“ატლეტიკომ” “ლესტერთან” ფრედ ითამაშა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლესტერ სიტისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული საპასუხო შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის 26-ე წუთზე საულ ნიგესმა თავური დარტყმით გახსნა. 61-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ინგლისელებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.

ორი მატჩის ჯამში ესპანურმა გუნდმა 2:1 მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“ლესტერი” — “ატლეტიკო” 1:1 (0:1)
გოლები: ვარდი 61′ — საული 26′.

“ატლეტიკომ” “ლევერკუზენთან” ფრედ ითამაშა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და ლევერკუზენის “ბაიერს” შორის გამართული საპასუხო მატჩი უგოლოდ მიილია.

წყვილის პირველი შეხვედრა მადრიდელებმა ანგარიშით 4:2 მოიგეს და შესაბამისად, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებაც მათ მოიპოვეს.

მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე მიჯრით მეოთხედ გავიდა.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“ატლეტიკო” — “ლევერკუზენი” 0:0 (0:0)

“ატლეტიკომ” გასვლაზე “ბაიერი” დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლევერკუზენის “ბაიერსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა. წყვილის საპასუხო შეხვედრა მადრიდში, 15 მარტს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“ბაიერი” — “ატლეტიკო” 2:4 (0:2)
გოლები: ბელარაბი 48′, სავიჩი 67′ (ა.გ.) — საული 17′, გრიზმანი 25′, გამეირო 58′ (პენ), ფერნანდო ტორესი 86′.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების გამარჯვებულია. “სამეფო კლუბმა” პენალტების სერიაში თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაამარაცხა და ტიტულის მფლობელი მე-11-ედ გახდა.

მატჩის სასტარტო წუთები საკმაოდ მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა, ბევრი იყო ორთაბრძოლა, გუნდები ცდილობდნენ მეტოქისთვის თავისუფალი მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეეზღუდათ. ასეთი თამაშის მიმდინარეობისას კი ერთი ორად იზრდება სტანდარტული მდგომარეობების ფაქტორი. სწორედ სტანდარტის წყალობით შეიქმნა პირველი სახიფათო მომენტიც: ჯარიმიდან გარეტ ბეილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო, მას კაზემირო გამოეხმაურა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული იან ობლაკმა კარის ხაზთან მოიგერია. აი, “რეალის” მეორე სტანდარტს კი გოლი მოჰყვა: ტონი კროოსმა მე-15 წუთზე ერთი შეხედვით არცთუ ისე სახიფათო წერტილზე დანიშნული ჯარიმის შემდეგ “ატლეტიკოს” საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა, იქ თავით ბეილმა ითამაშა და ბურთი მეტოქის კარისკენ გადაგდო, შექმნილი არეულობით სერხიო რამოსმა ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა — 1:0. გატანილი გოლის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს კი გონზე მოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდათ. ტაიმის შუაწელს დიეგო სიმეონეს მოთამაშეებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა და “თეთრებმა” პირველი ტაიმის გამარჯვებით დასრულება უპრობლემოდ მოახერხეს.

მეორე ტაიმი “ატლეტიკომ” გაცილებით აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე მიეცა წონასწორობის აღდგენის საშუალება: პეპემ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ფერნანდო ტორესი წააქცია და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. საპენალოსთან ანტუან გრიზმანი მივიდა, შუაში ძალზედ ძლიერად დაარტყა, მეკარე კუთხისკენ გადახტა, ბურთი კი ხარიხას მოხვდა და “რეალი” გადარჩა. რამდენიმე წუთში სიმეონეს გუნდს კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, თუმცა ამჯერად სავიჩის ახლო მანძილიდან დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. თავისი მომენტი “რეალსაც” ჰქონდა, როდესაც ბეილი მეკარისგან დაუცველ კარში გზავნიდა ბურთს, თუმცა “ატლეტიკო” ხაზთან მდგარმა მცველმა გადაარჩინა. ნათქვამია, ვერ გაიტან, გაგიტანენო და მართლაც – ძირითადი 90 წუთის ამოწურვამდე ათი წუთით ადრე წონასწორობა აღდგა: “ატლეტიკოს” შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ხუანფრანის მიერ ერთი შეხებით გაკეთებული პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე კარასკო თამაშობს და ანგარიში თანაბრდება — 1:1. ძირითადი 90 წუთი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

დამატებითი 15 წუთიანი ტაიმები უგოლოდ მიილია და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა მხოლოდ ხუანფრანმა გააფუჭა, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერია “რეალმა” 5:3 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.

