ნოიერი სეზონის დარჩენილ პერიოდს გამოტოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი სეზონის დარჩენილ პერიოდს ტრავმის გამო გამოტოვებს. გერმანელი მეკარე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული საპასუხო მატჩის (4:2) მიმდინარეობისას დაშავდა. ამის შესახებ ბავარიული კლუბის დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.

“ნოიერმა ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო. მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით რვა კვირა დასჭირდება”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Goal.com-ი.

მანუელ ნოიერმა ფეხი კრიშტიანუ რონალდუს მესამე გოლის ეპიზოდში დაიშავა.

“ოქროს ბურთის” გამოკითხვაში რამოსმა, ინიესტამ, ნოიერმა და სხვა ვარსკვლავებმა ქულაც ვერ მიიღეს

“ოქროს ბურთის” 30 პრეტენდენტიდან 11-მა ფეხბურთელმა გამოკითხვაში ერთი ქულაც ვერ მიიღო. მათ შორის არის მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერიც, რომელმაც 2014 წელს მესამე ადგილი დაიკავა. უქულოდ დარჩა “ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტაც, რომელიც 2010 წელს მეორე, ხოლო 2012 წელს მესამე ადგილზე გავიდა. ქულა ვერც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სერხიო რამოსმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში “ფრანს ფუტბოლის” პარტნიორმა 173-მა მედიასაშუალებამ მიიღო მონაწილეობა.

წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებმაც გამოკითხვაში ერთი ქულაც ვერ მიიღეს:

სერხიო აგუერო (არგენტინა, “მანჩესტერ სიტი”), კევინ დე ბრეინე (ბელგია, “მანჩესტერ სიტი”), პაულო დიბალა (არგენტინა, “იუვენტუსი”), დიეგო გოდინი (ურუგვაი, “ატლეტიკო”), გონსალო იგუაინი (არგენტინა, “ნაპოლი”/”იუვენტუსი”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”), კოკე (ესპანეთი, “ატლეტიკო”), უგო ლორისი (საფრანგეთი, “ტოტენჰემი”), თომას მიულერი (გერმანია, “ბაიერნი”), მანუელ ნოიერი (გერმანია, “ბაიერნი”), სერხიო რამოსი (ესპანეთი, “რეალი”).

ნოიერი: “საული კართან ძალიან ახლოს მოვუშვით”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა ბავარიელთა კიპერმა მანუელ ნოიერმა.

“მატჩის პირველ ნახევარში კარგად არ გამოვიყურებოდით. მეორე ნახევარში უფრო აგრესიულად და გაბედულად ვითამაშეთ. საულს გოლი ძალიან ადვილად გავატანინეთ, კართან ძალიან ახლოს მოვუშვით. უნდა ვაღიაროთ, რომ მანაც კარგად შეასრულა. რას ვიზამთ?!” – ციტირებს ნოიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ წყვილის საპასუხო მატჩი მიუნხენში, 3 მაისს შედგება.

 

 

ნოიერი: “იუვენტუსთან” ფავორიტები არ ვართ”

მიუნხენის “ბაიერნის” კიპერმა მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალუირ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ შინ გასამართ საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

“ამ შეხვედრაში ფავორიტები არ ვიქნებით. პირველი მატჩიც ფრედ დამთავრდა. გახსნილი თამაში იქნება. ვერ ვიტყოდი, რომ ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა (5:0) “იუვენტუსთან” გასამართ მატჩამდე ერთგვარი ვარჯიში იყო.

მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაზე. ჩვენ არა გვარდიოლასთვის, არამედ “ბაიერნისთვის” ვთამაშობთ”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს Football Italia.

მატჩი “ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის 16 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

 

ნოიერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა წლის მატჩია”

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ვესტფალენშტადიონზე” გაიმართება, სადაც დორტმუნდის “ბორუსია” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს. ბავარიული გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში “ბაიერნი” შინ მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“დორტმუნდში “ბორუსიას” წინააღმდეგ თამაში ძალზედ საინტერესოა. სტადიონი სრულად მოცულია საოცარი ატმოსფეროთი. კიდევ ერთხელ შედგება წლის მატჩი. მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” წინა ტურში დამარცხების შემდეგ აღნიშნული შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს goal.com-ი.

