არაბული: “ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ არაფერს გამოვრიცხავ”

უნგრეთის “ბალმაზიუვაროშში” მოთამაშე ქართველ ლეგიონერს, რომელიც წარსულში თბილისის “საბურთალოში” გამოდიოდა, ამ უკანასკნელი კლუბის ოფიციალური გვერდი დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ბაჩანამ საუბარი მის ამჟამინდელ კლუბში არსებულ სიტუაციაზე დაიწყო:

– თასზე და ჩემპიონატში ორი მატჩი ვითამაშეთ, სასიხარულოა, რომ ორივეში წარმატებებს მივაღწიეთ. 28 თებერვალს სათასო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გველის „დიორ ეტო“-სთან, რომელთანაც სტუმრად 3:2 გავიმარჯვეთ. კარგი შანსი გვაქვს, რომ ეს ბარიერი დავძლით, დანარჩენს უშუალოდ შეხვედრა დაგვანახებს. ასევე, წლეულს დასაწყისი კარგი გამოგვივიდა ჩემპიონატშიც, სადაც სტუმრად ევროტურნირებზე გამსვლელი კანდიდატი „დებრეცენი“ დავამარცხეთ, რომელიც მესამე ადგილზეა. მათთან გასვლაზე მოგება, კარგის ნიშანია.

– ლაშა შინდაგორიძის გარდა, კიდევ ვინ დაიმატეთ?

– შინდაგორიძის გარდა, კიდევ 3 ახალი ფეხბურთელი გვყავს, უმეტესობა შემტევითი სტილისაა. ერთ-ერთი მათგანი რუდოლფ გერგელია, რომელიც „ჯენოა“-ში კახა კალაძის გუნდელი იყო. ვფიქრობ, წლეულს საგრძნობლად გავძლიერდით.

– როგორ ფიქრობთ, მოახერხებს კლუბი უძლიერესთა რიგებში ადგილის შენარჩუნებას?

– თუ, ბოლო დროინდელ მატჩებს გადავავლებთ თვალს, ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. თავდაპირველად, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ მდგომარეობა.

– ლაშა შინდაგორიძე ერთი თვეა, რაც კლუბში ჩაირიცხა. გვითხარით, მის მიმართ როგორ გაჩნდა ინტერესი?

– მთავარი მწვრთნელის დიდი სურვილი იყო, რომ ლაშა თავის რიგებში ეხილა. ადგილობრივებს ჰქონდათ მასზე ინფორმაცია, გარკვეული კონსულტაციები ჩემთანაც გაიარეს. ისიც ვუთხარი, რომ ამ სკოლისა და კლუბის აღზრდილი ვარ. „საბურთალოს“ ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის-მეთქი. ამის მერე გადაწყვიტეს „საბურთალოსთან“ დაკავშირება და ტრანსფერიც შედგა. ლაშა ზუსტად ისეთი სტილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდს სჭირდებოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ შინდაგორიძე გუნდში ყველაზე სწრაფია.
უნგრეთში ლეგიონერებზე თამაში შეზღუდულია, მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშის უფლება გაქვს. თუ ისე მოხდა, რომ კლუბმა 3-ზე მეტი ფეხბურთელი გაიყვანა მინდორზე, მაშინ კლუბს ჯარიმის გადახდა უწევს, ჯარიმა კი საკმაოდ სოლიდურია. გუნდს მხოლოდ 5 ლეგიონერის გაყვანა შეუძლია მინდორზე იმ შემთხვევაში, თუ მეტოქე გასული სეზონის ოთხეულის ბინადარია.

– „ბალმაზუივაროშთან“ რომელ წლამდე გაკავშირებთ კონტრაქტი?
– 2019 წლამდე. ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, სეზონი ახალი განახლებულია და ჩვენი დასახული ამოცანა უნდა შევასრულოთ. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს, არაფერს არ გამოვრიცხავ სეზონის დასრულების შემდეგ.

– შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატს თვალს თუ ადევნებთ?

– როცა დრო მაქვს ვუყურებ-ხოლმე მატჩებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველას, თუმცა „დინამო“-„საბურთალოსა“ და ცენტრალურ შეხვედრებს, ვუყურებ.

– ბავშვობის დიდი ნაწილი „საბურთალო“-ში გაატარეთ. რას იტყვით ამ კლუბზე, რომელიც წლეულს უძლიერესთა შორის მეოთხე სეზონს იწყებს?

– სამწუხაროდ, „საბურთალოსთან“ ერთად უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია, მაგრამ კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ კლუბთან. სწორედ, თბილისურ კლუბში განვითარდი და ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი. ვხედავ, რომ „საბურთალო“ ეტაპობრივად წინ მიიწევს, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგებით. გასულ წელს კლუბს ცოტა დააკლდა, რომ ევროტურნირებზე მოხვედრილიყო. ძალიან ვგულშემატკივრობ – მინდა წლეულს წარმატებები და ევროსარბიელზე მოხვედრა ვუსურვო. ეს ფაქტორი, კლუბს კიდევ უფრო განავითარებს.
მინდა ავღნიშნო, რომ „საბურთალოს“ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი. “საბურთალოში” ირიცხებიან პერსპექტიული ფეხბურთელები. კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი და გამორჩეული მიდგომა აქვთ, რომლებმაც იციან ფეხბურთელის ფასი.

