“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი მოიგო

ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში “პარი სენ-ჟერმენსა” და “გენგამს” შორის საფრანგეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის გამართული შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შვედმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მე-20 წუთზე კი დუბლი შეასრულა. 31-ე წუთზე “გენგამის” ფეხბურთელებს ერთი ბურთის გაქვითვის შანსი მიეცათ, თუმცა მუსტაფა იატაბარემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, პარიზელთა კიპერმა სალვატორე სირიგუმ მოიგერია.

ამრიგად, “პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის სუპერთასი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო (1995, 1998, 2013, 2014).