იტალიური ორგანიზაცია სუარესს უჩივის

იტალიური ორგანიზაცია Codacons-ი (გარემოს, ადამიანის უფლებების და მომხმარებელთა დაცვის ასოციაციათა გაერთიანება) ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელ ლუის სუარესს იტალიის ეროვნული გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის სასამართლოში უჩივის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სარჩელთან არც თავად იტალიელ ფეხბურთელს და არც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კავშირი არ აქვს. საქმე განხილვის პროცესშია, თუმცა სარჩელის ბედი უკვე ცნობილია – იტალიის სასამართლო ქვეყნის საზღვრებს გარეთ მომხდარ ქმედებაზე ვერ იმსჯელებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ორგანიზაცია ცოტა ხნის წინათ იტალიის სერია А-ს მსაჯებსაც უჩიოდა, აქაოდა – არბიტრების მიერ დაშვებული შეცდომებით იმათი უფლებები ილახება, ვინც მატჩის ყურებაში ფულს ხარჯავს ან ფსონს აკეთებსო.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ სუარესი კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.