„იუვენტუსის“ ქართულ ფანკლუბს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

ტურინის „იუვენტუსის“ ქართულ ფანკლუბს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა.

ერთწლიანი არაოფიციალური საქმიანობის შემდეგ, ტურინიდან შესაბამისი დოკუმენტი მოვიდა, რომლის თანახმადაც, „ბიანკონერის“ ქართული ფანკლუბი DOC-ის (კლუბის მთავარი ოფიციალური ფანკლუბი, რომელიც კოორდინირებას უწევს კლუბის სხვა ოფიციალურ ფანკლუბებს) წევრი გახდა.

ამიერიდან თითოეული აქტივობა, რომელსაც „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბი გაწევს, ასოცირებული იქნება მთავარ ფანკლუბთან, რომელმაც რამდენიმეთვიანი დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარ ოჯახში ქართველი ქომაგების დაშვება აღარ გადაედო და ახალი სეზონისთვის უკვე ოფიციალური სახე ჰქონოდათ.

ამჟამად ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალურ ქართულ ფანკლუბში 93 წევრი ირიცხება, თუმც პერიოდულად ახალი წევრების მიღებაც მოხდება. კერძოდ, ქართულ ფანკლუბს თვეში ერთხელ შეეძლება მთავარ ფანკლუბში ახალი წევრების სიის გაგზავნა.