დაახლოებით 30 ათასი გულშემატკივარი მივიდა გუშინ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც მადრიდის „რეალმა“ ახალწვეული ხამეს როდრიგესი წარადგინა.
ფეხბურთელის წარდგენას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მოედანზე ქომაგი შეიჭრა, რომელიც როდრიგესთან ჩახუტებას შეეცადა, თუმცა დაცვამ უმალ განაშორა გულშემატკივარი მოთამაშისგან. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ქომაგი დაცვის წევრებისგან დაიხსნა და მას სამახსოვროდ ბურთიც აჩუქა.
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესმა „რეალთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ესპანური წყაროების ცნობით, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო. კოლუმბიელ ნახევარმცველს ხელფასის სახით წელიწადში 5 მილიონი ევრო მიეცემა. როდრიგესი „რეალში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.