– ბოლოს საქართველოში „საბურთალოდან“ „დინამოში გადახვედით. თქვენი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშეთ და გოლებიც გაიტანეთ. შინაგანად რას გრძნობდით?

– ამ საკითხს პროფესიონალურად ვუდგები – სადაც ვთამაშობ იმ გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა, თამაშისას მქონდა ის შეგრძნება, რომ იმ კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელსაც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „საბურთალოს“ მიმართ ყოველთვის მქონდა მადლიერების გრძნობა და ასე იქნება ბოლომდე.

– ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება. ვინმე ხომ დაგკავშირებიათ?

– ჩემი საქმეა ფეხბურთი ვითამაშო, ამისთვის ბევრს ვშრომობ. თუ დამიკავშირდებიან, რა თქმა უნდა გამეხარდება.

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

არაბულის გამარჯვების გოლი – ქართველი შეუდარებელ ფორმაშია

დღეს უნგრეთში ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა. “ბალმაზუივაროში” “დიოშდიორს” სტუმრად ეწვია და იგი მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ახალგაზრდა ქართველი შემტევი ბაჩანა არაბული, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და 94-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. ეს გოლი ქართველისათვი მიმდინარე სეზონში მე-6 აღმოჩნდა.

ამ გამარჯვებით “ბალმაზუივაროშს” 13 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

ბაჩანა არაბულის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში

გუშინ უნგრეთის ჩემპიონატში მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მეზიოკიოვეშდი” “ბალმაზიუვაროშს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში ქართველი თავდამსხმელი, ბაჩანა არაბული თამაშობს. 23 წლის სპორტსმენმა მინდორზე 90 წუთი ითამაშა და დუბლით გამოიჩინა თავი.

არაბულმა 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 58-ე და 70-ე წუთებზე ლაზარისა და სტრეშტიკის გოლებით მასპინძლები წინ გავიდნენ, თუმცა 88-ე წუთზე კვლავ ბაჩანამ  შეძლო ტუიველის კარის აღება და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.

საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ არაბულის კლუბი ექვსი ქულით ბოლოს წინა – მე-11 ადგილზეა.

 

ბაჩო არაბული: “ეროვნულ ლიგაში ჩვენი მთავარი კონკურენტი “სამტრედიაა”

გუშინ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” მიიღო. დედაქალაქელები თავიდან ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ, შემდეგ იმერლებმა გაათანაბრეს. თუმცა, ბოლო წუთზე ბაჩანა არაბულის თავურით “დინამომ” მაინც მოიპოვა სამი ქულა.

Fanebi.Com-ი გამარჯვების გოლის ავტორს დაუკავშირდა და მას კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, რაც უშუალოდ მატჩზეც აისახა – ძალიან სანახაობრივი და კარგი დაპირისპირება გამოვიდა. შეხვედრა მშვენივრად დავიწყეთ, ორი გოლიც გავიტანეთ, თუმცა შემდეგ ცუდი რამ დაგვემართა. ჩვენი უყურადღებობის და სამტრედიის მიერ ზეწოლის გაძლიერების გამო, ორი გოლი მივიღეთ.”

“სტუმრების ორ გოლამდე და მათ შემდეგ, ორივე შემთხვევაში გვქონდა მომენტები. საბოლოოდ, მაინც ჩვენ გაგვიმართლა.”

“ჩემპიონატში მთავარ კონკურენტად სწორედ “სამტრედიას” მივიჩნევ. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე გუნდი, რომლებსაც ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. ზაფხულისთვის უკეთ გამოიკვეთება, ვის ძალუძს ჩემპიონობისთვის რეალური ბრძოლა,” – განაცხადა არაბულმა.

ფოტო: Fcdinamo.Ge

არაბული: “პირველ ადგილზე დამსახურებულად ვართ!”

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ქობულეთის “შუქურა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5:0 გაანადგურა. ამ გამარჯვებით თბილისლებს 15 ქულა დაუგროვდათ და პირველ ადგილზე გადავიდნენ.

ჰეთრიკი შეასრულა ბაჩანა არაბულმა, რომელმაც მატჩის შემდეგ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“12 დღეში მეოთხე მატჩი ჩავატარეთ. ძალიან გადაღლილები ვიყავით. სამი დაპირისპირება წინა ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებთან გავმართეთ და ყველა მათგანი მოვიგეთ. იქ ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ. შესაბამისად, მარტივი დაპირისპირებაც არ გამოვიდა.”

“ძალიან მოვინდომეთ და დიდი ანგარიშითაც გავიმარჯვეთ. თამაშის ხარისხითაც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, პირველ ადგილზე დამსახურებულად ვართ,” – განაცხადა ბაჩანა არაბულმა.

