მსოფლიოს ჩემპიონატი და სუპერმოდელები ქომაგის ამპლუაში

Victoria’s Secret-ის მოდელები ალესანდრა ამბროსიო და ადრიანა ლიმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებს გულმხურვალედ ქომაგობდნენ, თუმცა „სელესაო“ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:7 განადგურდა და თასის მოგების შანსი დაკარგა.

მოდელებმა შეხვედრას თვალყური ნიუ იორკის ერთ-ერთ ბარში მიადევნეს. ლიმას 2-ნომრიანი მაისური ემოსა, ზედ წარწერით „Lims“. ამბროსიოს კი – 10-ნომრიანი ფორმა, წარწერით „Alé“

„ყველაფრის მიუხედავად, ბრაზილიის ნაკრები მაინც საუკეთესოა“, – დაწერა მატჩის შემდეგ ამბროსიომ.

სამარცხვინო მარცხის მიუხედავად, ბრაზილიელი მოდელები იხტიბარს არ იტეხდნენ და მატჩის შემდეგაც იღიმოდნენ. მოგვიანებით სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავიდნენ, სადაც ბრაზილიის ნაკრების სხვა ქომაგებსაც გაესაუბრნენ.

სამაგიეროდ, კარგ ხასიათზე იყო გერმანელი მოდელი ჰაიდი კლუმი, რომელსაც არ სჯეროდა, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა ტურნირის მასპინძლები ასე იოლად გატეხა.

„თქვენ ეს გჯერათ? მე არა. 1…2…3…..4….5….6…..7…“, – წააწერა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს კლუმმა, რომელიც შინ მყოფი ადევნებდა მატჩს თვალყურს.

 

მუნდიალის წყალობით ბელგიელი გოგონა მოდელი გახდა

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის წყალობით 17 წლის ბელგიელი გოგონა აქსელ დესპიგელარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ცნობილი კომპანიები სამოდელოდ იწვევენ.

მუნდიალზე ბელგიის ნაკრების მონაწილეობით გამართულ მატჩებში აქსელ დესპიგელარი არაერთხელ მოხვდა როგორც ფოტო, ასევე ვიდეოობიექტივში. სამშობლოში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში მეგობრობის ათი ათასამდე თხოვნა ჰქონდა. მისმა თაყვანისმცემლებმა სპეციალური გვერდიც შექმნეს, რომელმაც მალევე მოიპოვა ვერიფიკაცია. გარდა ამისა, ფრანგულმა კოსმეტიკურმა კომპანია „ლორეალმა“ 17 წლის გოგონა სამოდელოდ მიიწვია. ცნობილმა ფირმამ აქსელს ხელსაყრელი კონტრაქტი და კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობა შესთავაზა, რასაც სოლიდური ანაზღაურებაც მოჰყვება.