როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჯეკ უილშირის ლას-ვეგასში ყოფნის დროს სიგარეტის მოწევის პროცესში დააფიქსირეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.
„უილშირთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მიჭირს რაიმე განცხადების გაკეთება.
მას აუცილებლად უნდა დაველაპარაკო და გავარკვიო, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
დიდად არ ვღელავ, უბრალოდ მაინტერესებს, რა მოხდა. მანამდე ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა.
ჯეკი იმ ასაკშია, როდესაც სულ უფრო წინ უნდა წავიდეს. მნიშვნელოვანია მისი სასურველ კონდიციებში ყოფნა.
ის დიდებული ფეხბურთელია. უილშირს საფეხბურთო ტვინი აქვს და ამბიციურიც არის. თუ ჯანმრთელად იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ დიდებულ სეზონს ჩაატარებს“, – ვენგერის სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ უილშირი სიგარეტით ხელში გასული წლის ოქტომბერშიც დააფიქსირეს. მაშინ ინგლისელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა. შარშან ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა.