“ევერტონმა” The Sun-ის ჟურნალისტებს “გუდისონ პარკზე” გამოჩენა აუკრძალა

ბრიტანული “ევერტონის” ხელმძღვანელებმა The Sun-ის ჟურნალისტებს “გუდისონ პარკსა” და კლუბის კუთვნილებაში მყოფ რომელიმე სხვა ტერიტორიაზე გამოჩენა აუკრძალეს.

როგორც ცნობილი ხდება, ეს გადაწყვეტილება “კამფეტების” ხელმძღვანელებს The Sun-ის მიმომხილველის, კელვინ მაკკენზის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ მიაღებინა.

აღნიშნულ წერილში ჟურნალისტმა როს ბარკლი, რომელსაც ნიგერიელი ბაბუა ჰყავს, გორილას შეადარა. ეს კი ინგლისელებმა რასიზმის გამოვლინებად მონათლეს.

მართალია ინგლისური გამოცემის რედაქციამ ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ამან “ევერტონის” გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედა.

“ლივერპულმა” The Sun-ის ჟურნალისტებს “ენფილდზე” გამოჩენა აუკრძალა

The Independent-ის მიერ მოპოვებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა The Sun-ის ჟურნალისტები შავ სიაში ოფიციალურად შეიყვანეს.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული გამოცემის ჟურნალისტებს არა მარტო “ენფილდზე” გასამართ მატჩებზე დასწრების უფლება, არამედ კლუბის რომელიმე ფეხბურთელთან საუბარიც შეეზღუდებათ.

როგორც იცით, “წითლები” The Sun-ის რედაქციას ჰილსბროს ტრაგედიის შემდეგ მტრობენ – “სანის” ჟურნალისტებმა 1989 წლის 19 აპრილს, 96 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან 4 დღის შემდეგ, ვრცელი სტატია მიუძღვნეს თემას სახელწოდებით “სინამდვილე”, სადაც არაერთი ცრუ ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული, რაც დაღუპულთა ხსოვნას შეურაცხყოფდა.

„ბაიერნი“ ბრიტანულ გაზეთებს შვაინშტაიგერის შეურაცხყოფას არ მოუთმენს

მიუნხენის „ბაიერნი“ ორ ბრიტანულ გამოცემას — „დეილი მირორსა“ და „სანს“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის აკრედიტაციების გაცემაზე უარს ეუბნება.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ წყვილის პირველი შეხვედრის შემდეგ აღნიშნულმა გაზეთებმა ბავარიული კლუბის ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის მიმართ შეურაცხყოფელი სათაური გამოაქვეყნეს.

„მიუნხენის „ბაიერნი“ თვლის, რომ ინფორმაციის ამგვარი ფორმით წარდგენა მიუღებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს აღნიშნულ გამოცემებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „დეილი მირორსა“ და „სანს“ „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის 9 აპრილს გასამართი მატჩის აკრედიტაციებზე უარი ეთქმებათ“, – ნათქვამია გერმანული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველ მატჩში ბავარიული კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი უეინ რუნის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის მოედნიდან გააძევეს. სათქმელია ისიც, რომ მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგი თვლის, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა, ზოგის აზრით, არბიტრს შვაინშტაიგერის დანდობა შეეძლო, ზოგი კი მიიჩევს, რომ გერმანელი ნახევარმცველი სრულიად დამსახურებულად გააძევეს მოედნიდან.

„დეილი მირორმა“ ნომრის მოწინავე თემა ასე დაასათაურა: „ბინძურო ღორო“. აღსანიშნავია, რომ გერმანულად სიტყვა Schwein სწორედ ღორს აღნიშნავს. „სანს“ კი ასეთი წარწერა „ამშვენებდა“: „You schwein“, რაც ასე შეგვიძლია, გადავთარგმნოთ: „ღორო“.

სიტყვებით თამაში ინგლისელ ჟურნალისტებს არასდროს ეშლებოდათ, თუმცა გერმანელებმა საკუთარი ფეხბურთელის შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და როგორც გითხარით, განმეორებით მატჩზე აღნიშნულ ბრიტანულ გამოცემებს აკრედიტაციის გარეშე დატოვებენ.

ბექა დოგრაშვილი