დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნა. „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარსელონა“ მიიღო. ორი საინტერესო დეტალი მატჩისწინა პრესკონფერენციიდან: კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თქვა, იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევსო. „ქალაქელთა“ თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ კი ხაზი იმას გაუსვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ იმავე სტილით თამაშს შემოგვთავაზებდა, რასაც პრემიერლიგაში გვიჩვენებს. ბურთის ფლობით „ბარსელონამ“ მეტოქე ორივე ტაიმში დაჯაბნა, „სიტიმ“ კი მისთვის ჩვეული სტილი ვერ გვიჩვენა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, რეალური საგოლე მომენტი თითქმის არც შექმნილა. მატჩის მთავარი პერიპეტიები მეორე ტაიმში განვითარდა. შეხვედრის 53-ე წუთზე „ქალაქელთა“ არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიკელისმა მეკარე ჯო ჰარტისკენ ერთი ერთზე მიმავალი თანამემამულე ლეო მესი „მოცელა“. თამაშის წესის დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, დემიკელისს კი წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი თავად მესიმ შეასრულა, ჰარტი მარცხნივ გადახტა, ლეომ შუაში დაარტყა და გაიტანა. „სიტი“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რამაც „ბარსელონას“ საქმე კიდევ უფრო გააიოლა, სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. შედეგად, მატჩის ბოლო წუთზე კატალონიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს: სტუმართა მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დანი ალვესმა და ნეიმარმა განავითარეს, რომლებმაც ადვილად გააბითურეს გაელ კლიში და ჯოლეონ ლესკოტი, კარიდან გამოსულ ჰარტს კი ალვესმა ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და „ბარსელონას“ უპირატესობა გაზარდა.
2-0 – ამ ანგარიშით გაიმარჯვა კატალონიურმა გუნდმა და განმეორებითი მატჩის წინ სერიოზული ფორა შეიქმნა. ვენსან კომპანის უნდა დავეთანხმოთ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თუ „ბარსელონა“ მეორე შეხვედრაში მისთვის ჩვეულ ფეხბურთს ითამაშებს, ინგლისელებს ძალიან გაუჭირდებათ, თუმც „სიტი“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებსო. განმეორებითი მატჩი „ნოუ კამპზე“ 12 მარტს შედგება.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„მანჩესტერ სიტი“ – „ბარსელონა“ 0:2 (0:0)
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, იაია ტურე, ფერნანდინიო, ხესუს ნავასი (ნასრი 58′), დავიდ სილვა, კოლაროვი (ლესკოტი 58′), ნეგრედო (ჯეკო 74′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
„ბარსელონა“: ვალდესი, დანი ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (სერხი რობერტო 86′), სანჩესი (ნეიმარი 74′), მესი, ინიესტა.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
გოლები: მესი 54′ (პენ), დანი ალვესი 90′.
გაფრთხილებები: ნეგრედო 28′, კოლაროვი 37′ – დანი ალვესი 23′, მასკერანო 76′.
გაძევება: დემიკელისი 53′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).
ბექა დოგრაშვილი