“ლესტერმა” კლუბის მფლობელის ტრაგიკულად დაღუპვა დაადასტურა

“ლესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ შაბათს მომხდარ ავიაკატასტროფას კლუბის მფლობელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა ემსხვერპლა.

“ღრმა მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა მათ შორისაა, ვინც შაბათს, “კინგ პაუერ სთეიდიუმის” მახლობლად ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. მის გარდა ბორტზე კიდევ ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. სიკვდილს ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა. ვიშაის სახით დავკარგეთ ძალიან კარგი, კეთილი, გულუხვი ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე საყვარელ ოჯახს მიუძღვნა. “ლესტერი” იყო მისი ოჯახი”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ შრივადანაპრაბჰას პერსონალის ორი წევრი – ნუსარ სუკნამაი და კავეპრონ პუნპარი, პილოტი ერიკ სვაფერი და მგზავრი იზაბელა როზა ლეჩოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურში “ლესტერსა” და “ვესტ ჰემ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ “მელიების” მფლობელის საკუთრებაში არსებული ვერტმფრენი სტადიონის მახლობლად ჩამოვარდა.

შექსპირის წარმატების საიდუმლო — რა შეცვალა ინგლისელმა მწვრთნელმა “ლესტერში”?

“სანის” ექსპერტმა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა დენი ჰიგინბოტამმა კრეიგ შექსპირის მიერ დამოძღვრილი “ლესტერ სიტის” წარმატებული ასპარეზობის მიზეზს მიაკვლია.

შექსპირმა გუნდის დაცვითი ხაზი შედარებით უკან დახია, რაც, ექსპერტის აზრით, დადებითი შედეგების წინაპირობა გახდა. ასეთი განლაგების პირობებში დენი დრინქუოთერი და ჯეიმი ვარდი თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, კონტრშეტევებიც უფრო სახიფათო და ეფექტიანი გახდა.

კლაუდიო რანიერის თავკაცობის ბოლო პერიოდში “ლესტერის” ცენტრალური მცველები საკუთარ საჯარიმო მოედანს გაცილებით გრძელ დისტანციაზე შორდებოდნენ, რაც მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევების წარმატებით დასრულების ალბათობას უზრდიდა. მაგალითად, ასე მოხდა 24-ე ტურში, როდესაც “ლესტერის” მცველები მოედნის ცენტრთან იყვნენ განლაგებულნი, რითაც ისარგებლა ჰენრიხ მხითარიანმა, სპრინტერული გარბენით იოლად გაარღვია დაცვის ხაზი და გოლიც გაიტანა.

შექსპირის თავკაცობის პირობებში დაცვის ხაზი უკან არის დახეული და გუნდი არც სათამაშო უპირატესობას ფლობს, მაგრამ სწორედ ასეთი ტაქტიკით აღწევს “ლესტერი” წარმატებას. გუნდმა ინგლისელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ “სანდერლენდთან” გამართულ შეხვედრაში მოახერხა ბურთზე უკეთესი კონტროლის დაწესება (54%). მიუხედავად ამისა, “ლესტერმა” ხუთივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა, გაიტანა 13 და მიიღო მხოლოდ ოთხი ბურთი. გუნდი დაუბრუნდა თამაშს, რომელიც დიდ მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შედეგმა არ დააყოვნა. “მელიებმა” სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწორეს და ფეხბურთელებიც თავს გაცილებით კარგად გრძნობენ.

რატომ ვერ ხედავდა რანიერი ამ დეტალს? შესაძლოა, გაჩემპიონებით გამოწვეულმა სიამაყემ მას უფრო თამამად თამაშისკენ უბიძგა, რამაც მოქმედი ჩემპიონი კინაღამ გასავარდნი ზონის ბინადრად აქცია.

“ლესტერი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლესტერ სიტისა” და “სევილიას” შორის გამართული საპასუხო მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის 27-ე წუთზე უეს მორგანმა გახსნა. 54-ე წუთზე მარკ ოლბრაიტონმა “მელიების” უპირატესობა გაზარდა. მატჩის 74-ე წუთზე სამირ ნასრი ჯეიმი ვარდის წაეკამათა და თავი თავში დაარტყა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ ანდალუსიელებს გოლის გატანის მშვენიერი შანსი მაინც მიეცათ. მე-80 წუთზე “ლესტერის” კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, თუმცა სტივენ ნზონზის დარტყმული კასპერ შმეიხელმა მოიგერია.

ორი მატჩის ჯამში “ლესტერმა” “სევილია” 3:2 დაამარცხა და კლუბის არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“ლესტერ სიტი” — “სევილია” 2:0 (1:0)
გოლები: მორგანი 27′, ოლბრაიტონი 54′.
გამოუყენებელი პენალტი: ნზონზი 80′ (მეკარე).
გაძევება: ნასრი 74′.

რანიერის გათავისუფლების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში “ლესტერმა” “ლივერპული” დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “ლესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლების შემდეგ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში “მელიებმა” მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. მასპინძელთაგან ჯეიმი ვარდიმ დუბლი შეასრულა. სხვათა შორის ინგლისელმა ფორვარდმა წელს პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა. ერთი ბურთი დენი დრინქოუთერის ანგარიშზეა. სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ფილიპე კოუტინიომ გაიტანა.

