რუნი “ევერტონში” ბრუნდება

მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ გუნდის ყოფილი ლიდერის, უეინ რუნის “გუდისონ პარკზე” დასაბრუნებლად.

როგორც ცნობილი ხდება, ჟოზე მოურინიომ სპეციალური შეხვედრა გამართა ინგლისელ კაპიტანთან და განუცხადა, რომ მომავალ სეზონში მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება.

talkSport-ის ცნობით, რუნიმ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები თავის მშობლიურ კლუბთან და ძალიან დიდია შანსი, რომ მომავალი სეზონიდან უეინმა “კამფეტებისთვის” გაიტანოს.

მორატას ტრანსფერი: როგორია ბუკმეიკერების პროგნოზები?

მადრიდის “რეალის” ესპანელ თავდამსხმელს, ალვარო მორატას უცხოური ბუკმეიკერული კომპანიები “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია, Betfair Sportsbook იმდენად დარწმუნებულია ამ ტრანსფერში, რომ მორატას “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგების შანსებს მხოლოდ 1.17 კოეფიციენტს ანიჭებს.

მორატას “ჩელსიში” გადასვლის კოეფიციენტი 9.00 გახლავთ, “მილანში” – 26.00, “იუვენტუსში” – 34.00, “ლივერპულში” – 51.00, ხოლო “ბაიერნში” 67.00.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნაინგოლანს წელიწადში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობენ “რომას” ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის გულის მოგებას. Il Tempo-ს ცნობით, “წითელი ეშმაკები” ნაინგოლანს 7.5 მილიონ ევროს სთავაზობენ წელიწადში ხელფასის სახით.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონიც “ჩელსისა” და “არსენალის” უფროსებიც ინტერესდებიან, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, მის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს სწორედ მანჩესტერელები არიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რომაული კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, მონჩი რაჯას კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივებას და წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს.

მაიკლ კერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედში” რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა, მაიკლ კერიკმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გარშემო არსებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი ადამიანი, ფეხბურთელია ის და როგორი კარიერა ჰქონდა. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი არც ღირს.

ბედნიერი ვარ, ერთ დროს მის გვერდით რომ ვთამაშობდი, მაგრამ ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, დაბრუნდება თუ არა ის “მანჩესტერ იუნაიტედში”. ამას რამდენიმე კვირაში გავიგებთ,” – აცხადებს კერიკი.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “იუვენტუსის” მთავარი სკაუტი გადაიბირა

Goal-ის მიერ დადასტურებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი მთავარი სკაუტი, ხავიერ რიბალტა მუშაობას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

როგორც იცით, ბოლო წლებში “იუვენტუსის” სკაუტების კოორდინატორის ფუნქციებს სწორედ რიბალტა ასრულებდა და ძალიან წარმატებულადაც, თუმცა მან ტურინის დატოვებისა და ახალი გამოწვევების მიღების გადაწყვეტილება მიიღო.

“ბიანკონერი” რიბალტას ასე გამოემშვიდობა:”იუვენტუსი” ადასტურებს, რომ 5-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კლუბს მთავარი სკაუტი, ხავიერ რიბალტა ტოვებს და ახალი პროფესიული თავგადასავლების საძიებლად მიდის.”

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ რიბალტას დამატებამ “მანჩესტერელთა” საზაფხულო გეგმებზე დიდი გავლენა არ უნდა იქონიოს.

მოურინიო რონალდუს ტრანსფერის წინააღმდეგია

ბოლო დროს უცხოურ პრესაში საკმაოდ ბევრს საუბრობენ კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ, მაგრამ, როგორც ცნობილი ხდება, “წითელი ეშმაკების” თავკაცი, ჟოზე მოურინიო ამ ტრანსფერის წინააღმდეგია.

ინგლისელთა პორტუგალიელ თავკაცს თავისი თანამემამული გადაბირება სამი მიზეზის გამო არ სურს: ასაკი (32), დიდი ფასი (200 მილიონი ევრო) და დიდი ხელფასი (25 მილიონი ევრო).

თუმცა, გარდა ამისა, უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ “რეალში” მუშაობის ბოლო პერიოდში, ჟოზესა და კრიშტიანუს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც, როგორც ჩანს, დღემდე არ შეცვლილა.

გეტყვით იმასაც, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირებით “პარი სენ-ჟერმენისა” და ჩინური კლუბების ხელმძღვანელებიც ინტერესდებიან.

ჯანლუკა დი მარციო ადასტურებს: რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” უნდა

უკვე კარგა ხანია, რაც ევროპული სპორტული ჟურნალ-გაზეთები კრიშტიან რონალდუს გარშემო არსებული სიტუაციის ამსახველი ინფორმაციებით არის გაჟღენთილი.

ცეცხლს ნავთი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომაც დაუმატა, რომლის თქმითაც, კრიშტიანუმ თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ყველაფრის გაკეთება თხოვა, რაც მისი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლისთვის იქნება საჭირო.

