კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, რასაც სოციალურ ქსელ Twitter-ში ესპანეთის ეროვნული ნაკრების გვერდიც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი ქვეყნის 17, 18, 20, 21 და 23-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას იცავდა.
34 წლის ფეხბურთელმა “ფურია როხასთან” ერთად 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსთან შეხვედრის შემდეგ ჩავი ერნანდესმა „ნოუ კამპზე“ დარჩენა გადაწყვიტა. 24 ივლისს ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
ლუის ენრიკემ გასაგებად აუხსნა ჩავის, თუ რას ელის მისგან დამდეგ სეზონში. გარდა ამისა, ბარტომეუმ ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ თავს კომფორტულად იგრძნობდა იმ ახალ პროექტში, რომელსაც „ბარსელონა“ ახორციელებს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ჩავის მომავალი მხოლოდ მისსავე ხელშია.
ფეხბურთელის წარმომადგენელი ივან კორეტია არ გამორიცხავს, რომ ჩავი მაინც „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდეს. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პროცესი არ დაჩქარდება. სავარაუდოდ, ჩავი დამდეგ სეზონს „ბარსელონაში“ გაატარებს, აშშ-ს კი ერთი წლის შემდეგ მიაშურებს.
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი სტილის შეცვლას არ აპირებს. ჩავიმ ლონდონის „ჩელსიში“ დღეს გადასულ ფრანჩესკ ფაბრეგასთან გასაუბრებაც მოასწრო.
„ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ისე, როგორც აქამდე თამაშობდა. გავიმარჯვებთ ან დავიხოცებით ჩვენი სათამაშო სტილით.
რაც შეეხება ფაბრეგასს, ის კმაყოფილია. ეს „ბარსელონასთვის“, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, თუმცა ვიცი, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა სურდა“, – ჩავის სიტყვები „დეილი მეილმა„ გამოაქვეყნა.
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა. კატალონიურმა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა, რომელიც „ნოუ კამპზე“ გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკომ“ მე-5 წუთზევე დაწინაურდა და შემდეგ კარი მშრალად შეინახა. ამრიგად მადრიდულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 2:1 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კატალონიელთა მხრიდან ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) სასიკეთო ფაქტი ის იყო, რომ ჩავი ერნანდესს მატჩის მიმდინარეობისას გაკეთებული ასი გადაცემიდან ასივე ზუსტი გამოუვიდა, რაც ამ სტატისტიკური მონაცემის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
როგორც ამბობენ, კატალონიელი ნახევარმცველი ფეხბურთს მიღმაც სამაგალითო პიროვნებაა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩავისთან, რომელშიც ის სწორედ არასაფეხბურთო კუთხით არის წარმოჩენილი.
— ვინ არის თქვენი კერპი სპორტში?
— ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ვფიქრობ, ბოლო 20-წლეულის საუკეთესო ნახევარმცველი პოლ სქოულზია. ის მისაბაძი ფიგურაა. რაც შეეხება „ბარსელონას“ ცენტრალურ ნახევარმცველებს, აქ ჩემი გმირი პეპ გვარდიოლა იყო.
— ვინ იქნებოდით, რომ არა სპორტსმენი?
— სხვა მრავალი ფეხბურთელის მსგავსად, თამაში „ლა მასიაში“, 11 წლის ასაკში დავიწყე. ვერ წარმომიდგენია, „ბარსელონას“ მოთამაშე რომ არ ვიყო. უფრო წარმოუდგენელია, საერთოდ ფეხბურთს რომ არ ვთამაშობდე. სხვაგან თამაშის სურვილი არც მაქვს.
— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?
— თამაშის მნიშვნელობის თვალსაზრისით მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებულ ფინალურ მატჩზე უდიდესს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ჩემს საუკეთესო თამაშს, ეს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოხდა, როცა მეტოქე ანგარიშით 5:0 დავამარცხეთ. მაშინ საოცარი გრძნობა დამეუფლა, გასახდელში ვიყავით და საკუთარ თავს აპლოდისმენტებით ვასაჩუქრებდით. ეს იყო სურეალისტური გამოცდილება.
— და ყველაზე ცუდი მომენტი?
— ეს ის მომენტი იყო, როცა გავიგეთ, რომ ერიკ აბიდალს ღვიძლის კიბო ჰქონდა. ამ ამბავმა ყველაფერი განზე გაწია. მახსოვს, ის ისევე გვამხნევებდა, როგორც ჩვენ ვამხნევებდით მას.
— თქვენს სახლში ხანძარი რომ იყოს, რომელ ერთ ნივთს გადაარჩენდით?
— მხოლოდ იმას, რისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია. ვერანაირი თანხა ვერ შეცვლის იმ მაისურს, რომელიც მეცვა მაშინ, როცა თავს ზემოთ მსოფლიოს თასი ავწიე.
— რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად?
— “Losing My Religion”. R.E.M. – საერთოდ მომწონს ამ ჯგუფის შემოქმედება.
— რომელ სატელევიზიო გადაცემას არ ტოვებთ?
— საერთოდ, ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ. ან ფილმებს ვუყურებ, ანდაც – ფეხბურთს. ინგლისის პრემიერლიგის მატჩებისთვის თვალ-ყურის მიდევნება ერთი სიამოვნებაა, ვუყურებ კინოფილმებსაც. აი, ასე ვისვენებ.
— სამ ცნობილ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის შეხვდებოდით და რატომ მათ?
— ავირჩევდი რობერტ დე ნიროს, ბრიუს სპრინგსტინსა და დიეგო მარადონას. ეს არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ასპექტებით ვაფასებ.
— კერძების მომზადება თუ შეგიძლიათ?
— კულინარიულ საქმეში საკმაოდ ძლიერი ვარ, თუმცა რთულად მოსამზადებელ კერძებს არ ვეკარები. როგორც წესი, მაკარონს ვუმატებ შემწვარ ქათამს და ვასხამ მცირე ოდენობით ზეითუნის ზეთს.
— სად გიყვართ დასვენება?
— იბიცა ბევრი ესპანელი ფეხბურთელის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. თუ ამ ადგილს ზაფხულში ეწვევით, საკმაოდ ბევრ ცნობილ მსახიობსა და მუსიკოსს წააწყდებით. ასე რომ, იბიცაზე ფეხბურთელებისთვის არავის სცალია.
— თქვენი ცხოვრების ამსახველ ფილმში, ვის ისურვებდით თქვენი როლის შემსრულებლად?
— მაღალი ფეხბურთელი არ ვარ, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, ვინმე მეთ დეიმონის მსგავსს ავარჩევდი.
— გვითხარით თქვენი რაიმე საიდუმლო…
— „ბერნაბეუზე“ ვთამაშობდით. მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი. მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ჩემთან რაული მოვიდა, ყურში მწვდა და დამშვიდებისკენ მომიწოდა. ახლა ის ჩემი დიდი მეგობარია, მაგრამ მაშინ ასეთი რამ მითხრა: „იცოდე შენი ადგილი, ბიჭო! აქ ჩვენი იერარქია გვაქვს“.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (1:0) კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა უნიკალური რეკორდი დაამაყარა.
Opta Sports-ის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიელმა ფეხბურთელმა ასი გადაცემა გააკეთა და ასივე ზუსტი გამოდგა.
ამრიგად, ჩავი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ამ სტატისტიკური მონაცემის დანერგვის პერიოდიდან (2003/04 წლების სეზონი) ერთ მატჩში გაკეთებული ზუსტი გადაცემების რაოდენობა 100 პროცენტს გაუტოლა.