„ბარსელონამ“ „რეალს“ მიულოცა

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ დრამატულ ბრძოლაში თანაქალაქელი „ატლეტიკო“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ვულოცავთ. დიდებულად ჩატარებულ სეზონს „ატლეტიკოსაც“ ვულოცავთ“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში „ბარსელონას“ ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ სწორედ „ატლეტიკომ“ სძლია.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დი მარია დასახელდა

მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „სამეფო კლუბის“ არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. მეორე დამატებით ტაიმში სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა გარეტ ბეილმა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გოლი. დი მარიამ ჯილდო სერ ალექს ფერგიუსონისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში ანგარიში დიეგო გოდინმა გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, ბეილმა გაიტანა. თავი გამოიჩინა შეცვლაზე შემოსულმა მარსელომაც, კრიშტიანუ რონალდუმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტურნირზე მე-17 გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:1.

 

რა მოხდა სიმეონესა და ვარანს შორის მატჩის მიწურულს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „რეალის“ ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე გაიწია. ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არგენტინელი სპეციალისტის მიმართულებით ბურთი ისროლა, წაგებისთვის განწირულმა სიმეონემ კი ეს ვერ მოითმინა და ბურთი რაფაელის მიმართულებით დამიზნებით დაარტყა. ამის შემდეგ მოედანზე მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, სიმეონე მინდორზე შეიჭრა და ვარანთან მისვლას შეეცადა. საბოლოო ჯამში, არგენტინელი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს, ვარანი კი ყვითელი ბარათით დასაჯეს.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.