რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იგორ ლებედევი უჩვეულო ინიციატივით გამოდის. რუსი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ფეხბურთის ხულიგნებს შორის ჩხუბი სპორტის სახეობად უნდა დამკვიდრდეს.
“ჩვენი ფანები არიან მებრძოლები და არა ხულიგნები. ფანებს შორის ჩხუბის სპორტის სახეობად დამკვიდრება შესაძლებელია. რა არის სპორტული ორთაბრძოლა? ეს არის ჩხუბი ერთი ერთზე. რატომ არ შეიძლება იგივე ჯგუფებს შორის? შევიმუშავოთ წესები და ჩავატაროთ ტურნირი. ამას, სხვათა შორის, სამხედრო მნიშვნელობაც მიეცემოდა. ფანების აგრესიას მშვიდობიან სახეს მივცემდით. ეს იქნებოდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც, იგივე ინგლისისთვის. მაგალითად, ჩამოდიან ინგლისელი ფანები და იწყებენ ჩხუბს. მასპინძელი მხარე იღებს გამოწვევას და უნიშნავს შეხვედრას სტადიონზე. თითოეულ მხარეს იქნება 20 შეუიარაღებელი ადამიანი.
რუსეთი სპორტის ახალ სახეობაში პიონერი იქნებოდა. ახალი სახელის გამოგონება საჭირო არ არის. როგორც სიტყვა “სპუტნიკი” დამკვიდრდა მსოფლიო ლექსიკონში, ასევე დავამკვიდრებდით სიტყვა “დრაკა”-ს”, – აღნიშნა იგორ ლებედევმა.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქალაქ მარსელში რუსი გულშემატკივრების მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებები იგორ ლებედევმა თავის დროზე ასე შეაფასა: “ეს ფანებს შორის ჩხუბია. განსაკუთრებული არაფერი არ ხდება”.
დღეს კი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის ფეხბურთის კავშირის წევრიც გახლავთ, ამბობს:
“საფრანგეთი უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა ასეთ ღონისძიებას, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იქ ინგლისელი ქომაგებიც აპირებდნენ ჩასვლას. როგორ ემზადება ჩვენი ქვეყანა? უსაფრთხოების ყველა ზომა გვაქვს მიღებული, კანონმდებლობით მოდერნიზებული. 2018 წლის ზაფხულში არცერთ ტურისტს არ უნდა ეშინოდეს ჩვენთან ჩამოსვლის”.