მუნდიალის წყალობით ბელგიელი გოგონა მოდელი გახდა

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის წყალობით 17 წლის ბელგიელი გოგონა აქსელ დესპიგელარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ცნობილი კომპანიები სამოდელოდ იწვევენ.

მუნდიალზე ბელგიის ნაკრების მონაწილეობით გამართულ მატჩებში აქსელ დესპიგელარი არაერთხელ მოხვდა როგორც ფოტო, ასევე ვიდეოობიექტივში. სამშობლოში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში მეგობრობის ათი ათასამდე თხოვნა ჰქონდა. მისმა თაყვანისმცემლებმა სპეციალური გვერდიც შექმნეს, რომელმაც მალევე მოიპოვა ვერიფიკაცია. გარდა ამისა, ფრანგულმა კოსმეტიკურმა კომპანია „ლორეალმა“ 17 წლის გოგონა სამოდელოდ მიიწვია. ცნობილმა ფირმამ აქსელს ხელსაყრელი კონტრაქტი და კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობა შესთავაზა, რასაც სოლიდური ანაზღაურებაც მოჰყვება.

ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ერთგული ქომაგის ისტორია

აუცილებლად გემახსოვრებათ ეს ულვაშიანი ბაბუ, მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ასლით ხელში. ფიზიკური მსგავსების გამო, ფეხბურთის ქართველმა ფანებმა მას აინშტაინი შეარქვეს, ბრაზილიაში კი „სელესაოს“ ლეგენდარულ ქომაგად იცნობენ.

ეს ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი კადრია.

როდესაც ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ანგარიში გამანადგურებელი გახდა, კლოვის ფერნანდესმა (ამ სტაჟიანი ქომაგის სახელი და გვარი) მსოფლიოს ჩემპიონატის მინიატურული თასი გერმანელ გულშემატკივარს აჩუქა და თან უთხრა: „ჩემთვის ეს იოლი არ არის, მაგრამ თქვენ ეს დაიმსახურეთ. გილოცავთ! წაიღე ეს თასი ფინალურ მატჩზე“.

ბრაზილიის ნაკრებში კარგად იციან ამ ერთგული ქომაგის შესახებ. კლოვის ფერნანდესს ხშირად „მეთორმეტე მოთამაშედაც“ მოიხსენიებენ. ის 60-ზე მეტ ქვეყანაში „სელესაოს“ მონაწილეობით გამართულ დაახლოებით 150 მატჩს არის დასწრებული.

კლოვის ფერნანდესი იტალიაში, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

აშშ-ში, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

გერმანიაში, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

სამხრეთ აფრიკაში, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:

ალბათ, ოთხი წლის შემდეგ რუსეთში გასამართ მუნდიალსაც დაესწრება.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი ლორიას ჩაეხუტა

საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის (0:0) მიმდინარეობისას მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც გიორგი ლორიას ჩაეხუტა და მოედანი თავისივე ნებით დატოვა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.