოტივირებული ხართ?

–  ასე ვერ ვიტყოდი, ყველასთან მოტივირებული გავდივარ მოედანზე. დინამოს კარში კი რატომღაც მართლაც ხშირად გამქონდა. ვიტ ჯორჯიაში თამაშისას ოთხჯერ თუ ხუთჯერ გავუტანე, მათ შორის, თასის ფინალში და სუპერთასზეც. ტორპედოშიც რომ ვიყავი, მაშინაც გადამწყვეტი გოლი შევაგდე. ასევე, ჩიხურაში თამაშისას თასის ფინალში. წინა წრეშიც გავუტანე, სტუმრად თბილისში… ისე, დინამოს სტადიონზე უფრო ხშირად გამაქვს.

– დინამოს ახალგაზრდები ახსენეთ. სამტრედიას რამდენად ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს?

– ჩვენს გუნდშიც არიან იმედისმომცემი ახალგაზრდები. ბურკაძე, ხაბეიშვილი, ნინუა – ხანდახან უწევთ თამაში ეროვნულ ლიგაში. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა განვითარდნენ. 

– ჩემპიონატის ფორმატზეც გკითხავთ. რამდენად დადებითად აისახა ლიგაზე ათი გუნდის ოთხ წრედ თამაში?

– დაძაბული თამაშებია. მხოლოდ შუქურა ჩამორჩა, თორემ სხვა გუნდების დაპირისპირებებს რომ გადავხედოთ, ფავორიტ-აუტსაიდერის წინასწარ გარკვევა ურთულესი საქმეა. წინა ტურშიც ასე მოხდა: ტორპედომ კოლხეთს ვერ მოუგო. 16 გუნდი უმაღლეს ლიგაში მართლაც ბევრი იყო, კარგად მახსოვს, ზოგიერთ კლუბს გზის ფულიც კი არ ჰქონდა. ათგუნდიანი უკეთესია, დაძაბული თამაშებია. კარგია, რომ ჩემპიონატიც შუქდება. მაგრამ ამ ყველაფერს სათამაშო დონეზე ჯერ არ უმოქმედია.

– კითხვა თავისთავად დაიბადა – რატომ?

– ვფიქრობ, წლების განმავლობაში უკან-უკან მიდიოდა საქმე და ეს ყველაფერი ერთ და ორ წელიწადში ვერ შეიცვლებოდა. უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამას უცებ ემოქმედა. ყარაბახს, ვისთანაც მწარედ წავაგეთ, 50 მილიონი დოლარი წლიური ბიუჯეტი აქვს. ეს თითქმის  ნახევარია იმ თანხისა, რაც ქართული ფეხბურთის განვითრეების პროგრამას 5 წლის განმავლობაში უნდა მოხმარდეს.

წლების განმავლობაში ინგრეოდა სტადიონები, უარესდებოდა ინფრასტრუქტურა… ჩემპიონატში ამდენი ხელოვნური მოედანი, თანაც, უხარისხოები. ამიტომაცაა, რომ იმატა ტრავმებმა, ხშირია ჯანმრთელობის პრობლემები. ყარაბახთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშის წინ, ბაქოში მინდორი მორწყეს და ბიჭები ერთმანეთს ვეკითხებოდით – ბოლოს როდის ვითამაშეთ ასეთ მოედანზე? თითქოს დეტალებია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დეტალები ბევრია და ეს მოქმედებს ჩემპიონატზეც. თვითონ კლუბებმაც უნდა მოინდომონ. როგორ მოვა კერძო ინვესტორი, თუ მას არაფერი დაახვედრე? მხოლოდ სახელს ხომ არ იყიდის? ინფრასტრუქტურასაც და ბავშთა ფეხბურთსაც დიდი ყურადღება სჭირდება. ასე თუ დავძლევთ კრიზისს…

“სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” საბანაძის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ბათუმის “დინამო” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე მანჯგალაძემ კუთხური მოაწოდა და საბანაძემ თავური დარტყმით იმერლები დააწინაურა. საბოლოოდ, ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა ამ დაპირისპირებაში – სამტრედიამ მინიმალური ანგარიშთ იმარჯვა.

“დინამოს” 23 ქულა აქვს და მეშვიდეზეა. “სამტრედიელები” 42 ქულით მესამეზე არიან.

 

“სამტრედიამ” “ჩიხურას” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-20 ტურმა აიღო სტარტი.

“ეროსი მანჯგალაძეზე” ადგილობრივი “სამტრედია” “ჩიხურას” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მათ ანგარიშის გახსნა მე-4 წუთზე შეძლეს. ამის გაკეთება დავით რაჟამაშვილმა მოახერხა. პირველ ტაიმში სამტრედიელებს კიდევ ჰქონდათ შანსი, რომ ჰამზიჩის კარი აეღოთ, თუმცა 44-ე წუთზე ანტე გიიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარში, 58-ე და 61-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ “სამტრედიას” 39 ქულა აქვს და მესამეზეა. ხოლო, “ჩიხურა” 29 ქულით მეოთხეზეა.

 

“სამტრედია” “ყარაბაღთან” თბილისშიც დამარცხდა – ორი მატჩის ჯამში: 0:6

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები იმართება.

თბილისში, “დინამო არენაზე” “სამტრედიამ” აზერბაიჯანული “ყარაბაღი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩი ქართველებმა სტუმრად გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 დათმეს.

დღევანდელი მატჩი ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი ვაილდ-დონალდ გერერი გახდა. ჰაიტელმა ლეგიონერმა 22-ე წუთზე შეძლო მიგინეიშვილის კარის აღება.