შეგახსებთ, რომ “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში გამართული მატჩი ბავარიული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ნოიერი: “ვირტუოზული თამაში არ გვიჩვენებია”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფის მე-5 ტურში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ “ბუნდესთიმის” კიპერმა მანუელ ნოიერმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“ჩვენი ამოცანა თავის კარგად დაცვა იყო და ამას გავუმკლავდით. ვირტუოზული თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა ოთხშაბათის მატჩის შემდეგ გაუმჯობესება სახეზეა”, – აღნიშნა ნოიერმა.

 

მანუელ ნოიერმა ბავშვური შეცდომა დაუშვა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნსა” და მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში (0:2) მასპინძელთა კიპერმა მანუელ ნოიერმა ბავშვური შეცდომა გაუშვა, როდესაც სტუმართა თავდამსხმელ რაფაელის მიერ დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა და კარში გაუშვა.



 

ნოიერი: “პორტუში საოცარი ატმოსფერო იქმნება ხოლმე”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. მიუნხენის “ბაიერნს” მეტოქედ “პორტუ” ერგო.

ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა “პორტუს” აქტიურ ქომაგებზე გაამახვილა ყურადღება.

“პორტუში განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება ხოლმე. ჩემპიონთა ლიგის 2004 წლის ფინალურ მატჩში “პორტუს” ფანებს ქომაგობის მოწმე ვარ. საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ახლა სწორედ ეს ფანები ჩვენ დაგვიპირისპირდებიან და ადვილი არ იქნება, თუმცა ჩვენ სხვადასხვა სტადიონებზე გვითამაშია, განსხვასებული ატმოსფეროს ფონზე და ვიცით, რას უნდა ველოდოთ”, – ნოიერის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი შეხვედრა პორტუში, 14 აპრილს გაიმართება.

 

“ინსტაგრამზე” დარეგისტრირება ნოიერს ქსელის დამფუძნებელმა პირადად მიულოცა

მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” დარეგისტრირდა.

ეს მოვლენა გერმანელ კიპერს “ინსტაგრამის” დამფუძნებელმა კევინ სისტრომმა პირდად მიულოცა. ხუთშაბათს სისტრომი ბავარიული კლუბის ვარჯიშს დაესწრო და ნოიერსაც შეხვდა.

24 საათზე ნაკლებ დროში ნოიერს “ინსტაგრამზე” 619.000-ზე მეტი “მიმდევარი” გაუჩნდა.

Neuer Instagram

 

ნოიერი: “ეს მარცხი კატასტროფა არ არის”

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ვოლფსბურგთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ სიტუაციის დრამატიზება არ ღირს. გერმანელი მეკარის თქმით, ბუნდესლიგაში განცდილი პირველი მარცხი კატასტროფა არ არის.

“ცხადია, რომ მეორე წრე კარგად ვერ დავიწყეთ. სრულიად განსხვავებულად წარმოვჩინდით. ეს კატასტროფა არ არის, თუმცა ისიც გვესმის, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. შუა კვირის მატჩი სწორედაც რომ დროულია. ცუდი იქნებოდა, მომდევნო შეხვედრის ჩატარება რვა დღის შემდეგ რომ გვიწევდეს. სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ”, – ნოიერის სიტყვები “ბიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩს შინ, “შალკეს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დამდეგ სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად კროოსი დასახელდა

2014 წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს.

კროოსმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, გამოკითხვაში ხმათა 40,6 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა რომის “ლაციოს” ვეტერანმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას ხმათა 38,7 პროცენტი ერგო.

მესამე ადგილი მიუნხენის “ბაიერნის” კიპერ მანუელ ნოიერს მიაკუთვნეს. მან ხმათა მხოლოდ 6,6 პროცენტი მიიღო.

 

IFFHS: 2014 წლის საუკეთესო მეკარეები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო მეკარეთა სია გამოაქვეყნა.

წლის საუკეთესო კიპერად გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა.

წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული ასე გამოიყურება:

1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”/გერმანია)
2. ტიბო კურტუა (“ატლეტიკო”/”ჩელსი”/ბელგია)
3. კეილორ ნავასი (“ლევანტე”/”რეალი”/კოსტა რიკა)
4. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”/იტალია)
5. კლაუდიო ბრავო (“რეალ სოსიედადი”/”ბარსელონა”/ჩილე)
6. სერხიო რომერო (“მონაკო”/”სამპდორია”/არგენტინა)
7. გილერმო ოჩოა (“აიაჩო”/”მალაგა”/მექსიკა)
8. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”/ჩეხეთი)
9-10. უგო ლორისი (“ტოტენჰემ ჰოთსპური”/საფრანგეთი)
9-10. ვინსენტ ენიამა (“ლილი”/ნიგერია).