დარჩა 3 დღე – გრეგ ფიქი შერკინებას გვიქებს

ბორჯღალოსნები დუბლიმში ირლანდიასთან გასამართი ნოემბრის ტესტისათვის მზადებას აგრძელებენ. შეხვედრა, რომელსაც ქართული რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა კვირას, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შეხვედრამდე სამი დღით ადრე კი, „სამყურების“ შერკინების მწვრთნელი, გრეგ ფიქი სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებული მატჩისა და ბორჯღალოსნებთან მომავალი რკენის შესახებ საუბრობს.

“მთელი ყურადღება საქართველოს წინააღმდეგ გასამართი თამაშის მიმართ გვაქვს მიბყრობილი, მაგრამ სამხრეთ აფრიკის დამარცხებით გამოწვეული ტკბილ-მწარე გრძნობა ჯერ არ დაგვიწყებია. მორკინალთა უმეტესობა ასე გრძნობს თავს. თამაშის მოგებით უნდა გაიხარო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო რის ხარჯზე მიაღწიე ამას.“ განაცხადა გრეგ ფიქმა სამხრეთ აფრიკასთან ირლანდიის ნაკრების შერკინების თამაშის შეფასებისას.

“კარგად მოვემზადედ მომავალი თამაშისათვის. დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ უაზრო ჯარიმები არ ავიღოთ შერკინებაში – ბურთის შეგდებამდე, რომ არ მივაწვეთ. სამხრეთ აფრიკასთან, როგორც სჩანს ცოტა ყურადღება მოვადუნეთ. შერკინებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება გვინდა და ამისათვის ვერც კი ინატრებდი უკეთეს ოპონენტს, ვიდრე საქართველოა. ისინი ლამისაა ორი წლის ასაკიდან დგანან შერკინებაში. მათ ეს უყვართ და ძალიან კარგად გამოსდით.”

“საქართველოს ზოგიერთ თამაშს, რომ გადახედოთ – ქართველები საზრიანად თამაშობენ. მათი დაცვა საკმაოდ კარგად ამოდის და კეტავს ხაზს, შესაბამისად ამ გუნდთან ბურთის იქით-აქეთ გადაცემით იმაზე ფიქრით, რომ ლელოებს დაუდებ, ფონს ვერ გახვალ. კარგად უნდა იყო ორგანიზებული. მზად უნდა იყო მიწაზე რთული თამაშისათვის და ყოველთვის ფიქრობდე ბურთის შენარჩუნებაზე – ეს ის უმთავრესი რამ არის რის გაკეთებასაც ვეცდებით საქართველოსთან. შესაძლოა საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული შედეგები არ ჰქონდეს, მაგრამ ბევრი გუნდისთვის სერიოზული პრობლემები შეუქმნია.

Rugby.GE

ბორჯღალოსნები დუბლინში ჩავიდნენ

ნოემბრის ტესტ-სერია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ბორჯღალოსნები თავიანთ მეორე ტესტს გასვლაზე – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ‘ავივა სთედიუმზე’ გამართავენ. მატჩი, რომელსაც ქართველი რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნები აღდგენას გადიან. მწვრთნელები დღევანდელ დღეს ანალიზისთვის გამოიყენებენ, ხოლო ხვალიდან ჩვენი გუნდი მინდორზე ვარჯიშს შეუდგება.

სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სამწუხაროდ, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტულუზამ ბორდოს სძლია, კაკოვინს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ნაკრების დახმარებას.

სამწუხაროდ, ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და იგი თილისში დაბრუნდა – ქართული სარაგბო თემის სახელით, საქართველოს რაგბის კავშირი სამძიმარს უცხადებს ბექას და მის ოჯახს.

კარგ ფორმაშია და მატჩისთვის აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებული მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა.

დუბლინის შემდეგ

16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

Rugby.GE