მარტინ ედეგორის სახელი ნორვეგიის ფეხბურთის ისტორიაში უკვე შევიდა. 15 წლის ასაკში ის ნორვეგიის ჩეპმიონატში მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. პირველი გატანილი გოლით კი მან კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეძლო.
აგვისტოში ედეგორმა ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო ამხანგურ შეხვედრაში, ხოლო ნოემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. ბუნებრივია, ასეთმა სტარტმა ევროპის წამყვანი კლუბების ინტერესი გამოიწვია და ედეგორისთვისაც ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც საბოლოოდ მადრიდის “რეალის” გამარჯვებით დასრულდა.
“დარწმუნებული ვარ მარტინი სწორი გზით მიდის. ტოპ კლუბში თამაშის შემთხვევაში ის პროგრესირებას გააგრძელებს, რაც ნორვეგიის ეროვნულ გუნდსაც გამოადგება” – განაცხადა იონ-აარნე რიისემ, რომელსაც ედეგორის მსგავსაც ახალგაზრდობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და მანაც კარიერის საუკეთესო წლები “ლივერპულში” გაატარა. სხვათა შორის, თავად ედეგორსაც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ მერსისაიდული კლუბის გულშემატკივარია, თუმცა მის საბოლოო არჩევანზე ამას გავლენა არ მოუხდენია.
სიმბოლურია, რომ მარტინი 1998 წელს დაიბარა, როდესაც ნორვეგიამ ბოლოჯერ იასაპრეზა მუნდიალზე. მამამისი, რომელიც ფეხბურთელი იყო და “სტრემსგოდსეტის” ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა იმ პერიოდში საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა.
გასაკვირი არაა, რომ მარტინიც “სტრემსგოდსეტის” საფეხბურთო აკადემიაში მივიდა და მალევე ძირითად გუნდში დაწინაურდა. ამჟამად კლუბი 4-3-3 სქემით თამაშობს, სადაც ედეგორი საყრდენებსა და შემტევი ტრიოს შორის იყო განლაგებული. ის შესანიშნავად ხედავს მოედანს და პარტნიორებსაც საუკეთესო გადაცემებით ამარაგებს. ედეგორი კარგი დრიბლინითაც გამოირჩევა. რა თქმა უნდა, მარტინს მინუსებიც აქვს და პირველ რიგში ეს მის ფიზიკურ მონაცემებს ეხება. მეორე სართულზე და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ის სუსტია, რის გამოც მოედანზე ასეთ სიტუაციებს თავს არიდებს. თუმცა, ასაკთან ერთად ამ პრობლემის გამოსწორება სავსებით შესაძლებელია.
მომავალი კლუბის არჩევის დროს ედეგორი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდა. მარტინი მამამისთან ერთად თითქმის ყველა დაინტერესებულ კლუბს ესტუმრა, გაეცნო აკადემიებს, ინფრასტრუქტურას და საბოლოო არჩევანიც მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა. უცხოური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” ნორვეგილ ტალანტში 4 მილიონ ევროს გადაიხდის. თუმცა, ბუნებრივია, რომ თავიდან ის ან მეორე გუნდში ითამაშებს ან მშობლიურ “სტრემსგოდსეტში” განათხოვრდება და მადრიდს სეზონის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.
რთული სათქმელია გაამართლებს თუ არა 16 წლის ვუნდერკინდი მასზე გაცემულ ავანსებს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას უამრავი ნიჭიერი მოთამაშე ახსოვს, რომელთა კარიერაც მოლოდინისამბერს ვერ წარიმართა, თუმცა მარტინის სტარტი უკეთესი მომავლის იმედს ტოვებს და მსოფლიო ფეხბურთიც დიდი ალბათობით ახალ ვარსკვლავს მიიღებს.