ჩემპიონთა ლიგა
ფინალი
“რეალი” — “ატლეტიკო 1:1 (1:0) (პენალტების სერია 5:3)

“რეალი”: კეილორ ნავასი, კარვახალი (დანილო 52′), რამოსი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ისკო 72′), ბეილი, ბენზემა (ლუკას ვასკესი 77′), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.

“ატლეტიკო”: ობლაკ, ხუანფრანი, გოდინი, ფილიპე ლუისი (ერნანდესი 109′), სავიჩი, საული, გაბი, კოკე (პარტეი 116′), გრიზმანი, აუგუსტო ფერნანდესი (კარასკო 46′), ტორესი.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

გოლები: სერხიო რამოსი 15’— კარასკო 79′.
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი 48′ (ხარიხა).
პენალტების სერია: ლუკას ვასკესი (1:0), მარსელო (2:1), ბეილი (3:2), სერხიო რამოსი (4:3), რონალდუ (5:3) — გრიზმანი (1:1), გაბი (2:2), საული (3:3), ხუანფრანი (ძელი, 4:3)
გაფრთხილებები: კარვახალი 11′, ნავასი 47′, კაზემირო 79′, სერხიო რამოსი 90+3′, დანილო 93′, პეპე 111′ — ტორესი 61′, გაბი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).


“ატლეტიკომ” “ბაიერნი” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-11 წუთზე გავიდა. მოედნის ცენტრში ბურთი საულ ნიგესმა მიიღო, მანვე განახორციელა სოლორეიდი, რომელიც ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და “ატლეტიკო” დააწინაურა. საერთოდაც, შეხვედრის პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ.

მეორე ტაიმში ბავარიელებმა თამაში გამოასწორეს და ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე შანსიც ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში დავიდ ალაბას შორეული გასროლის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. უპირატესობის გაზრდა მასპინძლებსაც შეეძლოთ. მადრიდელთა ერთ-ერთი კონტრშეტევის შემდეგ ფერნანდო ტორესმა ბურთი ძელს გაარტყა.

წყვილის საპასუხო მატჩი მიუნხენში, 3 მაისს შედგება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (პირველი მატჩი)
“ატლეტიკო” — “ბაიერნი” 1:0 (1:0)

“ატლეტიკო”: ობლაკი, ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუისი, კოკე, გაბი, აუგუსტო, საული (პარტი 85′), გრიზმანი, ტორესი.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (ბენატია 77′), ტიაგო ალკანტარა (მიულერი 70′), ვიდალი, ალონსო, დუგლას კოსტა, კომანი (რიბერი 64′), ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

გოლი: საული 11′.
გაფრთხილებები: საული 84′ — დუგლას კოსტა 40′, ბენატია 82′, ნოიერი 82′, ვიდალი 88′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

 

“ატლეტიკომ” “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკომ” “ბარსელონას” ბარიერის დაძლევა მოახერხა. როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მადრიდში გამართულ საპასუხო მატჩში დიეგო სიმეონეს გუნდმა ანგარიშით 2:0 იმარჯვა. მადრიდელები ანტუან გრიზმანმა 36-ე წუთზე დააწინაურა. 88-ე წუთზე კი ანდრეს ინიესტას მიერ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაშისთვის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად შეასრულა გრიზმანმა და უპირატესობა გაზარდა. კატალონიელებმა დარჩენილ დროში გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
საპასუხო მატჩი
“ატლეტიკო” — “ბარსელონა” 2:0 (1:0)

გოლები: გრიზმანი 36′, 88′ (პენ).
გაფრთხილებები: გაბი 68′, გოდინი 85′, კორეა 90′, კოკე 90+5′ — სუარესი 70′, ნეიმარი 76′, ინიესტა 87′, არდა თურანი 90+1′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

“ბარსელონამ” კაცნაკლული “ატლეტიკოს” ძლევა შეძლო (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნოუ კამპზე” “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარის მთავარ მოქმედ პირად სტუმართა თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მოგვევლინა, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ ექვწუთიან მონაკვეთში უხეში თამაშისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან ნაადრევად გასვლა მოუხდა. 35-ე წუთიდან მადრიდელები მინდორზე რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ.

შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში “ბარსელონამ” მეტოქეზე წნეხი გააძლიერა, მადრიდელები ძირითადად ბურთის მოგერიებაზე იყვნენ გადასულები. 63-ე წუთზე კატალონიელთა მასიურმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა. მასპინძლები მოედანზე დომინირებას განაგრძობდნენ და 74-ე წუთზე სუარესმა დუბლიც გაიფორმა.

