ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა რუდ გულიტმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონასა” და “ნაპოლის” ექსშემტევი დიეგო მარადონა დაასახელა.
“ყველანი იმაზე ვფიქრობდით, როგორ შეგვეჩერებინა მარადონა. ჩემთვის იგი იყო და რჩება ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. ბევრს პელე ურჩევნია, მაგრამ მე ბრაზილიელის თამაში მხოლოდ ტელევიზიით მაქვს ნანახი, მარადონასთან კი მითამაშია.
თუ სიტყვას მესისა და რონალდუზე ჩამომიგდებთ, გეტყვით, რომ მათ დრიბლინგი შეუძლიათ. აი, მარადონას კი არ შეეძლო, იგი უბრალოდ უნდა გადახტომოდა მეტოქეს, თორემ ფეხებს მოსტეხავდნენ. მაგალითად, ბილბაოს “ატლეტიკში” მოთამაშე ანდონი გიოკოეჩეამ მას ფეხი მართლაც მოსტეხა.
მაშინ თავდამსხმელები წესებით დაცულნი არ იყვნენ. მსაჯი მხოლოდ მაშინ უსტვენდა, თუ ხალხი აღშფოთდებოდა. საბედნიეროდ, დღეს სხვა სიტუაციაა. მესი და რონალდუ არიან გუნდებში, რომლებიც მათთვის თამაშობენ. ისინი მშვენიერი დამაგვირგვინებლები არიან. მარადონა მარტო გახლდათ და იყო მეტოქეების მსხვერპლი. თუ დიეგოს ძირს დასცემდი, ეს დიდი პატივი იყო.
კიდევ ერთი რამ, რაც დიეგოში მომწონს, არის ის, რომ არცერთ მის თანაგუნდელს მასზე ცუდი არასდროს უთქვამს. ეს ნიშნავს იმას, რომ მარადონა ყოველთვის მათთვის იყო”, – გულიტის კომენტარი “ლა რეპუბლიკამ” გამოაქვეყნა.