ილიას ზუროსი და ალეკსანდარ ჯორჯევიჩი ერთმანეთს ვარჯიშზე შეხვდნენ (ვიდეო)

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი სერბეთი იქნება, რომელსაც ქართველები ბელგრადის ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები ბელგრადში გერმანიიდან, 25 ნოემბრის დილას ჩავიდა და საღამოს “ალეკსანდარ ნიკოლიჩზე” მსუბუქად ივარჯიშა. ილიას ზუროსმა გუნდი სრული დატვირთვით მეორე დღეს, 26 ნოემბერს ავარჯიშა. ქართველებამდე ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზი სერბებს ჰქონდათ დაკავებული და გასასვლელში ერთმანეთს ილიას ზუროსი მათ მთავარ მწვრთნელ ალეკსანდარ ჯორჯევიჩს შეხვდა. მწვრთველებმა ფიბა-ს ახალი სანაკრებო ფორმატის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფაქტობრივად ნბა-სა და ევროლიგის მოთამაშეების გარეშე ტოვებს ნაკრებებს. ზუროსმაც და ჯორჯევიჩმაც საკუთარი დააფიქსირეს ამის გამო.

ილიას ზუროსმა ასისტენტებთან ერთად ნაკრები კომბინირებულად ავარჯიშა. სროლები, კომბინაციები, ორმხრივი თამაში და რა თქმა უნდა, მოთელვები – ეს გახლდათ ის კომპონენტები, რაზეც ნაკრების წევრებმა “ალეკსანდარ ნიკოლიჩზე” იმუშავეს. ყველა მოთამაშე მხნედაა და ტრავმა არავის აწუხებს. საქართველოს ნაკრები თამაშის დღეს, 27 ნოემბერს, დილის 10:30 საათზე მსუბუქად ივარჯიშებს.

სერბეთი და საქართველო ოფიციალურ დონეზე არასდროს შეხვედრიან. ორივე ამხანაგურ მატჩი, რომელბიც 2012 და 2017 წლებში ამ ნაკრებებს შორის გაიმართა, საქართველომ მოიგო.

სერბეთი – საქართვეელო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთვაზებთ.

Gbf.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩავიდა და საღამოს “ალეკსანდრ ნიკოლიჩზე” ივარჯიშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთის დედაქალაქშია. ილიაზ ზუროსის გუნდი ბელგრადში გერმანიიდან დღეს, გამთენიისას გამოემგზავრა და დაახლოებით 5 საათი დასჭირდა, დანიშნულების ადგილას – ბელგრადის „ქროუნ პლაზაში“ რომ მისულიყო.

ქართველებმა გუშინ ქალაქ ქემნიცში, გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ითამაშეს და ბოლო პერიოდში დაღლილობისა და შეცდომების გამო წააგეს. ეს გახლდათ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი. მეორეს ქართველები 27 ნოემბერს, ბელგრადში, კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს – სერბეთის ნაკრებთან გამართავენ.

ბელგრადის სასტუმროში დაბინავების შემდეგ ნაკრების წევრები დაისვენებენ, ძალებს აღიდგენენ და საღამოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (თბილისში 23:00) ბელგრადის ალეკსანდრ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში ივარჯიშებს.

26 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს 2 ვარჯიში აქვს დაგეგმილი, ხოლო სერბეთთან მატჩი 27-ში, თბილისის დროით – 23:00 საათზე გაიმართება.

Gbf.Ge

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “მესე ჰალეზე” სრულად ივარჯიშა

დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ქემნიცში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეგოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელთანაც საქართველოს ნაკრები გასულ სექტემბერს, ევრობასკეტზე დამარცხდა, თუმცა დღესდღეობით ორივე გუნდი სრულიად სახეცვლილია.

ფიბა-ს სანაკრებო მატჩების სისტემის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირ ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ვერ მიდიან. ფიბა-სა და ევროლიგის ხელმძღვანელებმა ვერ მოილაპარაკეს და ამ უკანასკნელმა საკუთარი კალენდარი ვერ შეცვალა. სწორედ გუშინ ჰქონდა ევროლიგაში თამაში თორნიკე შენგელიას “ბასკონიას”, ხოლო დღეს – გიორგი შერმადინის “უნიკახას”.

გერმანიას ნბა-ს 2 მოთამაშე აკლია, ასევე ევროლიგის მოთამაშეები, თუმცა ჰყავს არაერთი ულებ-ის ევროთასის კლუბის წარმომადგენელი და თამაშობს შინ. საქართველოს ეროვნული ნაკრების წვრთნელმა, ილიას ზუროსმა საკმაოდ ფრთხილი კომენტარი გააკეთა გუშინ ნაკრების ვარჯიშის შემდეგ. ჩვენმა ნაკრებმა წუხელ პირველად ივარჯიშა „მესე ჰალეზე“, სადაც დღეს საღამოს გერმანიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიში გამართა მაიკლ დიქსონმა, რომელიც ძალიან მოწადინებულია.

გთავაზობთ ზუროსისა და დიქსონის კომენტარებს:

ილიას ზუროსი:

“მოხარული ვარ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი გუნდს ორი დღის წინ შეუერთდა. ასევე სასიამოვნოა, რომ მაიკლ დიქსონიც ჩვენთანაა და სავარჯიშოდ ერთი დღე აქვს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან გვაკლია ბევრი გამოცდილი კალათბურთელი: გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე. ბექასა და დუდას ოპერაციები აქვთ გაკეთებული. იცით თოკო შენგელიასა და გიორგი შერმადინის მდგომარეობა, რომლებიც ევროლიგაზე თამაშობენ და კლუბები ნაკრებში ჩამოსვლის ნებას არ რთავენ. ასე რომ, გამოცდილება ნამდვილად გვაკლია. მძიმე მდგომარეობაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს. საქართველოს ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით ერთად მხოლოდ ორი დღეა რაც ვარჯიშობს. ასეთ პირობებში კი შეთამაშებასა და გუნდურობაზე მუშაობა ძალიან რთულია. საამისოდ, ფაქტობრივად, დრო არ რჩება. მოთამაშეებს ერთმანეთი ჰყავთ გასაცნობი…
ჩვენთვის საინტერესოა და გვინდა ვნახოთ ჩვენი კალათბურთელები ასეთ მეტოქესთან როგორ ითამაშებენ ერთმანეთის გვერდით, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ სერბეთთან და გერმანიასთან გასვლით მატჩებში გამოჩნდება, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ.
რას ველით? რეალისტები უნდა ვიყოთ: ერთადერთი, რასაც ველით, ესაა ბოლო წამებამდე თავდაუზოგავად ბრძოლა.”

მაიკლ დიქსონი:

“გერმანიასთან მისსავე მოედანზე თამაში და გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ამ ქვეყანაში კალათბურთი უყვართ და დარწმუნებული ვარ, დარბაზი გაივსება. საქმეს ესეც გაართულებს. თუმცა საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, ამაყად ვითამაშოთ და შედეგსაც მივაღწევთ. საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალი სახეა, თუმცა ამით ჩვენი მიზანი არ იცვლება – ბრძოლა და გამარჯვება. ამის შესახებ მწვრთნელი ილიას ზუროსიც გველაპარაკა და ჩვენც კარგად ვიცით. კალათბურთი თამაშია და ჩვენც თავისუფლად უნდა ვითამაშოთ. მთავარია, რომ მეც და ჩემს გუნდელებსაც მონდომება და სურვილი არ გვაკლია.”

Gbf.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრები ქემნიცში ჩავიდა და დღეს საღამოს ივარჯიშებს!

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში გაემგზავრა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სადებიუტო მატჩში ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 24 ნოემბერს გერმანიას, ხოლო 27-ში სერბეთს დაუპირისპირდება.

გერმანელებთან მატჩი ქალაქ ქემნიცში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩავიდა. ილიას ზუროსის გუნდი გერმანიაში გამთენიისას, თბილისი – მიუნხენი – დრეზდენის რეისით გაემგზავრა. შიდაგერმანულმა რეისმა 40 წუთი გასტანა, ამდენივე ხანი მოუნდა ნაკრები დრეზდენიდან ქემნიცში ჩასვლას, სადაც მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ „პენტა ჰოტელში“ დაბინავდა.

დარბაზი სასტუმროდან 10 წუთის სავალზეა. ქემნიცი აღმოსავლეთ გერმანიის პატარა, მყუდრო ქალაქი გახლავთ და აქ ეროვნული ნაკრების მატჩის ჩატარების მიზანი ამ მხარეში კალათბურთის პოლულარიზაცია გახლდათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში 10 მოთამაშით ჩავიდა. მაიკლ დიქსონი და მანუჩრ მარკოიშვილი საღამომდე ქემნიცში იქნებიან და 20:00 საათზe, რიჩარდ ჰარტმან არენაზე ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს აქვს დაგეგმილი.

Gbf.Ge

მარკოიშვილი ნაკრებს გამარჯვებით უბრუნდება

გუშინ მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა “რეჯიო ემილიამ” პოდგორიცას “ბუდუჩნოსტს” უმასპინძლეს და 77:71 დაამარცხა მეტოქე.

მანუჩარი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 31:58 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. მან 8-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. მარკოიშვილს თამაშის განმავლობაში ასევე 5 ფოლი დაუგროვდა.

“რეჯიო ემილიას” 6 ტურში 3-ჯერ მოახერხა მეტოქის დამარცხება და ამ მომენტში B ჯგუფში მეორე-მეოთხე ადგილს იკავებს. მანუჩარის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ 6 დეკემბერს გამართავს, “რეჯიო ემილია” სტამბულში “გალათასარაის” ესტუმრება.

კოტე ტუღუში ნაკრების შემადგენლობით კმაყოფილია

როგორც მოგახსენეთ, დღეს საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ფედერაციაში ნაკრების გაფართოებული სია დასახელდა. პრესკონფერენციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი ასისტენტი კოტე ტუღუში დაესწრო, რომელმაც ჟურნალისტებს ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ უამბო.

„გაფართოებულ სიას ყველანი ნახავდით. ამჟამად ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს. ბოლო დროს მსგავსი პრობლემა ყოველთვის გვქონდა. კარგია, რომ ამ მიზეზით დღეს არავინ გვაკლია. იმედია, ევროპის ჩემპიონატს ასევე ოპტიმალური შემადგენლობოით შევხვდებით. თუ ეს ასე იქნება, მაშინ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს საბოლოო გაფართოებული სიაა, არავის დამატება აღარ შეგვიძლია.

ნიკოლოზ ცქიტიშვილთან პირადად არ გვისაუბრია. მის კანდიდატურას განვიხილავდით, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ მას ნაკრებში არ გამოვიძახებთ.

გორგოძე ნაკრების ახალწვეულია. ყველანი ვთანხმდებით< რომ მას აკრგი სეზონი ჰქონდა. ნაკრებთან ერთად ის ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებს, რაც გუნდასაც გამოადგება.

რაც შეეხება ჯანელიძეს, ამ ახალგაზრდა მოთამაშის სტატისტიკას თვალს ყოველთვის ვადევნებდი. ის ათლეტური და ძლიერია, იტალიაში მას ასევე კარგი სეზონი ჰქონდა“, – განაცხადა ტუღუშმა.

საქართველოს ნაკრებმა ოვერტაიმში პორტუგალიას ერთი ქულით აჯობა

ევროპის 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიასთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში, მეტოქე ერთი ქულით დაამარცხა.

ყველაფერი იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის ცუდად დაიწყო, პირველი მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 24:14 დათმეს, ხოლო მეორე მეოთხედი 21:12 წააგეს. საბოლოოდ, დიდი შესვენებისთვის სტუმრები 45:26 მარცხდებოდნენ.

მესამე და მეოთხე მეოთხედებში ქართველებმა იმდენი მოახერხეს, რომ ტაბლოზე თანაბარი ანგარიში 78:78 დაფიქსირდა. ოვერტაიმში კი, უკეთესები კოკოშკოვის კალათბურეთელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც პორტუგალიელებს ერთი ქულით აჯობეს.

საუკეთესო საქართველოს ნაკრების რიგებში ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც 25 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა. მასზე 5 ქულით ნაკლები თორნიკე შენგელიამ დააგროვა.

რაც შეეხება პორტუგალიელებს, მათ რიგებში საუკეთესო 26 ქულით ჟოზე და სილვა იყო.

პორტუგალია – საქართველო 90:91 (ოვერტაიმი)

პორტუგალია: და სილვა (26 ქ. 3 მ. 3 პ.), ფერნანდესი (17 ქ. 2 მ. 8 პ.), სოარესი (13 ქ. 9 მ. 2 პ.), პინტო (11 ქ. 1 მ. 2 პ.), ლიმა (9 ქ. 2 მ. 4 პ.)

საქართველო: ფაჩულია (25 ქ. 9 მ. 2 პ.), შენგელია (20 ქ. 5 მ. 3 პ.), სანიკიძე (10 ქ. 13 მ. 3 პ.), ბურჯანაძე (7 ქ. 4 მ.), სანაძე (4 ქ.)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო პირველობის მონაწილე უკრაინა დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა. გუნდი, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიაში, მე-5 ადგილი დაიკავა და 2014 წელს ესპანეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. დიახ, უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, საქართველო კი ევროპის 2015 წლის ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირისთვის. ეს გუნდები დღეს სლოვენიის დაბა როგაშკა სლატინაში შეხვდნენ და გამარჯვებული იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი საქართველო გამოვიდა – 70:62.

საქართველო თავისი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობდა. ეგ კი არა, ჩვენებს მანუჩარ მარკოიშვილსა და რიკი ჰიკმანთან ერთად გიორგი შერმადინიც აკლდათ. უკრაინის ნაკრებიც დანაკლისით თამაშობდა, მაგრამ ქართველების დანაკლისთან ეს რა მოსატანია.

 ერთი საინტერესო მომენტიც: უკრაინა პირველ ტურში საქართველოს ხვდება, ხოლო ბოლო ტურში, 26 ივლიის, სლოვენია და უკრაინის მატჩია დანიშნული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა ფინალის დარ მატჩად უკრაინა-სლოვენია ჩათვალეს, აქაოდა, ეს გუნდები 2-2 გამარვებას მიითვლიან და მათ შორის გამარჯვებული ტურნირის მოგებული იქნებაო – ამიტომაც ბოლო დღესაა ამ ნაკრებების მატჩი დანიშნული.  

საქართველოს ნაკრებმა პროგნოზიორთა ვარაუდი თავდაყირა დააყენა და უკრაინის ნაკრებს მარცხი აგემა. არდა, თამაში ისე დაიწყო, ამას სლავები ძნელად თუ იფიქრებდნენ. უკრაინელებმა პირველ მეოთხედში 5 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ათწუთეული 26:15 მოიგეს. მეორე პერიოდში ქართველებმა ოდნავ იყოჩაღეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს – 33:38.

შესვენებამდე მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა მოპოვებული საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად მეორე ტაიმში ამოქმედდა. ქართველებმა მესამე მეოთხედი 20:17 მოიგეს და ბოლო პერიოდში უკრაინელებზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს.

ხანგრძლივი უთამაშებლობის კვალობაზე შესანიშნავად გაისარჯა თორნიკე შენგელია, რომელმაც 31:31 წუთში 12 ქულა მოაგროვა. დამაჯერებლად თამაშა გიორგი ცინცაძემ, რომელიც გუნდს 11 ქულითა და 5 პასით შეეწია. საუკეთესო კი ვიქტორ სანიკიძე გახლდათ 19 ქულით, 8 მოხსნით, 5 ჩაჭრითა და 3 პასით. სწორედ სანიკიძემ, ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ ჩააგდეს მატჩის უკანასკნელი 8 ქულა. მას შემდეგ, რაც შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში 62:62 გახდა, ხსენებულმა კალათბურთელებმა იგორ კოკოშკოვის გუნდს გამარჯვების ქულები შესძინეს.

უკრაინის ნაკრებში საუკეთესო იყო იუჯინ (პუჰ) ჯეტერი, რომელმაც 14 ქულა მიითვალა. 8-8 ქულა დააგროვეს კირილ ნატიაჟკომ და მაკსიმ კორნიენკომ. უკრაინელთა იმედმა სერგეი გლადირმა კი თავისიანებს მხოლოდ 1 ქულა შეაწია.

დღესვე ტურნირის ფარგლებში ითამაშებენ სლოვენია და კანადა. საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე სლოვენიას დაუპირისპირდება

საერთაშორისო ტუნირი. სლოვენია. როგაშკა სლატინა. 24 ივლისი

საქართველო 70:62 უკრაინა

15:26, 18:12, 20:17, 17:7

საქართველო: ცინცაძე (34წ, 11ქ, 5პ), ფაცაცია (22წ, 9ქ), შენგელია (32წ, 12ქ, 4მ), სანიკიძე (35წ, 19ქ, 8მ, 5ჩ, 3პ), ფაჩულია (29წ, 10ქ, 7მ); ფხაკაძე (6წ), სანაძე (6წ, 2ქ), ბურჯანაძე (12წ, 4ქ), შარაბიძე (7წ), ლეჟავა (16წ, 3ქ)

 

სრული სტატისტიკა: http://www.kzs.si/index.php?id=114&game_id=2931386&league_id=undefined&season_id=89101#mbt:33-400$t&0=1

gbf.ge