ანტუან გრიზმანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი “გრძელი ენის” გამო ესპანეთის ჩემპიონატის ორ მატჩს გამოტოვებს.

“ჟირონას” წინააღმდეგ შაბათს გამართულ მატჩში (2:2) ფრანგმა ფეხბურთელმა სიმულაციის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც გრიზმანმა მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო “ატლეტიკოს” ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარზე იმსჯელა და ანტუან გრიზმანს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა, თუმც მას ოთხი შეხვედრის გამოტოვების საფრთხე ემუქრებოდა. გარდა ამისა, ფეხბურთელს ჯარიმის სახით 600 ევროს გადახდა მოუწევს.

ამრიგად, გრიზმანი “ატლეტიკოს” “ლას პალმასისა” და “ვალენსიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

“ატლეტიკომ” “ლესტერი” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკომ” “ვისენტე კალდერონზე” “ლესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მატჩის 28-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

წყვილის განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (I მატჩი)
“ატლეტიკო” — “ლესტერი” 1:0 (1:0)
გოლი: გრიზმანი 28′ (პენ).

გრიზმანი და ფილიპე ლუისი “ფორსაჟი 8”-ს მთავარი როლების შემსრულებლებს შეხვდნენ

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელები ანტუან გრიზმანი და ფილიპე ლუისი მადრიდში ფილმის “ფორსაჟი 8” – პრეზენტაციას დაესწრნენ.

“ატლეტიკოს” მოთამაშეები მსახიობებს ვინ დიზელსა და შარლიზ თერონს შეხვდნენ და მათ საჩუქრად მადრიდული კლუბის რვანომრიანი მაისურები გადასცეს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 12 აპრილს შედგება, საქართველოს კინოთეატრებში კი 13 აპრილიდან გამოჩნდება.

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “მანჩესტერ იუნაიტედი”? პატარა გუნდია”

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ იუნაიტედს” ესპანური გუნდიდან ანტუან გრიზმანის გადაბირება სურს.

“მანჩესტერ იუნაიტედი”? პატარა გუნდია, – იხუმრა სერესომ. – დიეგო სიმეონესა და ანტუან გრიზმანის კონტრაქტების მჯერა. ყოველ ჯერზე, როდესაც გრიზმანს ვხვდები, მე მას ვეხუტები. ანტუანი ფანტასტიური ფეხბურთელია, მას “ატლეტიკოში” ყოფნა მოსწონს”.

“ვნახოთ, რომელ პოზიციაზე დავასრულებთ სეზონს. არა მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დავრჩეთ. ის კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მოხვდება თუ არა “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში”, – ციტირებს “ატლეტიკოს” პრეზიდენტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანსა და მადრიდულ კლუბს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს.

რონალდუს შვილს გრიზმანი უყვარს (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დედამ – დოლორეს ავეირომ სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ფოტოზე პატარა კრიშტიანუ საფრანგეთის ნაკრების 7-ნომრიანი მაისურით არის აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, “მამალთა” რიგებში მე-7 ნომრით მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი თამაშობს, რომელიც ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე რონალდუს კონკურენტია.

little Ronaldo

გრიზმანი: “რონალდუ მეზიზღება? მე მას უბრალოდ ვეხუმრე”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარ ისტორიაზე განმარტება გააკეთა. როგორც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ზაფხულში დასასვენებლად ყოფნისას მასთან გრიზმანი მივიდა და უთხრა, რომ ეზიზღება.

“რონალდუს მაიამის ერთ-ერთ რესტორანში გადავეყარე. მე მასთან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგების მისალოცად მივედი. ვეხუმრე, რომ მეზიზღება. ეს ჩვეულებრივი ხუმრობა იყო. რონალდუს დიდ პატივს ვცემ”, – ანტუან გრიზმანის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

რონალდუ: “გრიზმანმა მითხრა, რომ ვეზიზღები”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “ფრანს ფუტბოლისთვის” მიცემულ ინტერვიუში ანტუან გრიზმანთან ურთიერთობის საინტერესო დეტალი გაიხსენა. გრიზმანი ჯერ “ატლეტიკოს” რიგებში დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში პორტუგალიელის “რეალთან”, რამდენიმე კვირის შემდეგ კი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შეხვედრა დათმო რონალდუს პორტუგალიის ნაკრებთან.

რონალდუმ ფრანგული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაფხულში მომხდარი ამბავი გაიხსენა:

“გრიზმანთან ერთი სასაცილო ისტორია შემემთხვა. მაიამიში ვისვენებდი და მას რესტორანში გადავაწყდი. იგი საცოლესთან ერთად იყო. გრიზმანი ჩემს მაგიდასთან მოვიდა და ღიმილით მითხრა: “მე შენ მეზიზღები”.