ამრიგად, “ბარსელონამ” წყვილის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკო” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი მადრიდში 13 აპრილს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 2:1 (0:1)

ბარსელონა“: ტერ შტეგენი, დანი ალვესი, პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ინიესტა (არდა თურანი 83′), რაკიტიჩი (რაფინია 64′), ბუსკეტსი (სერხი რობერტო 80′), მესი, სუარესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
ატლეტიკო“: ობლაკი, ხუანფრანი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ერნანდესი, გაბი, საული (კორეა 90′), კოკე, ფერეირა კარასკო (ფერნანდესი 53′), ფერნანდო ტორესი, გრიზმანი (პარტი 76′).
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: სუარესი 63′, 74′ — ტორესი 25′.
გაფრთხილებები: ბუსკეტსი 48′, სუარესი 70′, მასკერანო 82′ — ტორესი 29′, კოკე 33′, ფილიპე ლუისი 61′, გრიზმანი 73′, ერნანდესი 78′, ობლაკი 79′. ფერნანდესი 86′.
გაძევება: ტორესი 35′.
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

“ატლეტიკო” — “პეესვე”-ს მატჩში რეკორდი დაფიქსირდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “პეესვე ეინდჰოვენს” შორის გამართული საპასუხო მატჩის 120 წუთი უგოლოდ მიილია და მომდევნო რაუნდზე გამსვლელი გუნდის გასარკვევად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

თერთმეტმეტრიანების სერიაში “ატლეტიკომ” 8:7 იმარჯვა. ეს ევროთასების ისტორიაში პენალტების ყველაზე შედეგიანი სერია აღმოჩნდა (არ იგულისხმება საკვალიფიკაციო ეტაპები).

 

“პეესვე” და “ატლეტიკო” უგოლოდ გაიყარნენ (მიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პეესვე ეინდჰოვენსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მასპინძლებმა მატჩი რიცხობრივ უმცირესობაში ჩაამთავრეს. 68-ე წუთზე მოედნიდან “პეესვეს” თავდამსხმელი გასტონ პერეირო გააძევეს.

საპასუხო შეხვედრა მადრიდში 15 მარტს გაიმართება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პიველი მატჩი)
“პეესვე” — “ატლეტიკო” 0:0 (0:0)
გაფრთხილებები: პერეირო 54′ – სავიჩი 22′.
გაძევება: პერეირო 68′.

დიეგო კოსტა “ატლეტიკოში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოსტა მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებას არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ გაესპანელებულმა ფორვარდმა ლონდონს 2014 წელს მიაშურა და პირველივე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 20 გოლი მიითვალა, თუმცა წელს გამართულ 19 შეხვედრაში მხოლოდ ოთხი ბურთი აქვს გატანილი.

“დავბრუნდები თუ არა “ატლეტიკოში”? არასდროს არ იცი, რა მოხდება მომავალში. ნახეთ, რა წარმატებულად დაბრუნდა ფილიპე ლუისი. ცხოვრება სიურპრიზებს გვიმზადებს. “ატლეტიკოსთვის” ყოველთვის ყოველივე საუკეთესოს ვისურვებ. ამ გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში ვუქომაგებ”, – დიეგო კოსტას კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

 

გრიზმანი: “იმედია, ჩემგან ნამდვილი თავდამსხმელი დადგება”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდამსხმელის ნიჭის სრულად გამომჟღავნებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (4:0) ერთი გოლი გაიტანა. მისთვის ეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში მე-12 გატანილი გოლია.

“იმედი მაქვს, ჩემგან ნამდვილი თავდამსხმელი დადგება. მეტოქე გუნდების კართან ბევრს ვმუშაობ და ვეცდები, რომ მატჩიდან მატჩამდე განვვითარდე.

“რეალთან” შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ ტაიმში რამდენჯერმე დავკარგე ბურთი ისეთ მომენტში, რომელშიც არ უნდა დამეკარგა, თუმცა ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ასე უნდა გავაგრძელო”, – გრიზმანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” დაწყვილდა

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” შეხვდება. წუხელ კატალონიურმა გუნდმა “ელჩე” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 9:0 დაამარცხა, “ატლეტიკომ” კი თანაქალაქელი “რეალის” ბარიერი დაძლია და მეტოქეს ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:2 აჯობა.

“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გასამართი პირველი მატჩი 21 იანვარს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება, განმეორებითი კი – 28 იანვარს, “ვისენტე კალდერონზე”. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი ტურნირის ნახევარფინალში “ვილიარეალსა” და “ხეტაფეს” შორის მოგებულ გუნდს შეხვდება.

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე დანარჩენი გუნდები ასე დაწყვილდნენ:

“მალაგა” — “ბილბაო”
“ესპანიოლი” — “სევილია”
“ვილიარეალი” — “ხეტაფე”