გუს ჰიდინკი: “ჩელსი” ოთხეულში უნდა იყოს”

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში ლონდონის “ჩელსი” შინ “მანჩესტერ სიტისთან” ანგარიშით 0:3 განადგურდა. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს სეზონი მართლაც მძიმეა.

“ჩელსის” ამ სეზონში რთული ვითარება შეექმნა. ფანები იმედგაცრუებულნი დარჩნენ. გასავარდ ზონას თავი უმოკლეს დროში დავაღიწეთ, მაგრამ “ჩელსი” ზედა ოთხეულში უნდა იყოს. “მანჩესტერ სიტი” ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ძლიერი და გამოცდილი მეტოქეა. დღეს “ჩელსი” მომენტების შექმნას შეეცადა, მაგრამ “სიტის” ვერ აჯობა, ვინაიდან მეტოქემ უკეთ ითამაშა”, – ციტირებს ჰიდინკის სიტყვებს “ბიბისი”.

 

ჰიდინკი: “პსჟ”-ს ბევრის უფლება მივეცით”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსი” “პარი სენ-ჟერმენთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიშით 4:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა დამრიგებელმა გუს ჰიდინკმა პარიზული გუნდი შეაქო.

“პირველ ათ წუთში მეტოქეს ბევრის უფლება მივეცით. მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” დომინირებდა. პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ როგორც კი გავაქტიურდით, მაშინვე შევქმენით მომენტები. 67-ე წუთზე ყველაფერი შეიცვალა. გოლის გატანის მშვენიერი შანსი გვქონდა, შემდეგ დიეგო კოსტა დაშავდა. მატჩამდეც ვიცოდით, რომ იგი ასი პროცენტით სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა ძალიან უნდოდა თამაში და დღეს ლამაზი გოლიც გაიტანა”, – ჰიდინკის მატჩისშემდგომი კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

“ჩელსის” “ევერტონთან” აზარი დააკლდება

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა გუს ჰიდინკმა ინგლისის პრემიერლიგაში ლივერპულის “ევერტონთან” გასამართ მატჩამდე გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

“ვესტ ბრომვიჩთან” გამართულ მატჩში არავინ დაშავებულა. ედენ აზარი მალე გამოჯანმრთელდება, თუმცა ჯერჯერობით ის მზად არ არის. იმედია, მომდევნო კვირაში იგი სრულყოფილად ვარჯიშს შეძლებს, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა იგი “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში. რადამელ ფალკაოც ტრავმირებულია. დანარჩენები მზად არიან”, – ციტირებს ჰიდინკის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

“ჩელსისა” და “ევერტონს” შორის მატჩი შაბათს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

ვან პერსი: “ჰიდინკი მწვრთნელი არ არის”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიის ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო. გუს ჰიდინკის გუნდი ჩეხეთში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში ჩეხმა ნახევარმცველმა ბორჟეკ დოჩკალმა 21-ე წუთზე გახსნა. 55-ე წუთზე ჰოლანდიელმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა ვაცლავ პილარჟმა გაიტანა და ჩეხეთის ნაკრებს სამი ქულა მოუტანა.

მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა.

“ჰიდინკი მწვრთნელი არ არის. დამამცირებელი მარცხი ვიწვნიეთ. მას შემდეგ, რაც ანგარიში 1:1 გახდა, ვიფიქრე, რომ მოგება შეგვეძლო. დაწინაურების რამდენიმე შანსიც გვქონდა, თუმცა ბოლო წუთზე გოლი აქეთ გავუშვით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა “დე ტელეგრააფი”.

ეს შეხვედრა გუს ჰიდინკისთვის ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი იყო. 67 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოზიციაზე ლუი ვან გაალი შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჰიდინკი “ნარინჯისფერთა” მთავარ გუნდს 1994–1998 წლებშიც თავკაცობდა.

ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, შინ გამართავს. ჰიდინკის გუნდი ყაზახეთის ნაკრებს მიღებს, რომელიც თავის მხრივ, ლატვიის ეროვნულ გუნდს უგოლოდ დაშორდა.

 

ჰიდინკი ჰოლანდიის ნაკრებს ჩაიბარებს

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალს გუს ჰიდინკი შეცვლის.

მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. 67 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბში დანი ბლინდი და რუდ ვან ნისტელროი შევლენ. ჰიდინკის კონტრაქტი ძალაში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევა და მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გუს ჰიდინკი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს 1994–1998 წლებში თავკაცობდა. რაც შეეხება ვან გალს, ჰოლანდიელთა ამჟამინდელი თავკაცი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგას მაშურებს და „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ჩაიბარებს.

გარდა ამისა, გაირკვა ისიც, რომ ჰიდინკის კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის პოსტზე დანი ბლინდი დაინიშნება, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, მანამდე გუნდის თავკაცის თანაშემწედ იმუშავებს. 52 წლის სპეციალისტმა უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც 2016 წელს შევა ძალაში და 2018 წლამდე იმოქმედებს.

ბექა დოგრაშვილი