არაბული: “მეორე ტაიმში ცოტა ვინერვიულეთ, თუმცა მთავარი სამი ქულა იყო”

დღეს თბილისის “დინამომ” ეროვნული ლიგის პირველ ტურში ფოთის “კოლხეთი” დაამარცხა. ერთადერთი და გამარჯვების გოლის ავტორი, ბაჩანა არაბული გახდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“პირველი თამაში იყო და, შესაბამისად, რთული მატჩი გამოვიდა. მეორე ნახევარში ნერვიულობაც დაგვეტყო. მთავარი მოგებით დაწყება იყო და ეს მიზანი შევასრულეთ. ხარვეზებს ნელ-ნელა გავაანალიზებთ.”

“ახალი გუნდი ყალიბდება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, შეგვეცვალა მწვრთნელიც, რომელსაც დრო სჭირდება.”

“მიზნებს რაც შეეხება, წინ დიდი სეზონია და ნელ-ნელა გამოიკვეთება, რისთვის შეგვიძლია ბრძოლა,” – განაცხადა არაბულმა.

ბაჩანა არაბულის გოლი შვედეთის 21-წლამდე ნაკრების კარში (ვიდეო)

3 ივნისს, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვედეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საქართველოს ნაკრები მიიღო.

მატჩის 35-ე წუთზე, ბაჩანა არაბულმა მასპინძელთა კარი დალაშქრა და ანგარიში 1:1 გახადა.

ბაჩანა არაბული – დინამო ერთი დიდი ოჯახია

თბილისის “დინამო” პირველი ქართული გუნდია, რომელიც ახალი სეზონისთვის მზადება საზღვარგარეთ დაიწყო. გუნდის შემადგენლობაში მრავალი ახალწვეულია და მათ შორის ერთ-ერთი ბაჩანა არაბულია, რომელმაც თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებვერდს კომენტარი მისცა.

გუნდში მოსვლის შემოთავაზება გია გეგუჩაძისგან მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი. ესეთ სახელოვან და ტიტულოვან გუნდში თამაში საკმაოდ პრესტიჟულია. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, შესაბამისად ჩემთვის სასიხარულოა დინამოში ყოფნა.

2-3 ივლისს პირველი მატჩი გვექნება ევროთასებზე და შეკრებაზე დატვირთვის ქვეშ გვიწევს მომზადება. საჭიროა მაქსიმალურად მზადყოფნა, რადგან ფაქტობრივად ევროთასის პირველი თამაშიდან ერთ თვეში ჩემპიონატიც დაიწყება. გუნდში ახალი მწვრთნელია, ახალი ტაქტიკური მონახაზები იხვეწება და საჭიროა ყოველი დღის და ვარჯიშის მაქსიმალურად ათვისება. გუნდში ყველაფერი იდეალურადაა. დინამო ერთი დიდი ოჯახია და ამ კლუბს სხვანაირად არც შეეფერება” – განაცხადა არაბულმა.

“დინამომ” კიდევ ერთი ფორვარდი დაიმატა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემტევი, ბაჩანა არაბული კარიერის თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.

ქართველმა შემტევმა კარიერია “საბურთალოში” დაიწყო. უთამაშია გორის “დილაში” და ესპანურ “ალკორკონში”. ბოლოს კი “ცხინვალის” ღირსებას იცავდა. არაბულსა და “დინამოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები კი ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “დინამომ” უკვე ხუთი ტრანსფერი განახორციელა. ცნობილია, რომ თბილისელთა რიგებში იასპარეზებენ: გიორგი ბეგაშვილი, გიორგი გურული, არჩილ ტვილდიანი, გიორგი ქვილითაია და ალექსანდრე იაშვილი.

 

არაბული “ცხინვალში” ითამაშებს

გორის “დილას” ყოფილი შემტევი ბაჩანა არაბული კარიერას “ცხინვალში” გააგრძელებს.

21 წლის ფორვარდი კახა კაჭარავს გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არაბულის ანგარიშზე 9 თამაშში გატანილი ერთი გოლია.

ბაჩანა არაბული გორის „დილას“ უბრუნდება

გორის „დილაში“ 20 წლის თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ბრუნდება, რომელიც როგორც იცით ჩვენს გუნდში 2012-13 წლების სეზონში გამოდიოდა და ჩატარებულ მატჩში გულშემატკივარს თავი 5 გატანილი გოლით დაამახსოვრებინა.

აქამდე არაბული ესპანეთის მეორე დივიზიონის „ალკორკონში“ ირიცხებოდა, საიდანაც ის გორულ გუნდს უბრუნდება.

„დილას“ პრესსამსახური

არაბულის პირველი ესპანური

ბაჩანა არაბულმა ესპანური “ალკორკონ ბ”-ს რიგებში ოფიციალურ შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

ტერსერა დივიზიონის 32-ე ტურში არაბულის გუნდი გასვლით მატჩში “ტრივალ ვალდერასთან” 1:4 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში იყო და 38-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს “ალკორკონის” კარში.