როგორც იცით, “ბლანკოსის” სუპერვარსკვლავის გადაბირებით “პარი სენ-ჟერმენი” და ჩინური კლუბებიც არიან დაინტერესებულები და ისინი მზად არიან საჭირო თანხა გაიღონ რონალდუს სანაცვლოდ, მაგრამ როგორც ჩანს, რონალდუსთვის თანხა პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

“რეალ სოსიედადი” ადნან იანუზაის მიმართ ინტერესს ადასტურებს

ესპანური “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ადნან იანუზაის მიმართ ინტერესის არსებობას.

ჟოკინ აპერიბაიმ, ლა ლიგაში მოთამაშე კლუბის პრეზიდენტმა აღიარა, რომ 22 წლის ბელგიელის გადასაბირებლად “რეალ სოსიედადმა” ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი მათზეა.

“მართალია, რომ იანუზაის ტრანსფერით ვართ დაინტერესებული, მაგრამ ახლა ყველაფერი “მანჩესტერზე” და მასზეა დამოკიდებული.

ახლა ჩვენ ინგლისელთა გადაწყვეტილებას ველოდებით, შემდეგ კი ჩვენს სვლას განვახორციელებთ. მის გადაბირებას ბევრი სხვა კლუბი ცდილობს და ჩვენთვის ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება,” – აცხადებს ესპანური კლუბის პრეზიდენტი.

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლინდელოფი გაიფორმა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ბენფიკას” ფეხბურთელის, ვიქტორ ლინდელოფის ტრანსფერს, რაშიც მანჩესტერელებმა 45 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ლინდელოფმა ინგლისის 20-გზის ჩემპიონებთან 4-წლიანი კონტრაქტი ოთხშაბათს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გააფორმა.

22 წლის ცენტრალური მცველი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

“ბედნიერი ვარ ისეთ კლუბში გადასვლით, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”.

“ბენფიკაში” გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება, ამ კლუბმა ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგრამ ახლა ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავი. მოუთმენლად ველი სეზონის დასაწყისს,” – აცხადებს ლინდელოფი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერით ინტერესდება

ჟოზე მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი მოექცა. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანულ კლუბს ინგლისური გრანდისაგან კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება ბერძენი ფეხბურთელის ფასს, რომლის გადაბირებითაც “არსენალისა” და “ჩელსის” უფროსებიც არიან დაინტერესებულნი, ის დაახლოებით 28 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პაპასტატოპულოსი “ბორუსიაში” 2013 წლიდან გამოდის და მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

მოურინიო მორატას: “მოდი, აქ მნიშვნელოვანი იქნები”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასთან ძალიან ახლოს იმყოფება.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი თავად დაუკავშირდა ესპანელ შემტევს და შემდეგი სიტყვები უთხრა: “მოდი, აქ მნიშვნელოვანი იქნები”.

როგორც ცნობილი ხდება, მოურინიომ ზუსტად იცის, თუ როგორ და რისთვის უნდა გამოიყენოს ალვარო მორატა, რაც რა თქმა უნდა, მორატასთვის ძალიან სასიამოვნო რამ არის.

რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, მორატას ტრანსფერი ინგლისურ გრანდს დაახლოებით 70 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 ივნისი


მორატა ბეილს “მანჩესტერ იუნაიტედში” ეპატიჟება

Don Balon-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ალვარო მორატა, რომელიც ძალიან ახლოსაა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლასთან, ცდილობს თავგზა გარეტ ბეილსაც აუბნიოს.

როგორც ცნობილი ხდება, მორატამ უელსელ გარემარბთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, სადაც მას “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჟოზე მოურინიოს პროექტზი გააცნო.


რიად მარეზი “ბარსელონას” ელოდება

“ლესტერ სიტის” ალჟირელი გარემარბი, რიად მარეზი, რომელიც პრემიერ ლიგის 2015/16 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელების წინადადებას ელოდება.

როგორც ცნობილი ხდება, “მელიების” შემტევს უკვე გაუგზავნა ოფიციალური წინადადება ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, თუმცა ეს უკანასკნელი პასუხის გაცემას არ ჩქარობს.


ზლატანი ამერიკელებს შეუთანხმდა

Marca-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკული MLS-ის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, 35 წლის თავდამსხმელი, რომელმაც 2016/17 წლების სეზონში 28-ჯერ შეძლო მეტოქის კარის არება, კარიერას “ლოს-ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.


“ჩელსი” ბაკაიოკოს უახლოვდება

“მონაკოს” ცენტრალური ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. კერძოდ, 22 წლის ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” რიგებში ჩაირიცხება.

L’Equipe-ის ცნობით, მხარეებს შორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ინგლისელები ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდიან.


“ვესტ ჰემი” ჟირუს უმიზნებს

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ოლივიე ჟირუს ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგი შემტევის გადაბირება პირადად სლავენ ბილიჩის ახირებას წარმოადგენს.