ფიბა-მ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩების კალენდარი სრულად წარმოადგინა. აქამდე ცნობილი იყო ჯგუფურ ეტაპზე გასამართი მატჩების დღეები, ახლა კი მათი გამართვის დროებიც დადგინდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების განრიგი გვაინტერესებს, რომელსაც სტატიის ბოლოში გაეცნობით, აქ კი დავამატებთ, რომ დროები შესაძლებელია სატელევიზიო მიზეზების გამო გამო შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კონტინენტის უმთავრესი ტურნირი ერთდროულად 4 ქვეყანაში გაიმართება. საქართველო ჯგუფურ ეტაპს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ითამაშებს სლოვენიის, ჰოლანდიის, საბერნეთის, მაკედონიისა და მასპინძელ ხორვატიის ნაკრებებთან ერთად.
ტურნირის პირველი მატჩი რიგაში გაიმართება, სადაც ჯგუფის თამაშები ესტონეთი – ჩეხეთის დაპირისპირებით გაიხსნება. საქართველოს ნაკრებისთვის დასვენების დღე 7 სექტემბერი იქნება. ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში გავა, სადაც ჩემპიონობითვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.
ჯგუფური ეტპი 10 სექტემბერს დასრულდება, ხოლო პლეი ოფი სტარტს 12 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლილში აიღებს. ევროპის ჩემპიონატის მატჩების ბილეთების გაყიდვა მხოლოდ A ჯგუფში დაიწყო, დანარჩენ ჯგუფებში კი უახლოეს მომავალში დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი. C ჯგუფი. ზაგრები, ხორვატია (მითითებულია თბილისის დრო)
5 სექტემბერი საქართველო – ჰოლანდია 18:00
6 სექტემბერი სლოვენია – საქართველო 21:00
8 სექტემბერი საქართველო – საბერძნეთი 21:00
9 სექტემბერი მაკედონია – საქართველო 21:00
10 სექტემბერი საქართველო – ხორვატია 21:00
gbf.ge