საბოლოოდ, 0-1. ორი მატჩის ჯამში კი 0-6 და “სამტრედია” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

მანჯაგალაძე: “ასე არ უნდა წაგვეგო – ბოდიში ყველას!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში “ყარაბაღმა” “სამტრედია” გაანადგურა, ანგარიშით 5:0.

მატჩის შემდეგ იმერელთა საყრდენმა, გიორგი მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მსაჯობაზე არაფერს ვიტყვი. თავის მართლებად არ მინდა, გამომივიდეს. რაც არ უნდა ყოფილიყო, ასე არ უნდა წაგვეგო. არანაირი გამართლება არ აქვს ამ შედეგს. მიზეზი ალბათ, ისაა, რომ ჩვენივე შეცდომების გამო გავუშვით გოლები.”

“ჩემი აზრით, სხვა თუ არაფერი, პრესტიჟის ამბავია, რომ სახლში თამაში მოვიგოთ. ძალიან საწყენია ესეთი წაგება. არც ვიცი, რა ვთქვა. უბრალოდ, არ უნდა წაგვეგო ასე. არ გვქონდა უფლება! ბოდიში ყველას! დამიჯერეთ, ჩვენზე მეტად გული არავის ტკივა. ბოდიში კიდევ ერთხელ. ალბათ, სამწუხარო რეალობა ეგაა, რომ დღესდღეობით მეტოქე ჩვენზე წინ არის,” – განაცხადა ნახევარმცველმა.

 

გია ცეცაძე: “მსაჯი რა შუაშია? დამნაშავეები ჩვენ ვართ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში “ყარაბაღმა” “სამტრედია” გაანადგურა, ანგარიშით 5:0.

მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველი მატჩის შემდეგ ყველას აქვს შანსი. საპასუხო შეხვედრაში ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ რაღაცისთვის ვიბრძოლოთ. დღეს, არ გაგვიმართლა. მსაჯის მუშაობას არასდროს ვაფასებ და ახლაც ასე მოვიქცევი.”

“უბრალოდ გეტყვით, რომ არბიტრის გამო არ წაგვიგია. ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი. საჭიროა, რომ მატჩს ანალიზი საფუძვლიანად გავუკეთოთ. “ყარაბაღი” ძლიერი გუნდია, თუმცა ასეთ შედგეს არ ველოდით. განმეორებით მატჩში ჩვენი პრესტიჟის აღდგენას ვეცდებით.”

“აზერბაიჯანული ფეხბურთი მაღალ დონეზეა, გაცილებით მაღალზე, ვიდრე – ჩვენი,” – განაცხადა ცეცაძემ.

ჩემპიონთა ლიგა: “სამტრედია” “ყარაბაღთან” განადგურდა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანში, ბაქოში ადგილობრივ “ყარაბაღსა” და “სამტრედიას” შორის.

მატჩი თითქოს თანაბრად დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა მალევე გახსნეს ანგარიში. ამის გაკეთება მე-10 წუთზე ისმაილოვმა მოახერხა. 37-ე წუთზე ნდლოვუმ ორამდე გაზარდა სხვაობა. პირველი ტაიმის მიწურულს მიგინეიშვილმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქე წააქცია, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მეორე გოლის ავტორმა პენალტიდან დუბლი შეასრულდა – 3:0.

მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. გერიერმა 83-ეზე, ხოლო მატჩის მეორე დამატებით წუთზე მიჩელმა შეაგდო.

საბოლოოდ, 5:0 და პივრელ შეხვედრაშივე ყველაფერი გადაწყდა.

განმეორებითი  მატჩი 18 ივლისს, “დინამო არენაზე” შედგება.

“ყარაბაღი” – “სამტრედია”: სასტარტო შემადგენლობები

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანული “ყარაბახი” ქართულ “სამტრედიას” უმასპინძლებს. გუნდების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია.

“ყარაბახი”: შეჰიჩი, გარაიევი, მედვედევი, მიჩელი, ნდლოვუ, მედატოვი, სადიგოვი, ისმაილოვი, აგოლი, ჰუსეინოვი, დინიევი.

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, საბანაძე, მჭედლიშვილი, ბალდე, დათუნაიშვილი, სამუშია.

“ლოკომოტივი” “სამტრედიასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგა განახლდა.

მე-17 ტურის ერთ-ერთი შეხვედრა თბილისში, “დავით პეტრიაშვილზე” შედგა. ერთმანეთს ადგილობრივი “ლოკომოტივი” და სამტრედიის “სამტრედია” დაუპირისპირდნენ. ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა. იმერლები გურამ სამუშიამ დააწინაურა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გავიდა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას, თუმცა ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა.

საბოლოოდ, 0-1.

“სამტრედიას” ამ მოგების შემდეგ 30 ქულა აქვს და მესამეზეა. “ლოკო” 24 ქულით მეოთხეზეა.

“სამტრედიამ” და “კოლხეთმა” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩები იმართება.

ერთ-ერთ თამაშში სამტრედიის “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთი” საკუთარ მოედანზე მიიღო. მე-7 წუთზე გურამ სამუშიამ იმერლები დააწინაურა. ზუსტად ორ წუთში მეგრელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა შანსები, თუმცა გოლი აღარ გასულა.

ამ ფრის შემდეგ “სამტრედიას” 27 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. ფოთელები 16 ქულით ბოლოს წინა ადგილზე არიან.