კლაუდიო ბრავო: “ბარსა” უფრო დიდებული კლუბია, ვიდრე “სიტი”

“მანჩესტერ სიტის” კიპერმა კლაუდიო ბრავომ, რომელიც “ეტიჰადზე” ამა წლის ზაფხულში “ბარსელონადან” გადაბარგდა, ყოფილი და ამჟამინდელი კლუბები ერთმანეთს შეადარა.

მეკარეს “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” ერთმანეთთან შედარება ჩილეს ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში სთხოვეს.

“ეს კლუბები ფინანსური შესაძლებლობების მხრივ ერთმანეთის მსგავსნი არიან, მაგრამ “ბარსა” უფრო დიდებულია”, – ციტირებს კლაუდიო ბრავოს სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

“მანჩესტერ სიტის” ფანების დიდი ნაწილი კლაუდიო ბრავოს თამაშით აღფრთოვანებული არ არის. მეტიც, ქომაგებმა რამდენჯერმე გამოთქვეს “ტორინოში” გასხვისებული ჯო ჰარტის დაბრუნების სურვილი. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება კლაუდიო ბრავოს ამ სიტყვებზე “მანჩესტერ სიტის” ფანობას.

კლაუდიო ბრავოს ჩილეში ძეგლს დაუდგამენ

ჩილეს ნაკრების კიპერ კლაუდიო ბრავოს სამშობლოში ძეგლს დაუდგამენ. სკულპტურა მეკარის მშობლიურ ქალაქ ბიუნში, აგვისტოში გაიხსნება. აღნიშნული ინიციატივა ქალაქის მერ ანხელ ბოზან რამოსს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ წელს გამართული კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა პენალტების სერიაში არგენტინა დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

ჩილეს საუკეთესო ფეხბურთელად კლაუდიო ბრავო დაასახელეს

2015 წლის ჩილეს საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონას” მეკარე კლაუდიო ბრავო დასახელდა. ჩილელმა კიპერმა კატალონიური გუნდის რიგებში ხუთი ტიტული მოიგო, ჩილეს ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკას დაეუფლა.

საუკეთესო მწვრთნელად ხორხე სამპაოლი დასახელდა, რომელიც ჩილეს ნაკრებს წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავო ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2014-2015 წლების გათამაშების საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.

 

ბრავომ რონალდუს სასწაულებრივი ბურთი მოუხსნა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე მადრიდის “რეალი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას “სამეფო კლუბის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს თავური დარტყმით გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა კატალონიელთა კიპერმა კლაუდიო ბრავომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

 

კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დააჯილდოვეს.

კოპა ამერიკისა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კოლუმბიის ნაკრების 22 წლის მცველი ჯეისონ მურილიო დასახელდა.

Claudio Bravo

ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო ჩილეს ნაკრების კარის დარაჯ კლაუდიო ბრავოს გადასცეს.

Peru

ფეარ პლეის პრიზი პერუს ნაკრებს გადაეცა.

Vargas - Guerrero

ტურნირის ბომბარდირები პერუს ნაკრების ფორვარდი პაოლო გერერო და ჩილეს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ედუარდოი ვარგასი გახდნენ, რომლებმაც ექვს მატჩში 4-4 გოლი გაიტანეს.

 

კლაუდიო ბრავო “ბარსელონას” სასამართლოში უჩივის

“ბარსელონას” მეკარე კლაუდიო ბრავო აპირებს, რომ კატალონიურ კლუბს სასამართლოში უჩივლოს.

El Diario Vasco-ს ინფორმაციით, ჩილელი კიპერი “ბარსელონასგან” 1,3 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს თანახმად, 2014 წელს, როდესაც ბრავო “რეალ სოსიედადიდან” “ბარსელონაში” გადავიდა, კატალონიური გუნდი მეკარეს სატრანსფერო თანხის 10 პროცენტს შეპირდა. “ბარსამ” ჩილელი კიპერის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა ამ თანხის 10 პროცენტი ანუ 1,3 მილიონი ევრო ბრავოს არ მიუღია.

 

ბრავოს რეკორდი

ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამაყარა.

“ბარსელონას” კიპერმა, რომლისთვისაც მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა 85-ე იყო, ნახევარმცველ ლიონელ სანჩესს გადაასწრო (84).

ცნობისთვის, ჩილესა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

 

ოფიციალურად: კლაუდიო ბრავო „ბარსელონაში“ ითამაშებს

ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავო „ბარსელონაში“ ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბრავო „ბარსასთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კატალონიურმა კლუბმა 31 წლის კიპერის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი მეკარე ბოლო რვა წლის განმავლობაში „რეალ სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

ამჟამად კლაუდიო ბრავო მსოფლიოს ჩემპიონატზეა, სადაც მისი ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ბარსელონამ“ მიუნხენგლადბახის „ბორუსიადან“ კიდევ ერთი კიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უკვე დაიმატა.