„ლივერპულის“, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერებზე გააკეთა კომენტარი. ინგლისელის თქმით, ლონდონის „არსენალი“ პრემიერლიგაში კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის გუნდი სატურნირო ცხრილს ჯერჯერობით 35 ქულით ლიდერობს და უახლოეს მადევრებს – „ლივერპულსა“ და ლონდონის „ჩელსის“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
„არსენალი“
„მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ „არსენალს“ წარუმატებელი მატჩი ჰქონდა, ლონდონელები ლიდერობას დამსახურებულად აგრძელებენ. ჩემი აზრით, ლონდონურ გუნდს არ ჰყავს იმ რაოდენობის უმაღლესი დონის მოთამაშე, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. ზოგიერთი მუდმივად მეუბნება, რომ მესუთ იოზილი მსოფლიო დონის მოთამაშეა, თუმცა ამ არასტაბილურობით გამოჩნდა მისი რეალური სახე. მას შემთხვევეითი გამობრწყინებები ახასიათებს, ისიც არაფრით გამორჩეულ მატჩებში“.
„ლივერპული“
„ჩემი აზრით, „ლივერპულმა“ დაიმსახურა ტიტულის კანდიდატთა შორის მოხსენიების უფლება. დიდი ხნის განმავლობაში „წითლები“ ლიდერებს უკან იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბრენდან როჯერსს სოლიდურ თანხას გამოუყოფენ. რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი, თუ სეზონის ბოლოს პირველ ადგილზე სწორედ „ლივერპული“ იქნება“.
„ჩელსი“
„სეზონის დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ჩემპიონატს „ჩელსი“ მოიგებდა, თუმცა ახლა ეს რთული შესაფასებელია. ეს გუნდი უმაღლესი დონის თავდამსხმელის ნაკლებობას განიცდის. ჟოზე მოურინიოს რამდენიმე ტიპიური 10-ნომრიანი ჰყავს: მატა, ოსკარი, შიურლე, ვილიანი და აზარი. მათ ნებისმიერი დაცვის გარღვევა შეუძლიათ. ფერნანდო ტორესის, დემბა ბას და სამუელ ეტოოს უმაღლესი დონის მიუხედავად, მათ ვერ იპოვეს გუნდში თავიანთი ადგილი. მოურინიო, რა თქმა უნდა, შეცდა, როდესაც რომელუ ლუკაკუ იჯარის წესით „ევერტონში“ გაანათხოვრა. იანვარში გუნდს გაძლიერების შესაძლებლობა კი ექნება, მაგრამ სეზონის შუა პერიოდში უმაღლესი დონის ფეხბურთელის დამატება იშვიათად ხდება. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მოურინიოს თავკაცობით „ჩელსი“ კიდევ ერთ ტიტულს მოიგებს. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ „განსაკუთრებულს“ თავისი სახელის გამართლება შეუძლია“.
„მანჩესტერ იუნაიტედი“
„მოიესი ფელაინის ყიდვით მყისიერ ეფექტს ელოდა. მარუანს დიდად ვაფასებ, მაგრამ მგონია, რომ ის ვერ ერგება „მანჩესტერ იუნაიტედს“. „ევერტონიდან“ ბარკლის გადმოყვანა უმჯობესი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ეჭვიც არ მეპარება, რომ მოიესი კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს“.
„მანჩესტერ სიტი“
„ამ დროისთვის „მანჩესტერ სიტი“ ტურნირის საუკეთესო გუნდია. „ქალაქელები“ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები არიან“.
„ტოტენჰემი“
„მგონია, რომ გარეტ ბეილის გაყიდვით ნაშოვნი ფული „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ უყაირათოდ გახარჯა. გუნდმა უკან გადადგა ნაბიჯი. თუ უნდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, მაშინ თამაშის ხარისხი უნდა გააუმჯობესონ. ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ ვინ შეცვლის ანდრე ვილაშ-ბოაშს. „დეზებისთვის“ ეს გადამწყვეტი იქნება“.
ბექა დოგრაშვილი