ტონი კროოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ტონი კროოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.

31 წლის გერმანელ ფეხბურთელს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და 14 მაისიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დიდი ალბათობით, ის ესპანეთის პრიმერადივიზიონში “ვილიარეალის” წინააღმდეგ გასამართ სეზონის ბოლო მატჩს გამოტოვებს. შეხვედრა 22 მაისს ჩატარდება.

ტონი კროოსმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 მატჩში სამი გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

2014 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერი დაჯილდოვდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელა.

“სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელმა ფეხბურთელმა 110 ხმა მოაგროვა და ორი ხმით აჯობა უახლოეს მადევარ ლიონელ მესის. მესამე ადგილზე მადრიდელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი გავიდა, რომელმაც 53 ხმა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ გასული ექვსი წლის განმავლობაში ამ ჯილდოს “ბარსელონას” ნახევარმცველები — ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა იგებდნენ.

 

ტონი კროოსი დააჯარიმეს

“ბილდის” ცნობით, მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 120 ევროთი დააჯარიმეს.

25 წლის გერმანელი ფეხბურთელი ავტომობილს 117 კმ/სთ სიჩქარით მართავდა, როცა დასაშვები 80 კმ/სთ იყო.

16 აპრილს ტონი კროოსი სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა “რეალის” ფეხბურთელს მისი პირადი ადვოკატი წარადგენს.

 

კროოსი: “ლიდერად ყოფნა არ მომწონს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი გამოტყდა, რომ ლიდერად ყოფნა არ მოსწონს.

“სიმართლე გითხრათ, ლიდერად ყოფნა არ მომწონს, თუმცა ვცდილობ, პასუხისმგებლობა მეც ავიღო. ჩემს პოზიციაზე ყოველთვის ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. ჩემი სტილი ბურთის ფლობასაც მოიცავს. შეუძლებელია, პროცესში ჩართული არ ვიყო”, – ციტირებს კროოსის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.

გერმანელმა ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 26 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

კროოსი: “რეალში” ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ანჩელოტია”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ “სამეფო კლუბში” გადასვლა კარლო ანჩელოტისთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა.

“ჩვენ შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა. მატჩამდე ბევრს ვსაუბრობთ. განვიხილავთ, როგორ უნდა ვითამაშო ამა თუ იმ მეტოქის წინააღმდეგ.

“რეალში” ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ანჩელოტია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე ნორმალურია მწვრთნელთა გასაუბრება. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მან მითხრა, რომ ჩემი გადასვლის შემთხვევაში, “რეალი” უფრო ძლიერი გახდებოდა”, – კროოსის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად კროოსი დასახელდა

2014 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს.

კროოსმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გამოკითხვაში ხმათა 40,6 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა რომის “ლაციოს” ვეტერანმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას ხმათა 38,7 პროცენტი ერგო.

მესამე ადგილი მიუნხენის “ბაიერნის” კიპერ მანუელ ნოიერს მიაკუთვნეს. მან ხმათა მხოლოდ 6,6 პროცენტი მიიღო.

 

რონალდო: „რეალმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე დაიმატა“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ მადირიდს „რეალს“ ტონი კროოსის შეძენა მიულოცა.

„გილოცავთ. თქვენ ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატეთ“, – აღნიშნა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა „რეალთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

გერმანული პრესის თანახმად, „სამეფო კლუბმა“ გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღო.

კროოსი „რეალში“ 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ოფიციალურად: კროოსი „რეალის“ ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ტონი კროოსის ტრანსფერი.

გერმანელმა ნახევარმცველმა „სამეფო კლუბთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„რეალში“ გადავედი, რითაც ჩემი ოცნება ახდა. კრიშტიანუ რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ამ კლუბში მხოლოდ ის არ თამაშობს“, – ციტირებს კროოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდელებმა კროოსის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღეს. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

„რეალი“ კროოსს თბილისის დროით 19:00 საათზე წარადგენს.

 

Bild: „რეალი“ კროოსს ხუთშაბათს წარადგენს

გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, რომ ხუთშაბათს, 17 ივლისს მადრიდის „რეალი“ ტონი კროოსს ოფიციალურად წარადგენს.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ 24 წლის გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, კროოსი წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის აგენტი ფოლკერ შტრუგი ამბობს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

„კროოსის მომავალი ჯერ არ გადაწყვეტილა. მინდა, ამაში ყველა დაგარწმუნოთ. სამშაბათს ერთმანეთს შევხვდებით და სამომავლო გეგმებს დავსახავთ“, – აღნიშნა აგენტმა.

გასულ სეზონში კროოსმა მიუნხენის „ბაიერნის“ ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტონი კროოსმა შვიდივე შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ ერთხელ შეცვალეს – მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მუნდიალზე გერმანელმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ბრაზილია — გერმანია (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 69 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

„რეალმა“ კროოსთან შეთანხმებას მიაღწია

ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტონი კროოსთან შეთანხმებას მიაღწია. 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში „სამეფო კლუბთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონის განმავლობაში კი ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ტრანსფერის საბოლოოდ გასაჩარხად „ბაიერნის“ თანხმობაღა დარჩა. კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კროოსის სავარაუდო ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. კროოსმა ცოტა ხნის წინათ მიანიშნა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

გერმანელი ფეხბურთელი „ბუნდესთიმთან“ ერთად ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.

 

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კროოსში 40 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, მიუნხენის „ბაიერნს“ ნახევარმცველ ტონი კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზოს.

24 წლის გერმანელ ფეხბურთელს ბავარიულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მას „ბაიერნის“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, „რეკორდმაისტერს“ თანხას არავინ არ გადაუხდის.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ უკვე მყარად აქვთ გადაწყვეტილი კროოსის შეძენა. შესაძლო ტრანფერის გაჩარხვის ალბათობას გერმანელი ნახევარმცველის განცხადებაც ზრდის, რომელმაც მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბაიერნიდან“ აბარგება და ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადასვლა არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობის პირველ სეზონში ორი ნახევარმცველი უკვე დაიმატა: ჯერ ყოფილი კლუბიდან მარუან ფელაინი გადმოიყვანა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსიდან“ ხუან მატა დაიბევა.

ბექა დოგრაშვილი