გრიზმანმა წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოარჩია

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა 2016 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ყველაზე წარმატებული მწვრთნელები გამოარჩია.

“გასული სეზონით კმაყოფილი ვარ. ჩემი მიღწევები იმაზე მეტყველებს, რომ სწორ გზას ვადგავარ.

2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუს დავასახელებ, მან წელს ორი ტიტული მოიგო. მეორე ადგილზე ლიონელ მესის გავამწესებ, რომელსაც უნიკალურ ფეხბურთელად ვთვლი. მესამე პოზიციას ჯეიმი ვარდის მივაკუთვნებ, მან “ლესტერ სიტისთან” ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი დიდოსტატები და ნამდვილი ლეგენდები არიან. ათი წლის შემდეგ მთელი მსოფლიო ილაპარაკებს, რომ მათი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება, მაგრამ მე უახლოეს წლებში შევეცდები, რომ მათ დონეს მივუახლოვდე.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩებში დამარცხების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, თითქმის არ მეძინა.

ახლა კარგად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს უმაღლესი შედეგის ჩვენება შეუძლია.

საუკეთესო მწვრთნელთა სამეულს შემდეგნაირად დავაკომპლექტებ: დიეგო სიმეონე, დიდიე დეშამი და კლაუდიო რანიერი.

ფრანგი ფეხბურთელებიდან ალექსანდრ ლაკაზეტსა და პოლ პოგბას გამოვყოფდი. ისინი შესანიშნავი მოთამაშეები და კარგი ადამიანები არიან. ვისურვებდი, რომ ჩვენ ერთხელ ერთ კლუბში მოვხვდეთ”, – გრიზმანის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

იტალია შინ საფრანგეთთან დამარცხდა (ვიდეო)

იტალიის ნაკრებმა ქალაქ ბარიში საფრანგეთის ეროვნული გუნდი მიიღო. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “სკუადრა აძურამ” ჯამპიერო ვენტურას თავკაცობით პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ანგარიში მატჩის მე-17 წუთზე ფრანგმა თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა გახსნა. ოთხ წუთში გრაციანო პელემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდი ოლივიე ჟირუს გოლით მალევე დაწინაურდა მეორედ. მეორე ტაიმში ფრანგთა მცველმა ლეივინ კურზავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 1:3.

ამხანაგური მატჩი
იტალია — საფრანგეთი 1:3 (1:2)
გოლები: პელე 21′ — მარსიალი 17′, ჟირუ 28′, კურზავა 81′.

გრიზმანი: “ეს წარმატება მთლიანი გუნდის დამსახურებაა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ წარმატების შესახებ ფრანგთა ერთ-ერთმა ლიდერმა ანტუან გრიზმანმა ისაუბრა, რომელმაც დღევანდელ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

“ეს გამარჯვება გუნდის დამსახურებაა. მთლიანი გუნდის წყალობით გავიმარჯვეთ და გავედით ფინალში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტი გავაფუჭე და ძალიან მინდოდა, რომ დღეს გამეტანა.

მიშელ პლატინის დონემდე ძალიან ბევრი მაკლია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც მე მას მივუახლოვდები”, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს “ბიბისი”.

გრიზმანი საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგად დაასახელეს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი საზღვარგარეთ მოთამაშე საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად დასახელდა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან სპეციალური ჯილდო გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის შემტევი “ატლეტიკოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში გავიდა.

ანტუან გრიზმანი “ატლეტიკოში” “რეალ სოსიედადიდან” 2014 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 52 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

გრიზმანი: “მეორე ტაიმში დავინახეთ, რომ “ბაიერნი” დიდებული გუნდია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა მადრიდელთა შემტევმა ანტუან გრიზმანმა.

“საულმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით გახარებულნი ვართ. მეორე ტაიმში დავინახეტ, რომ “ბაიერნი” დიდებული გუნდია. ჩვენთვის გამართლებული იყო 4-4-2 სქემაზე გადაწყობა. შესაძლოა, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის და ტელემაყურებლებისთვის ჩვენი თამაში არასანახაობრივი იყო, თუმცა ჩვენ ასე ვთამაშობთ: თავს საიმედოდ ვიცავთ და შეტევაში შანსების გამოყენებას ვცდილობთ”, – გრიზმანის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის საპასუხო მატჩი მიუნხენში, 3 მაისს შედგება.