“სუონსიმ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“სუონსი სიტიმ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გარი მონკი გაათავისუფლა.

უელსური კლუბის პრესსამსახური ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: “გუნდის გარშემო არსებულ გაურკვევლობასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც “სუონსისა” და კლუბის ფანების ინტერესებშია”.

გარი მონკი “სუონსი” სიტის” 2014 წლის თებერვლიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 77 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 28 გამარჯვებით, 17 ფრედ, 32 კი მარცხით დაასრულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის გარი მონკს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სუონსი” შესაძლოა, დევიდ მოიესმა ან ბრენდან როჯერსმა ჩაიბაროს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “სუონსი” სიტის” 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიცია უკავია. გუნდმა შარშანდელი სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.

 

პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესონი

ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “ჩელსის” ახალწვეული დიეგო კოსტა დასახელდა. თვის საუკეთესო მწვრთნელი “სუონსი სიტის” თავკაცი გარი მონკი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” გადასულმა დიეგო კოსტამ პრემიერლიგის საწყის სამ ტურში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება მონკს, ის უელსურ კლუბს მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით “სუონსიმ” აგვისტოს თვეში სამიდან სამი შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით, აქედან ერთი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” მოიგო (2:1).