„ბაიერნი“ ბრიტანულ გაზეთებს შვაინშტაიგერის შეურაცხყოფას არ მოუთმენს

მიუნხენის „ბაიერნი“ ორ ბრიტანულ გამოცემას — „დეილი მირორსა“ და „სანს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის აკრედიტაციების გაცემაზე უარს ეუბნება.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წყვილის პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გაზეთებმა ბავარიული კლუბის ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის მიმართ შეურაცხყოფელი სათაური გამოაქვეყნეს.

„მიუნხენის „ბაიერნი“ თვლის, რომ ინფორმაციის ამგვარი ფორმით წარდგენა მიუღებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს აღნიშნულ გამოცემებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „დეილი მირორსა“ და „სანს“ „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 9 აპრილს გასამართი მატჩის აკრედიტაციებზე უარი ეთქმებათ“, – ნათქვამია გერმანული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველ მატჩში ბავარიული კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი უეინ რუნის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის მოედნიდან გააძევეს. სათქმელია ისიც, რომ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი თვლის, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა, ზოგის აზრით, არბიტრს შვაინშტაიგერის დანდობა შეეძლო, ზოგი კი მიიჩევს, რომ გერმანელი ნახევარმცველი სრულიად დამსახურებულად გააძევეს მოედნიდან.

„დეილი მირორმა“ ნომრის მოწინავე თემა ასე დაასათაურა: „ბინძურო ღორო“. აღსანიშნავია, რომ გერმანულად სიტყვა Schwein სწორედ ღორს აღნიშნავს. „სანს“ კი ასეთი წარწერა „ამშვენებდა“: „You schwein“, რაც ასე შეგვიძლია, გადავთარგმნოთ: „ღორო“.

სიტყვებით თამაში ინგლისელ ჟურნალისტებს არასდროს ეშლებოდათ, თუმცა გერმანელებმა საკუთარი ფეხბურთელის შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და როგორც გითხარით, განმეორებით მატჩზე აღნიშნულ ბრიტანულ გამოცემებს აკრედიტაციის გარეშე დატოვებენ.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი: „გამოცემა „მირორში“ ნამდვილი კლოუნები მუშაობენ“

გუშინ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „მირორმა“ „პარი სენ-ჯერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც შვედი „არსენალში“ ჩაშლილ ტრანსფერსა და ინგლისის პრემიერლიგის პერსპექტივებზე ისაუბრა.

აღნიშნულ ინტერვიუს იბრა სწრაფად გამოეხმაურა. პსჟ-ს ლიდერის თქმით, „მირორისთვის“ მას მსგავსი ინტერვიუ არ მიუცია. მეტიც,  ბოლო დროს მას არც ერთ ბრიტანელ ჟურნალისტთან არ უსაბრია.

„მირორის“ წარმომადგენლებთან და სხვა ინგლისელ ჟურნალისტებთან არ მისაუბრია. მსგავსი რამ პირველად არ ხდება.

„მირორი“ კლოუნების გამოცემაა“, – განაცხადა ზლატანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი