ანტუან გრიზმანის კომენტარი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების შემტევმა, ანტუან გრიზმანმა კომენტარი გააკეთა.

“ჯერ ვერ ვაანალიზებ, რა ხდება. ვამაყობ ამ გუნდით: ფეხბურთელებით, სამწვრთნელო, ტექნიკური და სამედიცინო შტაბებით. ჩვენ ნამდვილად გაერთინაებული გუნდი ვიყავით. გავაკეთეთ რაღაც დაუჯერებელი, დავწერეთ ისტორია და ახლა ამის აღნიშვნას ვაპირებთ. ჩვენს ოჯახებს ვნახავთ და შემდეგ ვიზეიმებთ. ხვალ, საფრანგეთში იგივე იქნება. ვგეგმავთ, რომ ფრანგ ხალხთან ერთად ვიზეიმოთ,” – ამბობს გრიზმანი.

 

გრიზმანი:”ჩვენ მეტოქის ნებისმიერი ტაქტიკის დანგრევა შეგვიძლია”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, არგენტინის ნაკრების დამარცხების შემდეგ (4-3) პრესასთან ისაუბრა.

“ბრწყინვალე მატჩი იყო მოედანზე მყოფი თითოეული ფეხბურთის ფანისათვის და მათთვის, ვინც შეხვედრას ტელევიზორებიდან ადევნებდა თვალს. კარგად ვითამაშეთ და გუნდის ხასიათიც ვაჩვენეთ, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაგვეხმარა.

მართალია, ჯგუფურ ეტაპზეც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ დღეს ყველაფერი უკეთ იყო. თუ მომდევნო მატჩებშიც ასე ვითამაშებთ, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების დიდი შანსი გვექნება.

გუნდი თვითდაჯერებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკის დანგრევა შეგვიძლია,” – აცხადებს გრიზმანი.

დიდიე დეშამი: “გრიზმანი ლიდერია, მისგან მეტს ველი”

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალია მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ დიდიე დეშამმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა გრიზმანი 70-ე წუთზე.

“ანტუანი ანტუანია – ის ჩვენი შეტევის ლიდერია და მომავალშიც ლიდერი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო თამაში არ უჩვენებია,” – განაცხადა “მამლების” თავკაცმა.

კითხვას, დაიწყებს თუ არა გრიზმანი მომდევნო მატჩს სათადარიგოთა სკამიდან, დეშამმა ასე უპასუხა:”არა, არა. ის თამაშს სასტარტოდან დაიწყებს, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს, მისგან მეტს ველი.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს და ვინ არა. მთავარია, როგორ გამოადგებიან გუნდს. ოლივიე ჟირუ შეცვლაზე შემოსულა და გამარჯვებაში დაგვეხმარა. იმედგაცრუება ნაკრებისთვის პოზიტიურ ძალად უნდა გარდაქმნან.”

გრიზმანის გადაწყვეტილება: ფრანგმა ყველაფერი ტელევიზიაში გააჟღერა

მადრიდის “ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, ლეგენდარულ ლებრონ ჯეიმს მიბაძა და საკუთარი გადაწყვეტილების გაცხადების უფლება ტელეკომპანია Movistar-ს მიჰყიდა. ვიდეოგზავნილში გრიზმანი ყველა ფაქტორზე საუბრობს, რამაც მასზე გადაწყვეტილების მიღების მომენტში იმოქმედა.

კითხვას ეშინია და ეჭვობს თუ არა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, გრიზმანი პასუხობს: ” იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მივიღე, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. არ ვინანებ.

ყველაფერს ვაკეთებდი კარგად რომ მეთამაშა, ბევრი გოლი გამქონდა და გუნდს მაქსიმალურად ვეხმარებოდი.

ბოლო საუბრისას სიმეონეს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი არაფერი მქონდა. ჩემს დას წინ ორი სერიოზული შეხვედრა ჰქონდა, სადაც ყველაფერი გაირკვეოდა. მალევე დამირეკა ჩემმა დამ და არჩევნის წინაშე დამაყენა, ძალიან რთულია.

ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, ორჯერ ვიყავი ფინალში და დავმარცხდი. თითქოს ცუდ იღბალს ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. რაღაც გვაკლდება, ყოველთვის გვაკლდება. ალბათ ახალი ფეხბურთელები გვჭირდება ჩემპიონობისთვის.

მეუღლე ფიქრს და დარჩენას მირჩევდა. აქ თუ დავრჩები და მოვიგებ, ლეგენდა გავხდები, თუ “ბარსელონაში” მოვიგებ – კიდევ ერთი უბრალო ფეხბურთელი. ჩემი ძმაც დარჩენას მირჩევდა.

ფინალის დღეს ყველა მეუბნებოდა, რომ წავსულიყავი. მე კი “ატლეტიკოსგან” ველოდი რაღაცას. ეგონათ, ყველაფერი ხელმოწერილი იყო. მე კი ფინალში მოგება მინდოდა.

ფინალს ლა ლიგის ბოლო მატჩი მოჰყვა, როდესაც გულშემატკივრები მისტვენდნენ. იმ ღამეს სიმეონემ მომაკითხა, მნახეს როგორ ცუდად ვიყავი. მხოლოდ მე მესმოდა ჩემი გრძნობების. აღარ შემოძლა გაურკვევლობაში ყოფნა, არ ვიცოდი რა მინდოდა,” – აცხადებს გრიზმანი

მეგობართან საუბარში ანტუანი ამბობს: “ატლეტიკო” ყველაფერს აკეთებს, რაც გუნდის პროგრესსა და მუდმივ ზრდას სჭირდება. ვგრძნობ, რომ დარჩენა მინდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება მათთვის.

მე ვრჩები და დავამტკიცებ, რომ ფანები ცდებოდნენ, როცა ჩემში ეჭვი ეპარებოდათ.”

გრიზმანი თავის მომავალთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს გააცხადებს

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი დღეს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ გაახმოვანებს.

დღეს გრიზმანი სატელევიზიო ჩართვას განახორციელებს “La Decision”-ის შოუში, სადაც ყველა იმ ფაქტორს განსაზღვრავს, რამაც მას “ატლეტიკოში” დარჩენა ან “ბარსელონაში” გადასვლა გადააწყვეტინა.

“ალბათ დაიღალეთ იმის კითხვით მივდივარ თუ ვრჩები, რამდენს იხდიან არ არ იხდიან ჩემში. მაგრამ სიმართლე ის არის, რასაც ვიტყვი…” – აცხადებს გრიზმანი Movistar-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ანტუან გრიზმანი: “ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”

დღეს კატალონიურმა Mundo Deportivo-მ დააანონსა, რომ გრიზმანი თავის მომავალთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაამჟღავნებდა, თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა.

“გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მაგრამ დღეს არ არის შესაფერი მომენტი ამის გასაცხადებლად. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ამას ვერ ვიტყვი, ვიცი რომ ბევრს გავუცრუე იმედი, მაგრამ შესაფერის მომენტს ველოდები,” – აცხადებს ფრანგი ვარსკვლავი, რომელსაც “ბარსელონაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ანტუან გრიზმანისა და სტივენ ნ’ზონზის პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში 12 000-ზე მეტი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. თუმცა, როგორც ჩანს, მისი გადაწყვეტილებას მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

“ბარსელონას” პრეზიდენტი ვალვერდეს ლენგლესა და გრიზანის ტრანსფერებს დაპირდა

ანტუან გრიზმანი და კლემან ლენგლე მომავალ სეზონში “ბარსელონას” მაისურით ითამაშებენ – სწორედ ამას დაპირდა “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი პეპ სეგურა გუნდის თავკაც ერნესტო ვალვერდეს.

როგორც ცნობილი ხდება, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ვალვერდე პირველად სწორედ სეგურას შეხვდა. სადილისას საუბრის მთავარი თემა ანტუან გრიზმანისა და კლემან ლენგლეს ტრანსფერები გახლდათ.

Catalunya Radio-ს ცნობით, “ბარსელონა” უკვე შეუთანხმდა “დალაქებს” ლენგლეს ტრანსფერის თაობაზე. კატალონიელებს მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ.

რაც შეეხება ანტუან გრიზმანის საკითხს, მხარეები ცდილობენ გარკვეულ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ.

რა ბედი ელის უსმან დემბელეს გრიზმანის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში?

კატალონიის “ბარსელონასა” და უსმან დემბელეს გეგმები აშკარად ჩაშლილია. ფრანგმა ფეხბურთელმა “კამპ ნოუზე” ფეხის მოკიდება ჯერაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც კლუბში კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ძალიან ახლოს არიან ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განხორციელებასთან, რომელიც “ატლეტიკოს” მაისურით საოცრებებს სჩადის. შესაბამისად, დემბელეს შანსები მის წინააღმდეგ მიზერული უნდა იყოს.

ერნესტო ვალვერდეს აზრით, გრიზმანის დამატების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ დემბელე იმ კლუბში გამოსცდის თავის ძალებს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება – რა თქმა უნდა, საუბარია 21 წლის ფეხბურთელსი განათხოვრებაზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დემბელეს ტრანსფერის მიმართ ინტერესს “ლივერპულისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ამჟღავნებენ.