სატურნირო ცხრილში “ლივერპულს” 49 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია. “ლესტერმა” 24 ქულას მოუყარა თავი და მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.

ინგლისის პრემიერლიგა
26-ე ტური
“ლესტერ სიტი” — “ლივერპული” 3:1 (2:0)
გოლები: ვარდი 28′, 60′, დრინქოუთერი 39′ — კოუტინიო 68′.

“სევილიას” ერთბურთიანი უპირატესობა “ლესტერთან” (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “სევილიასა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართული პირველი მატჩი ანდალუსიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მასპინძელთაგან გოლები პაბლო სარაბიამ (25-ე წუთი) და ხოაკინ კორეამ (62-ე წუთი) გაიტანეს, სტუმართაგან კი ერთი ბურთი ჯეიმი ვარდიმ (73-ე წუთი) გაქვითა. აღსანიშნავია, რომ კორეამ პენალტი ვერ გამოიყენა (მე-14 წუთი).

წყვილის განმეორებითი მატჩი ლესტერში, 14 მარტს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (I მატჩი)
“სევილია” — “ლესტერ სიტი” 2:1 (1:0)
გოლები: პაბლო სარაბია 25′, კორეა 62′ — ვარდი 73′.

“ლესტერმა” ესპანელი თავდამსხმელი დაიმატა

“რაიო ვალეკანოს” 18 წლის თავდამსხმელი რაულ უჩე რუბიო პირველ ივლისს “ლესტერ სიტის” შეუერთდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა “მელიებთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

რუბიო პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და “ლესტერში” გეგმავენ, რომ იგი ძირითად გუნდს თანდათანობით მიაჩვიონ.

რუბიო “ლესტერისთვის” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მეორე ესპანელი შენაძენია. მანამდე ინგლისურმა კლუბმა მცველი ლუის ერნანდესი დაიმატა.

“ლესტერის” მფლობელმა კაზინოში 2,5 მლნ ფუნტი მოიგო

“ლესტერ სიტის” მფლობელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა ინგლისის პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად ოთხშაბათს ერთ-ერთ კაზინოს ეწვია.

58 წლის ტაილანდელმა მილიარდელმა გასართობ დაწესებულებაში რამდენიმე საათი დაჰყო და 2,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი მოიგო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შრივადანაპრაბჰა “ლესტერის” თითოეული ფეხბურთელისთვის “მერსედესის” მარკის ავტომობილის ჩუქებას აპირებს. იგი კლუბის ფანებს საშინაო მატჩებზე ლუდითაც ხშირად უმასპინძლდება.

“ლესტერმა” ჩემპიონობა შესაძლოა, “ოლდ ტრაფორდზე” გაიფორმოს

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამ საყაიმო შედეგის შემდეგ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “ლესტერ სიტის” ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად დარჩენილი სამიდან მხოლოდ ერთ მატჩში გამარჯვება სჭირდება. გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე “მელიები” მდევარ “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებენ.

პრემიერლიგის 36-ე ტურში “ლესტერი” “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინაარმდეგ ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში, ინგლისის ჩემპიონის სტატუსს გაინაღდებს. შეხვედრა პირველ მაისს შედგება და თბილისის დროით 17 საათსა და 5 წუთზე დაიწყება.

 

“ლესტერმა” კლუბის რამდენიმე ქომაგს მატჩებზე დასწრება აუკრძალა

“ლესტერ სიტიმ” კლუბის რამდენიმე ქომაგს რამდენიმე წლის ვადით გუნდის მატჩებზე დასწრება აუკრძალა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გულშემატკივრებმა 7 მაისს, “ევერტონის” წინააღმდეგ გასამართ სეზონის დასკვნით საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გადაყიდვა მოინდომეს.

ორი ბილეთის შეძენა ინტერნეტში 15 ათას ფუნტად იყო შესაძლებელი.

ცნობისთვის, “ლესტერის” საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი სრულწლოვნებისთვის 30-50 ფუნტს, არასრულწლოვნებისთვის კი 5-15 ფუნტს შეადგენს. სეზონის ბოლო სამ მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულად რეალიზებულია.

“ლესტერს” პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის მომდევნო ხუთ ტურში სამი გამარჯვება ჰყოფნის.

 

რანიერიმ “კრისტალ პალასის” დამარცხების შემდეგ გუნდი პიცერიაში წაიყვანა (ფოტოები)

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურში “ლესტერ სიტისა” და “კრისტალ პალასს” შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ მასპინძელთა გუნდის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გუნდი პიცერიაში წაიყვანა.

პიცერიაში ვიზიტის დროს ფეხბურთელებს პიცის მომზადების გაკვეთილი ჩაუტარდათ.

 

კამბიასო ინგლისის პრემიერლიგას უახლოვდება

ესტებან კამბიასომ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ 34 წლის არგენტინელი ნახევარმცველი “ლესტერ სიტის” უახლოვდება. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, შემდგომ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

შეგახსენებთ, რომ ესტებან კამბიასოს მილანის “ინტერთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

“ლესტერმა” გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფი მოიგო და წელს პრემიელრიგაში ითამაშებს.