ოთარ გაბელია ბრიტანული Evening Times-ის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს

ოთარ გაბელია ბრიტანული გამოცემა “ივნინგ თაიმსის” წინააღმდეგ ჩივილს აპირებს.

გაზეთში რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შესახებ სტატია დაიბეჭდა, რომელშიც გაბელიას ციტატაც იყო მოხმობილი, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს გაბელიას სიტყვები არ ყოფილა.

“თამაშის მოსაგებად უნდა შეუტიო, თუმცა ქეცბაიას თავკაცობით ამას ვერ ვახერხებთ. ის ჯიუტი მწვრთნელია, რომელიც კრიტიკას ვერ იღებს. მესმის, დაცვით ფეხბურთი ითამაშო ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ, მაგრამ შინ ირლანდიასთანაც? ჩემი აზრით, ქეცბაია ამ მატჩებამდე უნდა გადამდგარიყო”, – “ივნინგ თაიმსში” სწორედ ეს კომენტარი არის გაბელიას სიტყვებად გასაღებული.

“სასამართლოში უნდა ვუჩივლო ამ გაზეთს. ბრიტანულ გაზეთთან კი არა, ჟურნალისტთანაც კი კავშირი არ მქონია “ვესტ ჰემთან” მატჩის შემდეგ. რატომ მოიგონეს ასეთი რამ?! რატომ ვიტყოდი ნაკრებზე და თემურ ქეცბაიაზე იმას, რის საპირისპიროც რამდენმე დღის წინათ ქართველ ჟურნალისტებს ვუთხარი?! ქეცბაიას წასვლაზე კი არა, ვთქვი, რომ ეს შესარჩევი ციკლი მან უნდა ჩაამთავროს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ვთქვი ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალი კლასის ფეხბურთელები არ ჰყავს და ასეთ პირობებში ძნელია, მწვრთნელს მაღალი შედეგი რომ მოსთხოვო. ფეხბურთელების საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრებს დღეს ჰყავს კარგი მოთამაშეები, მაგრამ ვერც ერთი დააკმაყოფილებს, მაგალითად ესპანეთისა და საფრანგეთის დონეს. ან კიდევ, რატომ უნდა წავიდეს მწვრთნელი შუა გზიდან?! კარგი იქნება, თუ ქეცბაია ნაკრებში შესარჩევი ეტაპის ბოლომდე დარჩება. ისეთი სიტყვები, რაც იმ სტატიაშია მოყვანილი, ჟურნალისტისთვის კი არა, შინაურ წრეშიც არსად მითქვამს და ვინც მიცნობს, კარგად იცის, რისი მთქმელი ვარ და რისი – არა”, – ციტირებს ოთარ გაბელიას სიტყვებს “ჩვენი თამაში”.