“ატლეტიკო” გრიზმანს ხელფასის სახით 10 მილიონით მეტს სთავაზობს, ვიდრე “ბარსელონა”

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ გუნდის ლიდერის, ანტუან გრიზმანის, შენარჩუნებას. როგორც იცით, ეს უკანასკნელი ძალიან ახლოსაა კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგებასთან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 27 წლის გრიზმანი ხუთშაბათს ნაკრებს შეუერთდა, თუმცაღა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.

“როხიბლანკომ” გრიზმანს საკმაოდ სარფიანი წინადადება შესთავაზა – თუ გრიზმანი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დარჩება, მისი ხელფასი წელიწადში 25 მილიონი ევრო იქნება, რაც 10 მილიონით აღემატება “კატალონიურ” ვარიანტს.

თავის მხრივ ნერვიულობენ და ჩქარობენ “ბლაუგრანაშიც” – კლუბის ხელმძღვანელები შიშობენ, რომ გასული წლის შემთხვევა განმეორდება, როდესაც მარკო ვერატის ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა.

ფილიპე ლუიში: “ასი მილიონი გრიზმანისთვის ძალიან ცოტაა”

საფეხბურთო სამყაროში უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ ანტუან გრიზმანის მომავალ ტრანსფერზე. სახელდება ის თანხაც, რაც “ბარსელონამ” ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს – საუბარია 100 მილიონ ევროზე.

ამ თემაზე მისმა თანაგუნდელმა, ფელიპე ლუიშმა ისაუბრა:”სიმართლე რომ ვთქვათ, ასი მილიონი ევრო გრიზმანისთვის ძალიან ცოტაა. მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ, რადგანაც წინ ევროპა ლიგის ფინალია. ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

მიმდინარე სეზონში ის ნამდვილად საუკეთესო იყო ჩვენს რიგებში, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ დავეხმარეთ. იმედია, თავის რეალურ ძალას ფინალშიც გამოავლენს,” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი.

სუარესი:”მიხარია, რომ კლუბი გრიზმანის დონის ფეხბურთელებს იმატებს”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელი ვარსკვლავის ლუის სუარესის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს Marca აჟღერებს, რომლის მიხედვითაც “ლურჯ-ბროწეულისფრები” ანტუან გრიზმანის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არიან.

“ბარსელონა” ყოველთვის ისეთი დონის ფეხბურთელებს იმატებს, როგორიც ანტუანი, კოუტინიო და დემბელე არიან. ისინი უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. ანტუანი საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსოფლიო დონეზე ასპარეზობს.

ის “ატლეტიკოს” ნამდვილი ლიდერია და მისი თითოეული შეხება გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. აქ მას დიდი სიამოვნებით მივიღებთ. ის აქ ვინმეს შესაცვლელად არ მოვა, მას თავისი მიზნები აქვს და უნდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მაქსიმუმი გააკეთოს.

ძალიან მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ასეთ ფეხბურთელებს იმატებენ,”- ციტირებს სუარესის სიტყვებს Marca, რომელიც ურუგვაულ გამოცემებს ეყრდნობა.

სიმეონე: “მინდა გრიზმანს დავანახო, რომ ჩვენ დიდი მიზნებისთვის ვაპირებთ ბრძოლას”

მადრიდის “ატელტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, მზადაა ყველაფერი სცადოს ანტუან გრიზმანის შესანარჩუნებლად, რომელიც ზაფხულში კლუბის დატოვებას გეგმავს.

“ეს სეზონი მისთვის აღმასვლითა და ჩავარდნებით იყო დახუნძლული. შობამდე ძველ ფორმაში ჩადგომას ვერ ახერხებდა, მაგრამ ახალი წლის შემდეგ, საბედნიეროდ, ყველაფერი შეიცვალა. შესაძლოა, გრიზმანის თამაშზე ასეთი გავლენა გუნდში დიეგო კოშტას გამოჩენამაც იქონია.

სეზონის პირველ ნახევარში არც ისე ორგანიზებულად ვთამაშობდით, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალეთ. ახლა იმ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომელიც ჩვენ სახელთან ასოცირდება.

გრიზმანისგან საუკეთესო გვინდა. ძალიან მინდა მას დავანახო, რომ ეს გუნდი დიდი მიზნებისთვის იბრძვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მის დარწმუნებას შევძლებთ,” – აცხადებს დიეგო სიმეონე.