“მარსელის” მცველმა სომხეთი აირჩია

“მარსელის” ახალგაზრდული გუნდის მცველმა გაელ ანდონიანმა სომხეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს ის მოქალაქეობას მიიღებს და ერევანში გაემგზავრება, სადაც სომხეთის ნაკრებს შეუერთდება. 20 წლის ანდონიანს მიმდინარე სეზონში “მარსელის” პირველ გუნდში დებიუტი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ლანსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) ჰქონდა.

ანდონიანს საფრანგეთის 16 წლამდე გუნდში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ნაკრებს I ჯგუფში მხოლოდ 1 ქულა აქვს და უკანასკნელი პოზიცია უკავია. 29 მარტს სომხები ალბანელებს ეწვევიან.

 

საინტერესო დიალოგი გარი ნევილსა და კარაგერს შორის

„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი ტელეკომპანია „სქაი სპორტსის“ საფეხბურთო ექსპერტები არიან და ხშირად სტუდიაში ერთადაც სხედან. მათ შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა ხანდახან ერთმანეთს კბილსაც გაჰკრავენ ხოლმე. ორიოდე დღის წინათ პირდაპირ ეთერში მათ შორის საინტერესო დიალოგი შედგა.

გარი ნევილი: „ჩემთვის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ბრენდან როჯერსია“.

ჯეიმი კარაგერი: „გარი, მომისმინე. შენ რაც არ უნდა თქვა, „ლივერპულის“ ქომაგები მაინც არასდროს შეგიყვარებენ, ამიტომ ნუ ეცდები“.

გარი ნევილი: „სამაგიეროდ, შენ „ევერტონის“ ფანი ხარ“.

ცნობილი ფაქტია, რომ კარაგერი ბავშვობაში სწორედ „ევერტონს“ ქომაგობდა.

ბექა დოგრაშვილი