ევრო-2016-ის თილისმას სახელი შეურჩიეს

უეფამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის თილისმას სახელი შეურჩია.

სახელის შერჩევის პროცესში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. სამი სავარაუდო სახელიდან — დრიბლუ, გოლიქსი და სუპერვიქტორი, — ეს უკანასკნელი შეირჩა.

გამოკითხვაში 107 790 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, სუპერვიქტორს კი ხმა 51 781 მონაწილემ მისცა.

სუპერვიქტორის ისტორია

ევრო-2016-ის ოფიციალური თილისმა

საფრანგეთში გასამართი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა არჩეულია. თილისმა საფრანგეთის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნაა, რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს. სამაგიეროდ, ისტორია უკვე შეუთხზეს:

მისი მამა ფეხბურთელი იყო, მასაც ჰქონდა ფეხბურთის თამაშის სურვილი, თუმცა ნიჭი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ მეგობრების წრეში გასართობად თამაშობდა. საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს ბიჭუნას ბურთი მოედნის მიღმა გადაუვარდა და მის მოსატანად გაეშურა. ბალახებში სკივრი იპოვა, რომელშიც სამი ნივთი აღმოჩნდა: წითელი მოსასხამი, ბუცები და ბურთი. მოსასხამი მას სწრაფი ფრენის საშუალებას აძლევს, ბუცების ჩაცმის შემდეგ გაცილებით ტექნიკური გახდა და ახალი ფინტების მოფიქრებაც დაიწყო, ბურთი კი ყველგან დააქვს და ფეხბურთის გულშემატკივრებთან თამაშობს.

მიმდინარეობს თილისმისთვის სახელის შერჩევის პროცესი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამი სავარაუდო სახელია: დრიბლუ, გოლიქსი და სუპერვიქტორი.

„ჰოფენჰაიმის“ თილისმის წარუმატებლობა

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „ჰოფენჰაიმმა“ „ვოლფსბურგი“ ანგარიშით 6:2 გაანადგურა. 43-ე წუთზე, როცა მასპინძლებმა უპირატესობა განიმტკიცეს, გოლის ფეხბურთელებთან ერთად აღნიშვნა კლუბის თილისმა ჰოფიმაც გადაწყვიტა, თუმცა ზედმეტ სიჩქარეში ფეხი სარეკლამო აბრას წამოსდო, წაიქცა და „თავი მოსძვრა“. ასე დაიმსხვა ჰოფის მითი.

წაქცეულმა უმალ ხელი „მომძვრალ თავს“ სტაცა, მას ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო ფირმინოც დაეხმარა. გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.