მაშ ასე – დასრულდა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელმაც ტურნირის მონაწილეთა რიცხვი ბოლომდე შეავსო. 10-დან 27 აგვისტოს ჩათვლით გამართულმა შესარჩევმა ტურნირმა მანამდე ცნობილ 11 ნაკრებს 13 დაუმატა და შეიკრა ის 24 გუნდი, რომლებიც 2015 წლის სექტემბერში კონტინენტის პირველობაზე ითამაშებენ.
გასარკვევი დარჩა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის ვინაობა. 8 სექტემბერს, ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა იმ ქვეყანას, ან ქვეყნებს დაასახელებს, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. კანდიდატი 8 ქვეყანაა – თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, ლატვია, პოლონეთი, ისრაელი და ხორვატია. როგორც თავში ვთქვით, არაა გამორიცხული, რომ ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება რამდენიმე ქვეყანას ზიარად მისცეს.
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საგზურები სამ ეტაპად განაწილდა: პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევრობასკეტ 2013-ზე და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ევრობასკეტზე გასული პირველი ქვეყანა ესტონეთია, რომელმაც ეს საგზური 2013 წლის აგვისტოში მოიპოვა.როცა ფიბა-ევროპამ „ა“ და „ბ“ დივიზიონები გააერთიანა, იმ ციკლში სლოვენიაში ევრობასკეტი ტარდებოდა. შესაბამისად, ქვედა ეშელონის ქვეყნების წარმომადგენლები უსაქმოდ რჩებოდნენ გამომდინარე იქიდან, რომ „ბ“ დივიზიონის გაუქმებასთან ერთად „ა“ დივიზიონში გადასასვლელი მატჩების ჩატარების აუცილებლობა აღარ იყო. ამიტომ ფიბა-ევროპამ „ბ“ დივიზიონის ყოფილ წევრებში გაათამაშა მომავალი, 2015 წლის ჩემპიონატის 1 საგზური, რომელიც ესტონეთმა მოიგო.
სლოვენიაში 2013 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო შვიდმა (საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, უკრაინა, სერბეთი) გუნდმა, ასევე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (უაილდ ქარდით) მოხვედრილმა ნაკრებებმა – ფინეთმა, თურქეთმა და საბერძნეთმა 2015 წლის ევრობასკეტის საგზურები მიიღეს.
ასე და ამგვარად, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ევრობასკეტის 11 მონაწილე იყო ცნობილი. შესაბამისად, ახლახან დასრულებულმა შესარჩევმა ტურნირმა კიდევ 13 გუნდი გამოავლინა და ევრობასკეტის მონაწილეთა რიცხვი 24-ამდე შეივსო.
საბედნიეროდ, ამ რიცხვში მოხვდა საქართველოს ნაკრები, რომელმაც E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე გასული ჩეხეთიც გავიდა ევრობასკეტზე, რადგან მისი მონაცემები არ აღმოჩნდა ყველაზე უარესი. დებულების თანახმად, 7 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად ევრობასკეტის საგზურს 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი იღებდა.
ეს 1 უიღბლო მეორეადგილოსანი, რომელიც ევროპირველობის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა, რუმინეთია. რუმინელებმა იმდენივე ქულა დააგროვეს, რამდენიც სხვა ჯგუფებში მეორეზე გასულმა ჩეხეთმა, ჰოლანდიამ, ისლანდიამ და რუსეთმა, თუმცა ბურთების შეფარდება ყველა ჩამოთვლილზე უარესი ჰქონდათ.
საქართველოს ნაკრებისთვის ახლახან დასრულებული ევროსაკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესო იყო. აქამდე ჩვენი ნაკრები ერთხელაც არ გასულა ჯგუფში პირველ ადგილზე – 2010 და 2012 წლებში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ფინალურ ეტაპზე მოხვედრა მაინც მოახერხა. ბოლო ციკლში საქართველოს ნაკრებს 3 წამყვანი მოთამაშე აკლდა – მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი და ნატურალიზებული რიკი ჰიკმანი. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მოახერხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ გავიდნენ.
რამდენიმე დღეში შევიტყობთ, თუ სად ჩატარდება 2015 წლის ევროპის პირველობა, ხოლო სავარაუდოდ იანვარში ევრობასკეტის მონაწილეები წილისყრის შედეგად ჯგუფებში განაწილდებიან და შედგება კალენდარი.
gbf.ge