თორნიკე ოქრიაშვილი ისევ დაშავდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კრასნოდარის” ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, ისევ დაშავდა. რუსეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ტულის “არსენალის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:1) 79-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თუმცა ამ დროისთვის კრასნოდარელებს სამივე ცვლილება ჰქონდათ განხორციელებული. მატჩის 56-ე წუთიდან “კრასნოდარი” რიცხობრივ უმცირესობაში იყო, ვინაიდან შარლ კაბორემ მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა. შესაბამისად, ოქრიაშვილის გუნდმა თამაში ცხრა ფეხბურთელით ჩაამთავრა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ცხრა წუთის გასული იყო, როდესაც ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ოქრიაშვილი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა 13 მარტს ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც დაახლოებით ნახევარი წლით მოუწია უქმობა.

ოქრიაშვილმა დღევანდელი მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივმა” მოსკოვში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ოქრიაშვილი მოედანზე შეხვედრის 73-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშში აქტიურად ჩაერთო. ქართველ ფეხბურთელს ორჯერ დაჭირდა სამედიცინო შტაბის წევრების დახმარება: პირველ ეპიზოდში ოქრიაშვილს ბურთის მოგერიების დროს ფეხში მოარტყეს. ჩვენებურმა სამედიცინო დახმარების შემდეგ თამაშის გაგრძელება შეძლო, მაგრამ 89-ე წუთზე უკვე მუხლი დაიშავა და მინდვრის დატოვება მოუხდა. ამ დროისთვის “კრასნოდარს” სამივე ცვლილება ჰქონდა გამოყენებული. ოქრიაშვილს მოედანზე დაბრუნება სურდა, მაგრამ სამედიცინო შტაბის წევრებმა მას ამის უფლება არ მისცეს.

“ოქრიაშვილმა გასახდელში თქვა, რომ მთელმა საქართველომ მისწერა”

“კრასნოდარის” კიპერმა ანდრეი სინიცინმა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში თორნიკე ოქრიაშვილის მიერ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” კარში გატანილ ულამაზეს გოლზე კომენტარი გააკეთა.

“როდესაც ოქრიაშვილმა დაარტყა, ჩემს გონებაში დრო გაჩერდა და ვფიქრობდი: “უბრალოდ მოარტყი კარში” ასეც მოხდა! გასახდელში ოქრიაშვილმა თქვა, რომ მთელმა საქართველომ მისწერა. ჩვენც მივულოცეთ, ვისაც როგორ შეგვეძლო”, – აღნიშნა სინიცინმა.

ოქრიაშვილმა “ბაშაკშეჰირს” გაუტანა (ვიდეო)

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში “ესკიშეჰირსფორსა” და სტამბულის “ბაშაკშეჰირს” შორის გამართულ მატჩში (1:2) თორნიკე ოქრიაშვილმა თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. ჩვენებურმა შეხვედრის 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სტუმრებმა მატჩის კომპენსირებულ დროში მეორე ბურთი მაინც გაიტანეს და შინ სამი ქულა წაიღეს. ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა და 30-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ქართველი ნახევარმცველისთვის ეს თურქეთის სუპერლიგაში გატანილი მეორე გოლი გახლავთ.

“ესკიშეჰირსფორს” სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

“ესკიშეჰირსფორმა” თორნიკე ოქრიაშვილი წარადგინა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თურქულ “ესკიშეჰირსფორში” გააგრძელებს.

დღეს თურქულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.

ოქრიაშვილი “ესკიშეჰირსფორში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. თურქულ კლუბს 22 წლის ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვაც შეეძლება, რისთვისაც 2.5 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

ცნობისათვის, “ესკიშეჰირსფორი” თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულით უკანასკნელ ადგილზე იმყოფება.

 

ოქრიაშვილის ლამაზი გოლი

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ეროვნული გუნდი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელს საკმაოდ ლამაზი გოლი გამოუვიდა, რის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვე გთავაზობთ.